Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1119-1075-2016 15 თებერვალი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. გ-ი(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ბ-ე, ი. მ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თ. გ-ის განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მოთხოვნა კ. ბ-სა და ი. მ-ისათვის (შემდეგში: მოპასუხეები) თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 56-ე, 524-ე მუხლები).

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 275.1-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი - სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიაციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა).

4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განსახილველად, მთავარი სხდომა დაინიშნა 2016 წლის 2 ნოემბერს, 11:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა, დანიშნულ დროს არცერთი მათგანი არ გამოცხადებულა სხდომაზე. მხარეებს სასამართლოსათვის არ უცნობებიათ მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ.

5. აპელანტმა 2016 წლის 17 ნოემბერს განცხადება წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და, დამატებითი განჩინების გამოტანით, მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება, რაზედაც, მისი მტკიცებით, არ უმსჯელია სასამართლოს 02.11.2016 წ. განჩინებაში (იხ. აპელანტის განცხადება- ტ.2, ს.ფ. 60)

6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით აპელანტის ზემოხსენებული განცხადება განუხილველად დარჩა მისი დაუშვებლობის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ, 21.11.2016 წ. განჩინებაში, ყურადღება გაამახვილა სსსკ-ის 275.1-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესზე (იხ. მე-3 პუნქტი) და ამავე კოდექსის 49-ე მუხლზე, რომლითაც არ არის გათვალისწინებული აპელანტისათვის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანად ან ნაწილობრივ) დაბრუნება.

8. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, მიუთითა სსსკ-ის 261.1 -ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე ნორმით, აღნიშნული საკითხის დასმა შესაძლებელია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში.

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი არ ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინების გამოცხადებას, მისთვის კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ამ განჩინების ჩაბარებიდან (4 ნოემბრიდან). აპელანტმა დამატებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2016 წლის 17 ნოემბერს, რაც ადასტურებს იმას, რომ მან არ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით - სსსკ-ის 261.2 მუხლით მინიჭებული უფლება და, დადგენილ საპროცესო ვადაში, არ დააყენა დამატებითი განჩინების გამოტანის საკითხი.

10. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, აპელანტმა გაუშვა სსსკ-ის 261.2 მუხლით დადგენილი ვადა, რის შედეგადაც გაქარწყლდა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა, რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვებას დაედო საფუძვლად (სსსკ-ის 63-ე მუხლი).

11. სააპელაციო სასამართლოს 21.11.2016წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა (იხ. ტ.2, ს.ფ. 66-68), მოითხოვა მისი გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

11.1. სააპელაციო სასამართლო თვითონ იყო ვალდებული, ემსჯელა სასამართლო ხარჯების თაობაზე განჩინების გამოტანისას. მოქალაქეს რომც არ მიემართა ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით, სსსკ-ის 187.2 მუხლის დანაწესით უნდა ეხელმძღვანელა სასამართლოს, რაზედაც არ უმსჯელია და მარტოოდენ სსსკ-ის 261-ე მუხლით შემოიფარგლა;

11.2. კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი სხდომა არც გახსნილა, მასზე არცერთ მხარე არ გამოცხადებულა, ამასთან, თავად კერძო საჩივრის ავტორი, გულის მძიმე დაავადების გამო, ბორჯომიდან თბილისში ჩამოიყვანეს. სასამართლო სხდომაზე აპელანტი რომც გამოცხადებულიყო, იგი მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, რამდენადაც მკურნალობისათვის სჭირდებოდა ის თანხა, რაც სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა.

12. საკასაციო სასმაართლოს 2017 წლის 5 იანვრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

15. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები (იხ. 11.1.-11.2 ქვეპუნქტები) ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

16. კერძო საჩივრის ავტორი თვითონვე უთითებს სსსკ-ის 187-ე მუხლის დანაწესზე, თუმცა, მცდარია მისი მსჯელობა, რომ ვინაიდან არცერთი მხარე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაბრუნებოდა მას.

17. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება“.

18. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განხილვა მთავარ სხდომაზე დაინიშნა იმავე წლის 2 სექტემბერს 11:00 საათზე, რის თაობაზეც მახრეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. ტ.2, განჩინება - ს.ფ. 42-43, მხარეთა შეტყობინების დამადასტურებელი აქტები - ს.ფ. 44-45).

19. სსსკ-ის 372-ე მუხლი ეხება საქმის წარმოების ზოგადი დებულებებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის დამახასიათებელი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, ხოლო 373-ე მუხლით განსაზღვრულია საქმის მომზადების წესები სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად. სსსკ-ის 207-ე მუხლი ადგენს, განჩინების პროცესუალურ-სამართლებრივი ფორმით, საქმის მთავარ სხდომაზე არსებითად განხილვის წესს.

20. საკასაციო სასამართლო მე-19 პუნქტში მითითებული საპროცესო ნორმებისა და სსსკ-ის 187.2 მუხლის მეორე წინადადების საფუძველზე (იხ. ნორმის დეფინიცია მე-17 პუნქტში), დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რადგან სააპელაციო სასამართლომ არა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა მთავარ სხდომაზე, რაც კანონით დადგენილი წესითვე ეცნობათ მხარეებს, არამედ გახსნა მთავარი სხდომა, რომელზეც იმსჯელა სსსკ-ის 275.1-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ წინაპირობაზე, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას (იხ. სხდომის ოქმი- ტ.2, ს.ფ. 46-50, მათ შორის, კომპაქტ -დისკი).

21. სსსკ-ის 187.2 მუხლის მეორე წინადადების იმპერატიული დანაწესით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების გამო მოსარჩელეს (აპელანტს) არ დაუბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

22. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის არგუმენტები არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან, რაც მისი უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე