საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1129-1085-2016 9 თებერვალი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ლ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. გ-ამ (შემდეგში: მოსარჩელე) 2017 წლის 7 ივნისს სარჩელი აღძრა ლ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან საჩივრის ავტორი) და მოითხოვა ამ უკანასკნელთან, როგორც გამსესხებელთან, გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა აღსასრულებელი ვალდებულების ნაწილში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 624-ე, 286-ე, 289-ე მუხლები, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი).
2. მოსარჩელემ, ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეჩერება იმ დასაბუთებით, რომ შესაძლებელია გაძნელდეს ან საერთოდ ვერ აღსრულდეს სასამართლოს მიერ სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 191-ე, 198-ე მუხლები).
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. გ-ას მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ (იხ. განჩინება- ს.ფ. 55-57).
4. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2016 წლის 14 ივნისს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ზემოხსენებული 7 ივნისის განჩინების გაუქმება.
5. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (სსსკ-ის 197 1 მუხლის მე-2 ნაწილი; იხ. განჩინება- ს.ფ.75-78).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფაზე. ამავე განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს თ. ქ-ის მიერ 2016 წლოს 22 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (# 160419648) საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება საქმეზე # A 16040128. სასამართლომ განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სააღსრულებო ფურცელი - ს.ფ. 81-86).
7. სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული განჩინების მოტივაციისას აღნიშნა, რომ მოპასუხის მოთხოვნა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ ლეგიტიმური იყო და შეესაბამებოდა სსსკ-ის 198.3-ე მუხლის დანაწესს, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებაც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების გარეშე იმ სანოტარო აქტის კანონიერებაზე მსჯელობას, რომლის აღსასრულებლადაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, აზრი ეკარგებოდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სწორედ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებს ემსახურებოდა.
8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა მოპასუხის საჩივარი და საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმების მოთხოვნის შესახებ, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად (საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულია ამ მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს), სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს.
12. სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს - მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციის გათვალისწინებით (იხ. სუსგ # ას- 859-825-206წ. 28.11.2016წ.).
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის უარყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით (იხ. ამ განჩინების 3-7 პუნქტები). ამდენად, მოსარჩელემ გამოიყენა სსსკ-ის 197-ე მუხლით დადგენილი პროცესუალური შესაძლებლობა და საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფაზე, შეიტანა საჩივარი, რომელიც არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ იმავე წლის 14 ივნისის განჩინებით და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა იგი სააპელაციო სასამართლოს (სსსკ-ის 197 1 მუხლის მე-2 ნაწილი).
14. სსსკ-ის 1971 მუხლით დადგენილია სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა და საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში, კერძოდ: „1. სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. 2. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. 3. საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს. 4. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით“.
15. განსახილველ შემთხვევაში ზემდგომმა - სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის საჩივარი განიხილა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით და დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი (იხ. მე-6-7 პუნქტები). სსსკ-ის 419-ე მუხლით დადგენილი წესის გამოყენება კი მოცემულ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის, განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება და, ამდენად, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ამავე სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით დასრულდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივრის განხილვა, რადგან სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და განიხილა მოსარჩელის საჩივარი. აქედან გამომდინარე, მოპასუხის 2016 წლის 17 ოქტომბრის საჩივარი ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო, რადგან სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით (რომელიც თავის მხრივ სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით დადგენილ წესზე მიუთითებს), სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაზე საჩივარი აღარ დაიშვებოდა.
16. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით, მოპასუხის საჩივარი საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე განუხილველად უნდა დარჩეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე