საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-1996-შ-51-2017 14 ივნისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –ე. ა. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა. (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, მიუნსტერის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება N 56 F 305/10
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის მიუნსტერის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს N 56 F 305/10 გადაწყვეტილებით გაუქმდა 20.04.2002 შიდერ-შვალენბერგის მმაჩის ბიუროში ე. ა-სა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, განმცხადებელი ან მოპასუხე) და ს. ა-ს (შემდეგში: მოსარჩელე) შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 10/2002).
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 17 მაისს, შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა გერმანიის, მიუნსტერის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს N 56 F 305/10 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2011 წლის 10 აგვისტოდან და აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.
4. გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების მიზეზის დასაბუთება საჭირო არ არის, რადგან გადაწყვეტილება გაყრის თაობაზე ორივე მხარის თანდასწრებით დასტურდება. ამასთან, მხარეებმა უარი განაცხადეს გასაჩივრებაზე.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის, მიუნსტერის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს N 56 F 305/10 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ და მოპასუხე დაეთანხმა განქორწინებას.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, მიუნსტერის საოლქო სასამართლოს 2011 წლის 10 აგვისტოს N 56 F 305/10 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე შეწყდა ე. ა-სა და ს. ა-ს შორის 20.04.2002 შიდერ-შვალენბერგის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 10/2002);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე