Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-2261-შ-61-2017 14 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –მ. რ.(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. რ. (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, შვაბახის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 სექტემბრის N002 F 1110/14 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, შვაბახის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 სექტემბრის N002 F 1110/14 გადაწყვეტილებით გაუქმდა 11.07.2011 ნოიენდეტტელზაუს მმაჩის ბიუროს გამგის წინაშე მ. რ-სა (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, განმცხადებელი ან მოპასუხე) და მ. რ-ს (შემდეგში: მოსარჩელე) შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: E 13/2011).

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2017 წლის 1 ივნისს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, შვაბახის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 სექტემბრის N002 F 1110/14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 14 სექტემბრიდან და აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

4. გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.

5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, შვაბახის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 სექტემბრის N002 F 1110/14 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ და მოპასუხე დაეთანხმა განქორწინებას.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. რ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, შვაბახის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა განყოფილების 2015 წლის 14 სექტემბრის N002 F 1110/14 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე შეწყდა მ. რ-სა და მ. რ-ს შორის 11.07.2011 ნოიენდეტტელზაუს მმაჩის ბიუროს გამგის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: E 13/2011);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე