საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-30-27-2017 10 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ე, რ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა-ის, (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნ. გ-ისა და რ-ის (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ უძრავი ქონების 2011 წლის 5 სექტემბრისა და 2014 წლის 15 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. სასამართლოს გადაწყვეტილება - ს.ფ.169-187).
2. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 372-ე, 229-ე მუხლები, 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები).
4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იმსჯელა, რომ ამავე სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის თაობაზე დაინიშნა სასამართლოს სხდომა 2016 წლის 27 ოქტომბერს, 12:30 საათზე, რომლის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით (სსსკ-ის 70-78-ე მუხლები; იხ. განჩინება- ს.ფ. 230-231 და სატელეფონო აქტი - ს.ფ. 234-235).
5. ამ განჩინების 3-4 პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს - ნ. მ-ას სასამართლოს თანაშემწემ 2016 წლის 1 სექტემბერს სატელეფონო შეტყობინებით აცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის თარიღი, დრო და ადგილი. აპელანტს (მის წარმომადგენელს) სასამართლოსათვის არ უცნობებია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხეების წარმომადგენელმა - მ. ბ-ემ უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება (სსსკ-ის 229-ე მუხლი, 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები), რაც საფუძვლიანად მიიჩნია სასამართლომ და დააკმაყოფილა.
7. მოსარჩელის წარმომადგენელმა - ნ. მ-ამ კერძო საჩივრით (იხ. ს.ფ. 259) გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინება, მისი გაუქმება მოითხოვა და საქმის დაბრუნება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
7.1. საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რადგან სხდომის დღეს - 2016 წლის 27 ოქტომბერს შეუძლოდ შეიქნა, რასაც ადასტურებს იმავე დღეს გაცემული სამედიცინო ცნობა (იხ. ს.ფ. 292);
7.2. თავად აპელანტი ხარაგაულის რაიონის სოფ. ზ-ეში ცხოვრობს და იგი მაინც არ აპირებდა სხდომაზე ჩასვლას, თუმცა, წარმომადგენელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერც მოასწრო მარწმუნებლის შეტყობინება, რომც ეცნობებინა მარწმუნებლისათვის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, აპელანტი მაინც ვერ მოასწრებდა ქუთაისში ჩასვლას.
8. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ჰქონდა თუ არა აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სსსკ-ის 215-ე მესამე ნაწილის მოთხოვნას, რომლითაც დადგენილია: „ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.
11. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით აპელანტის გარიგებით წარმომადგენელს - ნ. მ-ას საკუთარი მარწმუნებლისაგან მინდობილობა მინიჭებული ჰქონდა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეც, რაც სააპელაციო სამართლოს მოხელემ 2016 წლის 1 სექტემბერს სატელეფონო შეტყობინებისას შეამოწმა და მიუთითა კიდეც აქტში (იხ. ს.ფ.234-235), ამდენად, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელს, როგორც უფლებამოსილ პირს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეატყობინა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომამდე თითქმის ერთი თვით ადრე, დადგენილია და ამაზე არ დავობს კერძო საჩივრის ავტორი.
12. კერძო საჩივარში აპელანტის წარმომადგენლის მითითების საპასუხოდ, რომ მისი მარწმუნებელი არ იყო ინფორმირებული სხდომის თაობაზე, რადგან წარმომადგენელმა ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელად გაუარესების გამო ვერ მოასწო შეტყობინება, თუმცა, მარწმუნებელი ვერც „მიუსწრებდა“ სასამართლო სხდომას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მხარეთა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულებაა მხარის უფლება, სასამართლოში წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლით, სათანადო ცოდნით აღჭურვილი პირის მიერ. ამდენად, წარმომადგენლის ყოლის პირობებში, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელს შეატყობინა სასამართლომ საქმის განხილვის თარიღი, უშუალოდ მხარის, განსახილველ შემთხვევაში აპელანტის დავალდებულება, გამოცხადებულიყო სხდომაზე არ არის გამართლებული. თუმცა, აღნიშნული საკითხზე არც დავობს კერძო საჩივრის ავტორი, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც არ უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის, მოპასუხეთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
13. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანია აპელანტის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობა და ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კერძო საჩივარზე თანდართულ სამედიცინო ცნობაზე (ფორმა #100/ა - იხ. ს.ფ. 262), რომლის მიხედვით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა - ნ. მ-ამ 2016 წლის 27 ოქტომბერს 11:30 საათზე მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ცნობის მიხედვით დიაგნოზია: კვებითი ინტოქსიკაცია; ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და კონსულტაციების ველში მითითებულია: ქირურგის კონსულტაცია, სისხლისა და შარდის კლინიკური ანალიზები; ჩატარებული მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა სამედიცინო საშუალებებით; სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: საჭიროებს ამბულატორიულ მეთვალყურეობას. პაციენტი ამბულატორიიდან გაეწერა შესვლის დღესვე - 17:40 საათზე. ცნობა ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ და დასმულია ბეჭედი.
14. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე (ნორმის დეფინიცია იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტში) მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილ. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლომ სამედიცინო ცნობაზე ხელმომწერი პირის ვინაობასთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა რომ: „მხოლოდ ის გარემოება, რომ იგი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არაა ხელმოწერილი (მით უფრო, როდესაც ხელმოწერილია მკურნალი ექიმის მიერ, დადადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით), არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს“ - იხ. სუსგ # ას-187-179-2016, 06.05.2016წ; აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესაფასებლად, განსახილველ შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების ერთობლიობა სახეზეა, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია (იხ. სუსგ-ები: # ას-955-917-2014, 24.07.2015წ; # ას-159-155-2016, 28.07.2016წ.).
15. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის მტკიცება დასაბუთებულია, რადგან მის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობის გამაბათილებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც კერძო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად.
16. ამავე განჩინებაში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნაა კონკრეტული ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, რაც თავისი არსით აღიარებით სარჩელს წარმოადგენს, შესაბამისად, დასადგენია, რამდენად ასაბუთებს მოსარჩელე ნამდვილ იურიდიულ ინტერესს, რამდენად მიაღწევს სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის პირობებში და რომელ ნორმაშია მოცემული მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე # ას-664-635-2016; 231-232-ე პუნქტები) აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე მსჯელობისას განმარტა: „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.). დიდი პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; (იხ. სუსგ-ები # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
18. ამდენად, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის გამოკვლევა ასევე სამართლებრივად მნიშვნელოვანია განსახილველ დავაზე. აღნიშნული მოტივაციით საქმე დაუბრუნდება სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა-ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე