Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1075-1033-2016 3 თებერვალი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-ი, დ. ქ-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით (შემდეგში: რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) და დ. (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) ქ-ების (შემდეგში: ერთობლივად მოხსენიებული როგორც მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი ი. ხ-ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და შპს „ჰ-ი+“-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი) წინააღმდეგ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 26 028 ლარის გადახდა; ამავე გადაწყვეტილებით, მეორე მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 780.84 ლარის გადახდა; მოსარჩელეების სარჩელი ზიანის - 10 000 ლარის პირველი და მეორე აპელანტისათვის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 364-ე მუხლით, 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინანადადებითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველ აპელანტს არ დაკისრებია რაიმე ვალდებულება ერთ-ერთი მხარის მიმართ, ანუ გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა მისი მოვალეობები რომელიმე მხარის მიმართ, მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, დაუშვებლობის გამო (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა სსსკ-ის 364-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავდა სააპელაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, სააპელაციო წესით შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილებები. მისი მითითებით, ამავე ნორმით განსაზღვრულია სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტები, ანუ ის პირები, რომელთაც უფლება აქვთ, გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, კერძოდ, ესენი არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით; გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, ასევე, იმ პირებსაც, რომლებიც, მართალია, არ წარმოადგენდნენ საქმეში მხარეს ან მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, დაინტერესებული პირი მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი გაასაჩივროს გადაწყვეტილება, თუ იგი პირდაპირ აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას ერთ-ერთი მხარის მიმართ. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ პირს, რომელიც არაა მოხსენიებული გადაწყვეტილებაში, მაგრამ რომელსაც მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით შეილახა მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით ამ უფლების დასაცავად და არა საჩივრით ამ გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებაზე - საქმე # ას-300-285-2016.

6. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნება, შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

6.1. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, პირველ აპელანტს აღძრული აქვს სარჩელი მეორე აპელანტის წინააღმდეგ იგივე თანხის დაკისრების მოთხოვნით იმავე ზედნადებებსა და მიღება-ჩაბარების აქტებზე დაყრდნობით;

6.2. მართალია, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა, მეორე აპელანტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების გამოტანით, შეილახა მისი ინტერესი, რადგან მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მეორე აპელანტს თანხის გადახდა დაეკისრა იმავე ფაქტობრივი საფუძვლით (ანგარიშ-ფაქტურები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც გაფორმებულია პირველ აპელანტსა და მეორე აპელანტს შორის) რომლებზედაც ის აფუძნებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას ზემოხსენებულ დავაში. შესაბამისად, მოსარჩელეებს არასწორად მიეკუთვნა კერძო საჩივრის ავტორის მიერ მისაღები თანხა;

6.3. პირველი აპელანტის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მოცემულ დავაზე წარმოება შეჩერდეს პირველი აპელანტის მიერ აღძრული სარჩელის განხილვამდე ან/და მოხდეს აღნიშნული დავების გაერთიანება და მათი ერთობლივი გადაწყვეტა. აპელანტის მითითებით, მისი აღნიშნული მოთხოვნებით დაყენებული შუამდგომლობები პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რაც მას გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული ჰქონდა სააპელაციო წესით;

6.4. იმ შემთხვევაში, თუ მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, გურჯაანის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვა ყოველგვარ აზრს დაკარგავს, რადგან მეორე აპელანტი ერთი და იმავე ზედნადებებით და სხვა საბუღალტრო დოკუმენტებით ორ სხვადასხვა სუბიექტს - ერთ შემთხვევაში პირველ აპელანტსა და მეორე შემთხვევაში მოსარჩელეებს ყურძნის ღირებულებას არ გადაუხდის.

7. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, პირველი აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება არა მხოლოდ სამართლებრივად დაუსაბუთებელია, არამედ ფაქტობრივადაც არადამაჯერებელია და არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან. პირველმა აპელანტმა მინიმალური სტანდარტითაც კი ვერ დაასაბუთა საკუთარი პრეტენზიის საფუძვლიანობა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

11. სსსკ-ის 364-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აპელანტის წინააღმდეგ არის გამოტანილი. სააპელაციო საჩივრით აპელანტი მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას და ეს შედეგი მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღწევადი და მისთვის სასარგებლო უნდა იყოს.

13. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (სააპელაციო) მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირველი აპელანტისათვის სასარგებლო შედეგი დადგა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ფაქტობრივად, სააპელაციო საჩივრით, პირველი აპელანტი ასაჩივრებს სხვა პირის საწინააღმდეგოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თავისი არსით, წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია. ამდენად, აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად, ვინაიდან სააპელაციო მოთხოვნიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, პირველი აპელანტის მიმართ არ დამდგარა მისთვის არასასურველი შედეგი, შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა სააპელაციო სუბიექტს.

16.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააპელაციო საჩივარი დაშვებული იქნებოდა განსახილველად, მხარე ამ დავაში ვერ მიიღებდა იმაზე უკეთეს შედეგს, რაც მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა. ამდენად, განსახილველი კერძო საჩივრის პრეტენზია ფაქტობრივსამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ხ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე