Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1177-1132-2016 15 თებერვალი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ. ჯ-ე, ი. ს-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი მოპასუხეების მ. ჯ-ისა და ი. ს-ის მიმართ, ქონების გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. კ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მ. ჯ-ემ და ი. ს-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მ. ჯ-ესა და ი. ს-ეს კერძო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ:

ა) 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;

ბ)კერძო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები) და განმარტება იმის თაობაზე, მოითხოვდნენ თუ არა კასატორები გადაწყვეტილების გაუქმებას თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი);

გ)კერძო საჩივარი ხელმოწერილი მ. ჯ-ისა და ი. სის მიერ ან კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, რომლითაც მ. ჯ-ე და ი. ს-ე გ. ძ-ს მიანიჭებდნენ უფლებამოსილებას მათი სახელით გაესაჩივრებინა სააპელაციო სასამართლოს განჩინება

საკასაციო სასამართლოს განჩინება მ. ჯ-ესა და ი. ს-ეს პირადად ჩაბარდათ 2017 წლის 13 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ისა და ი. ს-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ:

ა)50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;

ბ)კერძო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების საფუძვლები (კასაციის მიზეზები) და განმარტება იმის თაობაზე, მოითხოვდნენ თუ არა კასატორები გადაწყვეტილების გაუქმებას თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი);

გ)კერძო საჩივარი ხელმოწერილი მ. ჯ-ისა და ი. ს-ის მიერ ან კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, რომლითაც მ. ჯ-ე და ი. ს-ე გ. ძ-ს მიანიჭებდნენ უფლებამოსილებას მათი სახელით გაესაჩივრებინა სააპელაციო სასამართლოს განჩინება

საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 13 იანვარს სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირადად ჩაბარდათ კერძო საჩივრის ავტორებს მ. ჯ-ესა (პ/ნ 4..) და ი. ს-ეს (პ/ნ 4..).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 14 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 23 იანვარს (ორშაბათი). საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. ჯ-ემ და ი. ს-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჯ-ისა და ი. ს-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი