Facebook Twitter

საქმე №ას-1165-1120-2016 20 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – შ. და ტ. კ-ეები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე, ს., ლ. და დ. ბ-ეები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. კ-ემ, დ., ს. და ლ. ბ-ეებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან მესაკუთრეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ტ. და შ. კ-ეების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები ან მფლობელები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეების კუთვნილი, გარდაბნის რაიონის სოფელ კ-ში, ყოფილი ზ-ის საუწყებო სახლის მე-6 კორპუსში მდებარე #... ბინის გამოთხოვის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეებს კანონით დადგენილი წესით გამოეყოთ სადავო ბინა, რომლის პრივატიზაციაც განახორციელეს 2004 წლის 25 ოქტომბერს და საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ მოსარჩელეების კუთვნილ უძრავ ნივთს და უარს აცხადებენ მის გამოთავისუფლებაზე, კერძოდ: საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის #750 ბრძანებულების შესაბამისად, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახელებულ 75 ოჯახს დასახლების მიზნით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწიდან გამოეყოთ მიწის ნაკვეთი, რომელიც სოფელ ფონიჭალის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამავე ბრძანებულებით, გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა სოფლის განაშენიანების პროექტის შედგენა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კი _ შესაბამისი თანხების მოძიება პირველი ეტაპის სამუშაოების შესასრულებლად. არც შესაბამისი თანხები მოძიებულა და არც სახლები აშენებულა, თუმცა, მოპასუხეების მიერ დაკავებულ ფართზე კანონიერად გაიცა ბინის ორდერები. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ მოპასუხეებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფისა, მათ კვლავ სურვილი აქვთ ფლობდნენ დროებით საცხოვრებლად გამოყოფილ, მოსარჩელეების კუთვნილ ფართს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით მოითხოვეს, რომ სადავო ფართში შესახლებული არიან 1990 წელს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მათთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენებამდე. სახლი, რომელშიც მდებარეობს სადავო ბინა, ირიცხება სახელმწიფოს ბალანსზე, ის არასოდეს ყოფილა ზ-ის საკუთრება. მოსარჩელეებმა 1996 წელს, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე შეძლეს ბინის ორდერის მიღება და შემდგომ _ ქონების პრივატიზება, რის თაობაზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება. მოპასუხეთა განმარტებით, ისინი წარმოადგენენ მართლზომიერ მფლობელებს და არ შეიძლება მოეთხოვოთ ქონების დაბრუნება. ფლობის მართლზომიერებას ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაც, რომლის თანახმადაც, მათი გამოსახლება დაიშვება მას შემდეგ, რაც აუშენდებათ კუთვნილი სახლი. ეს პირობა დღემდე შეუსრულებელია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეების კუთვნილი, გარდაბნის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე #... უძრავი ქონება.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წ;ოს 3 ნოემბრის განჩინებით მფლობელების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცველად.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მესაკუთრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მოპასუხეთა მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ დაადასტურა სადავო ქონებაზე საკუთრების ნამდვილი უფლების არსებობა, ხოლო მოპასუხეებმა ვერ დაძლიეს მათთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ წარუდგინეს იმგვარი მტკიცებულებები, რაც, ერთი მხრივ, მათი მფლობელობის მართლზომიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის უსაფუძვლობას დაადასტურებდა. კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ზემოხსენებულ გარემოებებს და პრეტენზიას აცხადებენ სასამართლოს მხრიდან მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის თაობაზე.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სადავო საკითხის შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე:

1.2.1. გარდაბნის რაიონის სოფელ კ-ში მდებარე #... ბინა (ს/კ #...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელეების სახელზე. ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია პრივატიზაციის ხელშეკრულება, რეესტრში რეგისტრაცის #..., გაცემული გარდაბნის ნოტარიუს დ.ბ-ის მიერ 29.09.04წ;

1.2.2. სადავო უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები;

1.2.3. მფლობელები საკუთარი უფლების მართლზომიერების დადასტურების მიზნით მიუთითებდნენ, რომ სადავო სახლში 1990 წელს იქნენ შესახლებული ქონების იმდროინდელი მესაკუთრის (სახელმწიფო) მიერ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის აშენებამდე, თავად მითითებული გარემოების მტკიცების მიზნით კი, აპელირებდნენ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 10 აპრილის განჩინებაზე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაუშვა, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა-შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. ვინაიდან კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ მათ სავალდებულო ძალა გააჩნიათ.

1.4. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორთა შედავებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით მტკიცებულებების შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასკვნები მოპასუხეთა შედავების უსაფუძვლობის თაობაზე დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე _ სამართლებრივი თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ მფლობელთა მხრიდან სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერება იმ დასაბუთებით არ გაიზიარა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სადაც მოსარჩელეს წარმოადგენდა შ. კ-ე, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამავე საქმეზე პასუხი გაეცა განსახილველ დავაში მოპასუხეების აპელირებას მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 10 აპრილის განჩინებას, მათი ღირებულებითი ძალა სასამართლომ იმ დასაბუთებით უარყო, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინება მიღებულია ადრე მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის საფუძველზე, რომელიც მფლობელობის ინტიტუტის განსხვავებულ რეგულაციას იძლეოდა, ახალი სამოქლაქო კოდექსის ამოქმედებით კი, საფუძველი გამოეცალა მიღებულ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, როგორც თავად აპელანტების წარმომადგენელმა განმარტა, მათთვის ინდივიდუალური სახლის მშენებლობა სახელმწიფოს მხრიდან აღარ ხორციელდება და მათ სანაცვლო დაკმაყოფილების მიზნით გადაეცათ მიწის ნაკვეთები.

1.5. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 მარტის განჩინება, რომელზეც აპელირებს ქვემდგომი სასამართლო, მიღებულია ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ და დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების (ბინის პრივატიზაცია) კანონიერება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონტექსტში ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ მიენიჭება თუნდაც ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით, რამდენადაც განსახილველი ნორმა ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოდავე მხარეებს შორის მიღებული უნდა იყოს სამოქალაქო საქმეზე, ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექტში მისი შეფასების შემთხვევაში კი, გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მაინც ვერ გაიზიარებს სასამართლო, რადგანაც ადმინისტრაციული დავის საგანს, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების კანონიერება წარმოადგენდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილიც მიმართულია ამ ხელშეკრულების კანონიერებისკენ და სწორედ ამ კუთხით (რომლებიც ამართლებენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს) დადგენილ ფაქტებს გააჩნიათ სავალდებულო ძალა მხარეებისათვის. შესაბამისად, ადმინისტრაციულ საქმეზე გამოთქმული შეფასებები (მათ შორის, ფაქტობრივი მფლობელის ნივთთან უფლებრივი კავშირის თაობაზე), რომლებიც ადმინისტრაციული დავის საგანს ცდება, წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალის მატარებელი ვერ გახდება (ნეგატორული სარჩელის ფარგლებში იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა). რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 10 აპრილის განჩინებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა ამ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ №ას-935-973-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი. მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია მესაკუთრის საკასაციო საჩივარი და გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების დასკვნა იმის თაობაზე, რომ ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედება არ შეიძლებოდა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის საფუძველზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ურთიერთობის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო). ის გარემოება, რომ ბინაზე ორდერი მოსარჩელეების სასარგებლოდ გაიცა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ასევე, პრივატიზაცია განხორციელებულია კანონიერად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ გახდება განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობა, რადგანაც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით: შუახევის სახალხო დეპუტატთა რაიონული აღმასკომის 1989 წლის გადაწყვეტილებით, მასზე დართული სიით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, თავად მოსარჩელეების მიერ სარჩელში გამოთქმული მოსაზრებებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 10 აპრილის განჩინებითაა დადგენილი, რომ კასატორებს სადავო ქონების ფლობის უფლება გააჩნიათ მანამ, ვიდრე სახელმწიფო არ აუშენებთ საცხოვრებელ ფართს. უდავოა, რომ სახელმწიფოს ეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს, შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელეებს საკუთრება წარმოეშვათ უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთზე, რაც მათი მხრიდან ამ ნაკლის თმენის ვალდებულებაზე მიუთითებს (აღნიშნულზე ვრცლად ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო).

1.5.1. ამდენად, უდავოა, რომ მფლობელები წარმოადგენენ აჭარის მაღალმთიანი რეგიონებიდან სტიქიის გამო ჩამოსახლებულ პირებს, რომლებიც გარდაბნის რაისაბჭოს აღმასკომის 1989 წლის 30 ოქტომბრის #332 გადაწყვეტილებით, დროებით განთავსდნენ სადავო მისამართზე. როგორც ითქვა, საქმის მასალებით დადგენილია და სარჩელითაც აღიარებულია ის გარემოება, რომ სახელმწიფოს მფლობელობის შეწყვეტის პირობა _ საცხოვრებელი სახლების მშენებლობა შესრულებული არ აქვს, მან მხოლოდ საკუთრებაში გადასცა ჩამოსახლებულ პირებს მიწა, თუმცა, არც მშენებლობის სახსრები გამოყოფილა და არც მშენებლობა დაწყებულა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოხმობილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისათვის მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივი ნორმების ანალიზი, რომლებიც მოქმედებდა კასატორთა სადავო მისამართზე განთავსების პერიოდში. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, მიწა, მისი წიაღი, წყალი და ტყე წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. საბინაო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სახელმწიფოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლები და საცხოვრებელი სადგომები სხვა ნაგებობებში შეადგენს სახელმწიფო საბინაო ფონდს. ნორმის მე-2 აბზაცის თანახმად კი, სახელმწიფო საბინაო ფონდი არის სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების გამგებლობაში (ადგილობრივი საბჭოების საბინაო ფონდი) და სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების გამგებლობაში (საუწყებო საბინაო ფონდი). ამდენად, სადავო ბინა, მოპასუხეების დროებით განთავსების პერიოდში, წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და მის განკარგვაზე უფლებამოსილი თავად სახელმწიფო იყო.

1.5.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს კეთილსინდისიერი და მართლზომიერი მფლობელის ინსტიტუტს, რომელთათვის დამახასიათებელი ელემენტები იკვეთება ამავე კოდექსის 159-ე, 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლების სისტემური ანალიზიდან. მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არა მართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში. ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირი, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები. აღნიშნული განმარტების, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 10 აპრილის განჩინებისა (რომელიც არ არის გაუქმებული) და იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ბინების მშენებლობის ვალდებულება არ აქვს შესრულებული, კასატორები ჯერ კიდევ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელებად განიხილებიან, რომელთაც, სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, დაუშვებელია, მოეთხოვოთ ნივთის უკან დაბრუნება, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად განმარტეს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი, რამდენადაც გადაწყვეტილების/განჩინების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ვინდიკაციური სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეების მიერ წარდგენილი არსებითი შედავება _ მფლობელების მიერ ნივთის ფლობის უფლების არსებობა. იმ პირობებში, როდესაც მართლზომიერი ფლობის შეწყვეტის პირობა არ დამდგარა, მესაკუთრის შედავება არც სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის კონტესტში შეიძლება იქნას მიჩნეული დასაბუთებულ პრეტენზიად.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთანავე, რადგანაც არ იკვეთება მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევის ან სხვა საპროცესო დარღვევის გამო საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, პალატა უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება: ვინაიდან მესაკუთრეს მფლობელის მიმართ არ წარუდგენია დასაბუთებული პრეტენზია მართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტის თაობაზე, არ არსებობს მისი ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. განსახილველი დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 4 000 ლარს, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა _ 300 ლარს. საკასაციო საჩივარზე დართული სახელმწიფო ბაჟის ქვითრის თანახმად, კასატორებმა საკუთარი ინიციატივით გადაიხადეს 500 ლარი, საიდანაც საპროცესო ანალოგიისა (სსსკ-ის მე-7 მუხლი) და 47-ე მუხლის საფუძველზე, მათ უნდა დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი 200 ლარი. რაც შეეხება სააპელაციო წარმოებას, მოპასუხეებს ამ ინსტანციაში გადახდილი აქვთ 160 ლარი.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, პალატა თვლის, რომ მესაკუთრეებს მფლობელების სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 460 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ტ. და შ. კ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. მ. კ-ის, დ., ს. და ლ. ბ-ეების სარჩელი ტ. და შ. კ-ეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. ტ. კ-ესა (პ/#...) და შ. კ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 200 ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება #1, გადამხდელი _ ფ. კ-ე, გადახდის თარიღი _ 07.12.2016წ).

5. მ. კ-ეს (პ/#...), ს. ბ-ეს (პ/#...), ლ. ბ-ესა (პ/#...) და დ. ბ-ეს (პ/#...) ტ. კ-ისა (პ/#...) და შ. კ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროთ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 460 ლარის ანაზღაურება.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე