საქმე №ას-734-702-2016 20 იანვარი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – შპს „კ-ე“, შპს „ლ-ი“, შპს „ს-93“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-1“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ა-1-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მოიჯარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ-ის“, შპს „ლ-ისა“ და შპს „ს-93-ის“ (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები, მეიჯარეები ან მფლობელები) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს სარგებლობაში გადაეცა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან გარკვეული ფართი. მოსარჩელემ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემულ უძრავ ქონებაზე მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება, ასევე, სამეურნეო საქმიანობისთვის აუცილებელი ნივთების, მათ შორის _ სავენტილაციო, გათბობისა და კონდიცირების სისტემის, ასევე, ხელის საშრობი ტექნიკური მოწყობილობების განთავსება. 2015 წლის 26 ივნისს იჯარის ხელშეკრულებები შეწყდა შეთანხმების საფუძველზე. 2015 წლის 6 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმადაც მხარეებს საიჯარო ხელშეკრულებების 4.3.4. პუნქტების თანახმად, უსასყიდლოდ გადაეცათ უძრავი ქონების განუყოფელი/მოუცილებადი გაუმჯობესებები, რომელშიც არ შედიოდა, ხელის საშრობი ტექნიკური მოწყობილობები, სავენტილაციო, გათბობისა და კონდიცირების ის ნაწილები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შენობა-ნაგებობის კაპიტალურ მზიდ კედლებსა და კონსტრუქციებთან. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული შეთანხმებებისა, მოპასუხეები უფლებას არ აძლევენ მოსარჩელეს, გაიტანოს საიჯარო ქონებაში არსებული კუთვნილი ნივთები (ინვენტარი).
2. მოპასუხის პოზიცია:
განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, მეტროსადგურ ა-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ #...) ფაქტობრივად განთავსებული, სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთები და გადაეცა მესაკუთრეს.
3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მეიჯარეთა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება დარჩა უცვლელად, ამავე განჩინებით აპელანტებს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისრათ იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 8 711 ლარის ანაზღაურება, ხოლო მათ მიერ სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 7 000 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი, მათ შორის, პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორთა მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საკუთარი მსჯელობის ფარგლებზე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, შესაბამისად, შეფასების საგანს წარმოადგენს ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად დატოვების, ასევე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების კანონშესაბამისობა.
1.2. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო პალატის შეფასებებსა და დასკვნებს სააპელაციო საჩივრის გამო სახელმწიფო ბაჟის 7 000 ლარით, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 8 711 ლარით განსაზღვრის თაობაზე და მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მხრიდან დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო მოთხოვნის წარმდგენი მხარის (მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) მიერ დავის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი (სსსკ-ის 52.1. მუხლი) დარჩება ბიუჯეტში ან თუ მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისაგან, მაშინ ამ ხარჯს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა შედავებას პროცესის ხარჯების არასწორად განსაზღვრის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით უმთავრესია, სწორად შეფასდეს დავის საგანი და მისი ღირებულების გამოთვლის პროცესუალური წესი.
1.4.1. უდავოა, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი ადგენს დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშების ამომწურავ წესს და ნორმის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, როდესაც მხარე პრეტენზიას აცხადებს მოპასუხის მხრიდან ნივთით/ქონებით უკანონო სარგებლობაზე და მოითხოვს ამ ქონების მისი მფლობელობიდან გამოთხოვას იმგვარად, რომ საკუთრებაზე არ დავობს, სწორედ 4 000 ლარით გამოითვლება დავის საგნის ღირებულება (შედარებისათვის იხ. ამავე ნორმის „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტები). თავის მხრივ, ამავე კოდექსის 39-ე მუხლი არეგულირებს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის საკითხს და ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.
1.4.2. მოხმობილი ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დავაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 160 ლარით (4 000X4%). მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი და მის ავტორებს დაავალა სახელმწიფო ბაჟის სახით 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა (სააპელაციო სასამართლომ ამ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე), რაც მხარეებმა დადგენილ ვადაში განახორციელეს, თუმცა, ეს გარემოება ვერ იქნება შემაფერხებელი კასატორთა მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-3 და 390-ე მუხლის მე-4 ნაწილების (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების შინაარსი) თანახმად, გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი სხვა საკითხებთან ერთად, უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შემაჯამებელი აქტის მიღებისას მოთხოვნის მატერიალურ ნაწილთან ერთად უნდა იმსჯელოს სასამართლო ხარჯების საკითხზეც. საგულისხმოა საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის დისპოზიციაც: თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად (სსსკ-ის 372-ე მუხლის ძალით ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია ასევე სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული ნორმის საპროცესო ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) გამოყენების შემთხვევაში, სასამართლოს უნდა ემსჯელა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის საკითხზე და აპელანტებისათვის უნდა დაებრუნებინა მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 7 000 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 6 840 ლარი.
1.5. რაც შეეხება სასამართლოსგარეშე, კერძოდ _ იურიდიული მოსახურების ხარჯს, პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორთა პრეტენზიებს და მოიშველიებს მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომელიც სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკასაც. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
1.5.1. „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს“ (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).
1.5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე, ისე მიიღო იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს მასში მითითებული საზღაურის რეალურად ანაზღაურების დამადასტურებელ დოკუმენტს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯი მხარეს შეიძლება წარმოეშვას საქმის ნებისმიერი ინსტანციის წესით განხილვისას, შესაბამისად, მას უფლება აქვს, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე, ხარჯის გაზრდის შემთხვევაში, ზემდგომ სასამართლოებში მოითხოვს შესაბამისი ინსტანციისათვის გაწეული მომსახურების ანაზღაურება, თავის მხრივ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სასამართლოსგარეშე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოადგენს დავის მატერიალური მოთხოვნის მიმართ გავლენის მქონე მტკიცებულებას და მასზე არ შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებული ახალი მტკიცებუილების დასაშვებობის რეგულაცია, რადგანაც ზემდგომი სასამართლოს მხრიდან იურიდიული მომსახურების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულების მიღება არ იწვევს ამავე კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებული შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას.
1.5.3. რაც შეეხება საკითხს, იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების წარდგენა წარმოშობს თუ არა მასში მითითებული ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრებას, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, იგი დადებითად უნდა გადაწყდეს, რამდენადაც მხარესა და მის წარმომადგენელს შორის არსებული ურთიერთობის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხლი), სამოქალაქო კოდექსის 710-ე მულის პირველი ნაწილის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, დავალების შესრულების შემთხვევაში, რწმუნებულის მიმართ წარმოშობს ვალდებულებას მითითებული ნორმის საფუძველზე. ამდენად, როდესაც ირკვევა მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, რომლის ფარგლებშიც მარწმუნებელს მომსახურების ხარჯის გადახდის ვალდებულება აქვს ნაკისრი, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან ახალი მტკიცებულების მიღებით და მასზე დაყრდნობით სასამართლოსგარეშე ხარჯის გადაწყვეტა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას (იხ. სუსგ №ას-330-315-2015, 29 ივნისი, 2015 წელი).
1.5.4. პალატა ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მართლმსაჯულების განხორციელების გამო მოგებული მხარის ინტერესების დაცვის პროცენტულ ზღვარს და კანონმდებლობით გათვალისწინებულია, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი დავისას იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული და სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი. 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან სახეზე არაა საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, პალატა მიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 6 840 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 160 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში. რაც შეეხება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე აპელანტთა მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯს, იგი უნდა განისაზღვროს დავის საგნის ღირებულების (4 000 ლარი) 4%-ით _ 160 ლარით. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს კასატორთა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებას და მის შუამდგომლობას ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე და ვინაიდან დავის ძირითადი (მატერიალური) მოთხოვნის ნაწილში საკასაციო სამართალწარმოება კასატორთა საწინააღმდეგოდ დასრულდა, თვლის, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ზემოხსენებეული პრინციპის შესაბამისად, კასატორებს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ ამ ინსტანციაში გაწეული საადვოკატო მომსახურების ანაზღაურება უნდა დაეკისროთ 160 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „კ-ეს“, შპს „ლ-ისა“ და შპს „ს-93-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „კ-ეს“ (ს/კ #...), შპს „ლ-სა“ (ს/კ #...) და შპს „ს-93-ს“ (ს/კ #...) შპს „ა-1-ის“ (ს/კ #...) სასარგებლოდ დაეკისროთ სააპელაციო სამართალწარმოებისას იურიდიული მომსახურების გამო გაწეული ხარჯიდან 160 ლარის გადახდა.
4. შპს „კ-ეს“ (ს/კ #...), შპს „ლ-სა“ (ს/კ #...) და შპს „ს-93-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაუბრუნდეთ შპს „კ-ეს“ მიერ 09.12.2015წ. #... საგადახდო დავალებით სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი 7 000 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 6 840 ლარი, ხოლო 160 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. შპს „ა-1-ის“ შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების გამო იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის კასატორებისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. შპს „კ-ეს“ (ს/კ #...), შპს „ლ-სა“ (ს/კ #...) და შპს „ს-93-ს“ (ს/კ #...) შპს „ა-1-ის“ (ს/კ #...) სასარგებლოდ დაეკისროთ 160 ლარის გადახდა.
7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე