საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ
საქმე №ას-1113-1070-2016 22 მაისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - სს "თ-ი"
განმცხადებლის მოთხოვნა - სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით სს "თ-ის" საკასაციო საჩივარი ო. ხ-ას მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, საქმე N 2ბ/2820-16, დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
2017 წლის 13 თებერვალს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სს "თ-ის" წარმომადგენელმა, ა. ა-მა და ითხოვა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება. განმცხადებლის განმარტებით მოცემულ საქმეზე სს "თ-ის" საკასაციო საჩივარი წარდგენილ იქნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე (29.11.16 წ. რეგ. N2113807, იხ. ტ. 2, ს/ფ 71-89), რის გამოც საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინება, ტ. 2, ს/ფ 93-95). კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების მიღებამდე კასატორს გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2 805 ლარი, რაც მხარეს უზენაეს სასამართლოში არ წამოუდგენია. შემდგომში უზენაესი სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ 5 940 ლარამდე ხარვეზი არ შევსებულა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა სს "თ-ის" მიერ ო. ხ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2016 წლის 11 ოქტომბრის # 2ბ/2820-16, განჩინების გასაჩივრების მიზნით საკასაციო საჩივარზე, 2016 წლის 25 ნოემბერს, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 805 ლარის გადახდის დამადასტურებელი #54364 საგადასახადო დავალების დედანი და იშუამდგომლა, სს "თ-ს" განჩინებით დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 2 805 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
ზემოთ მოხმობილი ნორმების საფუძველზე, ვინაიდან სს "თ-ის" საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მას უნდა დაუბრუნდეს ამ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2 805 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "თ-ის" განცხადება, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ, დაკმაყოფილდეს;
2. სს "თ-ს" (ს/კ ..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2 805 (ორი ათას რვაასხუთი) ლარი (საგადასახადო დავალება N 54364, გადახდის თარიღი 2016 წლის 25 ნოემბერი);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი