Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-21-კს-03 22 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002წ. 16 დეკემბერს შპს “შ-მა” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის, 22-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ.თბილისში მიკროავტობუსების მოძრაობის ზოგიერთ რეგულარულ საქალაქო მარშრუტის სქემაში შესატანი ცვლილებების” შესახებ აქტის მე-14 პუნქტის, შპს “კ-თან” აღნიშნული აქტის საფუძველზე დადებული გარიგებისა და მარშრუტის პასპორტის ბათილად ცნობა. სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარჩელის აღძვრამდე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედება შეჩერებული იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის განჩინებით.

2003წ. 28 იანვარს შპს “შ-მა” განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის საკრებულოსათვის დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე და შპს “კ-ის” მიერ მგზავრების გადაყვანის წარმოება 2001წ. 17 ივნისის თბილისის საკრებულოს ¹1-3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული სქემის მიხედვით. განმცხადებლის მითითებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შპს “კ.” მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს გასაჩივრებული აქტით დადგენილი მარშრუტით, რაც ზიანს აყენებს შპს “შ-ს”, ქმნის არათანაბარ პირობებს, უსაფუძვლოდ ზღუდავს კონკურენციას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 30 იანვრის განჩინებით შპს “შ-ის” განცხადება არ დაკმაყოფილდა. კოლეგიის აზრით, სსკ-ს 191-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას გარემოებებზე, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებულობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ასევე შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, რაც განმცხადებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, განმცხადებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული ღონისძიების გამოყენებით მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტია იმ შემთხვევისათვის, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს “შ-მა” და მოითხოვა განჩინების გაუქმება, ახალი განჩინების მიღებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არ იმსჯელა შპს “შ-ის” მოთხოვნაზე დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ. ამასთან, მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ მიერ წარდგენილი იქნა სარჩელთან ერთად. რაც შეეხება მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაღაურების უზრუნველყოფის გარანტიას, კერძო საჩივარის ავტორის მითითებით, განმცხადებელს ასეთი გარანტიის წარდგენის ვალდებულება არ ეკისრება და არც სასამართლოს მოუთხოვია. ამასთან, სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა სსკ-ს 199-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მოპასუხეს სარჩელის წარდგენით უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაღაურება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით შპს “შ-ის” კერძო საჩივარს უარი ეთქვა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიის განმარტებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ შეიცავს დასაბუთებას ისეთი გარემოებების არსებობის თაობაზე, რომელთა გამო თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ.თბილისში მიკროავტობუსების მოძრაობის ზოგიერთი რეგულარული მარშრუტის სქემაში შესატანი ცვლილებების” მე-14 პუნქტის მოქმედების შესაჩერებლად დროებითი განჩინების გამოუცემლობა და მოპასუხისათვის ¹205 მარშრუტის სქემით მოძრაობის არ აკრძალვა, შეუძლებელს გახდის ან გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას. კერძო საჩივრის ავტორი საჩივარს აფუძნებს იმ გარემოებებზე, რომლებიც გამოკვლეული უნდა იქნეს სარჩელის არსებითად განხილვისას. ამასთან, ვინაიდან თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილების მოქმედება სარჩელის აღძვრამდე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის განჩინებით შეჩერებულია, სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია თბილისის საკრებულოსათვის იმ აქტის მოქმედების შეჩერების დავალება, რომლის მოქმედებაც სასამართლოს განჩინებით უკვე შეჩერებულია და აქედან გამომდინარე, მოპასუხისათვის 205 მარშრუტის სქემით მოძრაობის აკრძალვა, რადგან, სასამართლოს განჩინებით შეჩერებულია რა თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივლისის ¹7-1 გადაწყვეტილების მოქმედება, მოპასუხეს უფლება არა აქვს იმოძრაოს იმ მარშრუტით, რომელიც დამტკიცებულია 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილებით და თუ მოპასუხე კვლავ გააგრძელებს აღნიშნული მარშრუტით მოძრაობას, აღნიშნული წარმოადგენს სააღსრულებო წესით გადასაწყვეტ საკითხს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “შ-ის” კერძო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრისა და 14 თებერვლის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორმა, შპს “შ-მა” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში, თბილისის საკრებულოსა და შპს “კ-ის” მიმართ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ. თბილისში მიკროავტობუსების მოძრაობის ზოგიერთ რეგულარულ საქალაქო მარშრუტის სქემაში შესატანი ცვლილებების” მე-14 პუნქტის, გასაჩივრებული აქტის საფუძველზე შპს “კ-თან” დადებული გარიგებისა და მარშრუტის პასპორტის ბათილად ცნობა. სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, დაკმაყოფილდა შპს “შ-ის” შუამდგომლობა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივლისის განჩინებით შეჩერდა გასაჩივრებული აქტის – თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მარშრუტის სქემაში შესატანი ცვლილებების მე-14 პუნქტის მოქმედება.

2003წ. 28 იანვარს შპს “შ-მა” კვლავ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვეზე, მოითხოვა დაევალოს მოპასუხე თბილისის საკრებულოს გამოსცეს დროებითი ადმინისტრაციული აქტი, რომლითაც სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდება თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ. თბილისში მიკროავტობუსების მოძრაობის ზოგიერთ რეგულარულ საქალაქო მარშრუტის სქემაში შესატანი ცვლილებების” სადავო მე-14 პუნქტის მოქმედება, რათა შპს “კ-ს” აეკრძალოს სადავო გადაწყვეტილებით დადგენილი სქემით მგზავრთა გადაყვანა ¹205 მარშრუტზე.

თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 იანვრის განჩინებით შპს “შ-ის” შუამდგომლობა დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. კერძო საჩივრის ავტორი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ითხოვდა დაევალოს მოპასუხე თბილისის საკრებულოს გამოსცეს დროებითი ადმინისტრაციული აქტი სადავო გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების შესახებ. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: “ამ კოდექსის 22-25-ე მუხლებით გათვალისწინებულ სარჩელებთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნით გამოიტანოს განჩინება დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ”. მითითებული ნორმის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის სახით სასამართლოს შეუძლია გამოსცეს დროებითი ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების თაობაზე ანუ დროებით ადმინისტრაციულ აქტს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, გამოსცემს თავად სასამართლო. შპს “შ.” კი ითხოვს დაევალოს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს _ თბილისის საკრებულოს გამოსცეს დროებითი ადმინისტრაციული აქტი სადავო გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარ ღონისძიებას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას სადავო აქტის მოქმედების შეჩერებაზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი არ ითვალისწინებს.

სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება პროცესუალურად წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კანონისმიერ უზრუნველყოფას, რომლის მიხედვითაც სარჩელის წარდგენა სასამართლოში ავტომატურად, თავისთავად აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური აქტის მოქმედებას. სადავო ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერების საკითხი რეგულირებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-30 მუხლებით, ხოლო სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება (რასაც თბილისის საკრებულოს 2002წ. 18 ივნისის ¹7-1 გადაწყვეტილება წარმოადგენს) სსკ-ს 198-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა, რომლის გამოყენების მიზანშეწონილობა (სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერება) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილი უნდა იქნეს სასამართლოს მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი, შპს “შ.” კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ითხოვს არა სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას სასამართლოს მიერ, არამედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას გამოსცეს დროებითი ადმინისტრაციული აქტი სადავო გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე, რასაც, როგორც აღინიშნა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი არ ითვალიწინებს. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განჩინებებს შპს “შ-ის” შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 31-ე მუხლებით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “შ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 30 იანვრისა და 14 თებერვლის განჩინებები;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.