Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1220-1179-2016 27 თებერვალი, 2017 წელი, ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ო-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მიუღებელი შემოსავლის 1750 აშშ დოლარის დაკისრებისა და ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირითადი თანხის 3500 აშშ დოლარის 2 %-ის, ანუ 70 აშშ დოლარის სარჩელის აღძვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი ო-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ო-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მიუღებელი შემოსავლის 1750 აშშ დოლარის დაკისრებისა და ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირითადი თანხის 3500 აშშ დოლარის 2 %-ის, ანუ 70 აშშ დოლარის სარჩელის აღძვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ო-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მიუღებელი შემოსავლის 1750 აშშ დოლარის დაკისრებისა და ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირითადი თანხის 3500 აშშ დოლარის 2 %-ის, ანუ 70 აშშ დოლარის სარჩელის აღძვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით ო-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 213.5 (ორას ცამეტი აშშ დოლარი და ორმოცდაათი ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით.

საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ კასატორის წარმომადგენელ, რ. ჯ-ეს 2017 წლის 6 თებერვალს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით.

2017 წლის 14 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით, 510 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ო-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 213.5 (ორას ცამეტი აშშ დოლარი და ორმოცდაათი ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით.

საქმეში არსებული ტელეფონით შეტყობინების შესახებ აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2017 წლის 6 თებერვალს, ეცნობა ო-ის წარმომადგენელ, რ. ჯ-ეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.

დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 7 თებერვალს და ამოიწურა 2017 წლის 13 თებერვალს (ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა შევსებულიყო 2017 წლის 13 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა განცხადება ბაჟის ქვითართან ერთად ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 14 თებერვალს (იხ. საფოსტო ბილი) ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით.

2017 წლის 14 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, რ. ჯ-ემ უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 510 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ სახელმწიფო ბაჟი, 510 ლარი, გადახდილია 2017 წლის 14 თებერვალს, მაშინ როცა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა უკვე გასული იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. ამასთან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ო-ს (პ/ნ 6..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. ჯ-ის (პ/ნ 6..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2016 წლის 12 დეკემბერი) და 510 (ხუთას ათი) ლარი (საგადასახადო დავალება N1, გადახდის თარიღი 2017 წლის 14 თებერვალი);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი