№ას-376-350-2017 2 მაისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.კ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – დ.ხ., შპს "თ.", შპს "T. E" (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება, ზიანის ანაზღაურება, გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მ.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა შპს „თ-ის“ (შემდეგში: კომპანია) დირექტორის - დ.ხ–ს (შემდეგში: დირექტორი) თანამდებობიდან გადაყენებას, ასევე, მისთვის მიყენებული ზიანის - 80 634 ლარის ანაზღაურებასა და კომპანიასა და შპს „T.E“-ს შორის დადებული 2012 წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულების „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ფ.44 ლიცენზიის“ გაცემის ნაწილში გაუქმებას, არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
3.1. პალატამ მიუთითა, რომ 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად აპელანტს განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინებით, აპელანტს დაევალა, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარი, წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელ - რ.ხ–ს (შემდეგში მოხსენიებული, როგორც წარმომადგენელი ან ადვოკატი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2016 წლის 26 დეკემბერს პირადად ჩაჰბარდა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული შეტყობინების ბარათით საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ. პალატის განმარტებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი აპელანტს 2017 წლის 5 იანვრის ჩათვლით უნდა შეევსო;
3.2. სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, ხოლო, შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე პალატას ვადის დარღვევით წარედგინა;
3.3. პალატამ განმარტა, რომ შუამდგომლობა (ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე რომც ყოფილიყო წარდგენილი, იგი სათანადოდ დასაბუთებული მაინც არ იყო, რადგანაც მასში მოყვანილი ფაქტები ეწინააღმდეგებოდა საქმეში არსებულ მასალებს. კერძოდ, განცხადებაში წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ ,,ხელშეკრულებით მისი ურთიერთობა მოსარჩელესთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპით”, ამის საპირისპიროდ კი, საქმეში (ტომი 2 ს.ფ. 41-42) წარმოდგენილი მინდობილობის მიხედვით, ადვოკატი უფლებამოსილი იყო მოსარჩელე ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმოედგინა, ამასთან, პალატის განმარტებით, რწმუნებულების მოქმედება გრძელდებოდა 2017 წლის 21 აპრილის ჩათვლით, ხოლო მისი გაუქმების შესახებ მტკიცებულება კანონით დადგენილი წესით წარმოდგენილი არ ყოფილა.
4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მან წარმომადგენელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოპასუხის სასარგებლოდ დასრულდა;
4.2. მინდობილობის გაუქმების შესახებ სასამართლოსათვის არა მას, არამედ ადვოკატს უნდა ეცნობებინა;
4.3. წარმომადგენელი ვერ უზრუნველყოფდა ხარვეზის შესახებ განჩინების აპელანტისათვის ჩაბარებას, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წლის 20 დეკემბრიდან, 2017 წლის 20 იანვრამდე, ეს უკანასკნელი მკურნალობის კურსს გადიოდა ჯანმრთელობის გაუარესების გამო;
4.4. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაშვების საპატიო მიზეზად მიჩნევის საფუძველი იყო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
6. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს არა აქვს უფლება მოითხოვოს განჩინების გაუქმება სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა და 63-64-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე.
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლომ საპატიოდ უნდა მიიჩნიოს ხარვეზის შევსების ვადის გაშვება, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, ხარვეზის შეუვსებლობა განაპირობა მისმა ავადმყოფობამ და ადვოკატთან რწმუნებულების ვადამდე გაუქმებამ.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარი შინაარსობრივად წარმოადგენს ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ მოთხოვნას და არა მისი გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობას, ვინაიდან, აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე მიმართა მას შემდეგ, რაც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა გასული იყო (იხ. ტ.1. ს.ფ. 170).
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
13. სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოდგენილი იყო ადვოკატით, რომელსაც საქმის წარმოების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა 2017 წლის 21 აპრილამდე (იხ. ტ.2. ს.ფ. 42). მოსარჩელის წარმომადგენელს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2016 წლის 26 დეკემბერს ჩაჰბარდა (იხ. ტ.2. ს.ფ. 169), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2016 წლის 27 დეკემბერს და დასრულდა 2017 წლის 5 იანვარს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
14. სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს მის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მან წარმომადგენელს შეუწყვიტა უფლებამოსილება, გამომდინარე იქიდან, რომ ამის თაობაზე, მას წერილობით არ უცნობებია სასამართლოსთვის, ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო საჩივარი განსახილველ დავაზე წარდგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ (იხ. ტ.2. ს.ფ. 153). ამდენად, არ დასტურდება მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს შორის ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა.
15. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
16. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა.
17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
18. კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ის 2016 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 20 იანვრამდე გადიოდა მკურნალობის კურსს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საქმის მასალებით არ დასტურდება, შესაბამისად, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ არ არსებობს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი (იხ. სუსგ-ები: # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი