Facebook Twitter

3გ-ად-21-კს-02 4 დეკემბერი 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ყ.-ის წარმომადგენლებმა ე. შ.-მ და დ. ჯ.-მ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვეს 32954 ლარის ქუთაისის მერიისათვის დაკისრება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და ქუთაისის მერიას მ. ყ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8002 ლარის გადახდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ყ.-მ და მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილდება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი; ქუთაისის მერიას მ. ყ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7807 ლარის და 240 ლარი სახელმწიფო ბაჟის (სულ 8047) გადახდა; მ. ყ.-ის სარჩელის სხვა მოთხოვნებს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, რაც საკასაციო წესით კვლავ გაასაჩივრეს მ. ყ.-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც 2002წ. 27 თებერვალს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მათთვის ცნობილი გახდა რიგი გარემოებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი, მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. კერძოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა მათი სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ აპელანტს (მოსარჩელეს) ქუთაისის მერიაში არ წარუდგენია მეწარმის რეგისტრაციის მოწმობა, არ გადაუხდია აუქციონით გათვალისწინებული მთლიანი გამოსასყიდი თანხა, რაც, სასამართლოს აზრით, იმის დასტურია, რომ მოსარჩელეზე მიყენებული ზიანი დადგა თვით დაზარალებულის – მ. ყ.-ის უმეტესი ბრალით. ამ ეტაპზე მოსარჩელეთათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილი გარემოების შესახებ, რომ არსებობს სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის სახით შეჩერდა მერიის სადავო 2001წ. 25 მაისის ¹4 ბრძანების მოქმედება. 2001წ. 10 ივლისის განჩინება მ. ყ.-ს და დანარჩენ გამარჯვებულებს უკრძალავდა ხელშეკრულების გაფორმებას ქუთაისის მერიასთან. ამდენად, 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებაში სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძველი გაუმართლებელია, ვინაიდან მ. ყ.-ს რომც წარმოედგინა ყველა დოკუმენტი და დაეფარა თანხები, 2001წ. 10 ივლისის განჩინების თანახმად, ქუთაისის მერია ვერ გაუფორმებდა მას ხელშეკრულებას, რაც ნათლად მიუთითებს ყ.-ის არაბრალეულობაზე მიყენებული ზიანის დადგომაში. განცხადებით მ. ყ.-ის წარმომადგენლები ითხოვდნენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდებოდა მათი სასარჩელო მოთხოვნა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით მ. ყ.-ის წარმომადგენლების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საკასაციო წესით, ანუ არ არის შესული კანონიერ ძალაში. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების მიღება სსკ-ს 423-ე მუხლის მიხედვით დაუშვებელია და 275-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, უნდა დარჩეს განუხილველი.

2002წ. 7 მარტს წარმომადგენლებმა ე. შ.-მ და დ. ჯ.-მ კერძო საჩივრით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს, მოითხოვეს 2002წ. 28 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

1. ქუთაისის სოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას, კერძო საჩივრის ავტორთათვის ცნობილი გახდა რომ ამავდროულად, მათ შეუტყობინებლად, ისინი მესამე პირად ჩართული იყვნენე შპს “ი.-ის” სასარჩელო განცხადების საფუძველზე წამოჭრილ დავაში და მხოლოდ 2002წ. 18 თებერვალს შეიტყვეს 2001წ. 10 ივლისის განჩინების არსებობის შესახებ. მართალია, სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 423-ე მუხლით და დატოვა მათი განცხადება განუხილველად, მაგრამ ამავდროულად არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 426-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა ყოფილიყო ერთი თვის განმავლობაში და ეს ვადა გაგრძელებას არ ექვემდებარებოდა;

2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის განჩინებაში 1 თვიანი ვადის დენაზე არ უმსჯელია, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განცხადების შეტანა ასევე დაუშვებელი იქნება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში კანონით დადგენილი ვადა გაშვებულად ჩაითვლება;

3. კერძო საჩივრის ავტორი საკასაციო სასამართლოს მიუთითებს, რომ გაერთიანდეს კერძო და საკასაციო საჩივრები, გაუქმდეს საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის განჩინება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათA გამო საქმის განახლების შესახებ განცხადებით გათვალისწინებით დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნები.

ქუთაისი საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 მარტის განჩინებით, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და სსკ-ს 417-ე მუხლის თანახმად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ყ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 თებერვლისა და 11 მარტის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ყ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ქუთაისის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა 8047 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში (სულ ითხოვდა 32954 ლარის ანაზღაურებას) მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქუთაისის მერიის მიერ. Qქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე 2002წ. 27 თებერვალს განცხადება შეიტანეს მ. ყ.-ის წარმომადგენლებმა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რაც დაუშვებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 თებერვლის განჩინებით.

საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებას დაუშვებლობის მოტივით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მ. ყ.-ის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, თანახმად სსკ-ს 429-ე მუხლისა, რადგან ამავე კოდექსის 421-ე და 423-ე მუხლების პირველი ნაწილის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე განცხადება დასაშვებია მხოლოდ საქმის წარმოების დამთავრებისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია, რადგან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებით მიმართვის მომენტისათვის, 2002წ. 27 თებერვლისათვის, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იყო ქუთაისის მერიის მიერ, საკასაციო საჩივარი 2002წ. 18 თებერვალს იქნა შეტანილი და, შესაბამისად, გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული.

საკასაციო პალატა ამასთან იმ გარემოებასაც ითვალისწინებს, რომ მ. ყ.-ის განცხადებაში მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოებები ასევე წარმოადგენენ მ. ყ.-ის საკასაციო საჩივრის საფუძველსაც, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, სსკ-ს 421-ე, 423-ე და 429-ე მუხლების თანახმად, მ. ყ.-ის კერძო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. ყ.-ის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ყ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 თებერვლისა და 11 მარტის განჩინებები;

3. უზენაეს სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.