საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-217-206-2017 12 ივნისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ი. ჩ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. პ-ლი, ი-ე, ია პ-ი, ლ-ა, B-, C- (მოპასუხეები, კასატორები)
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. პ-ლის, ი-ის, ია პ-ლის, ლ-ას, B-ისა და C-ის მიმართ და მოითხოვა შემდეგი:
1. დადგენილ იქნეს მასსა და ა. (ბ.) პ-ლს შორის 2004 წელს ზეპირი დავალების ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომლის თანახმად ი. ჩ-მა დაავალა, ხოლო ა. (ბ.) პ-ლმა იკისრა ვალდებულება დაეფუძნებინა უცხოური კომპანია, რომელიც მოსარჩელის ბენეფიციარულ საკუთრებაში უნდა ყოფილიყო და ი. ჩ-ი ცნობილ იქნეს ამ კომპანიის, C-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ;
2. დადგენილ იქნეს მასსა და ა. (ბ.) პ-ლს შორის 2004 წლის ივლისში ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების დადება და ამავე ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების შეწყვეტა 2013 წლის 26 დეკემბერს;
3. დადგენილ იქნეს, რომ იგი იყო სამი უძრავი ქონების, კერძოდ (ა) უნივერმაღი თბილისის (უძრავი ქონების სარეგისტრაციო #1), (ბ) მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების ლილოში (საკადასტრო კოდი 0) და (გ) ქ. თბილისში, ფ-ის ქ. #3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო #1) ბენეფიციარი მესაკუთრე C-ის მიერ მათი გაყიდვის მომენტში და ამ უძრავი ქონებების რეალიზაციიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და სარგებელი ეკუთვნის ი. ჩ-ს;
4. დადგენილ იქნეს, რომ: ა) ერთობლივი საქმიანობის კუთვნილი შპს „ს-ის“ 70% წილი C-ის მიერ მისი გაყიდვის მომენტში წარმოადგენდა ი. ჩ-ის, ი-ის, ლ-ას, ია პ-ლისა და ნ. პ-ლის ერთობლივი საქმიანობის საკუთრებას და მათი რეალიზაციიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და სარგებელი ეკუთვნოდა ამ ერთობლივ საქმიანობას; და ბ) ერთობლივი საქმიანობის კუთვნილი შპს „ს-ის“ 70% წილის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან ამხანაგობის წევრებმა ი-ემ, ლ-ამ, ი. პ-ლმა და ნ. პ-ლმა მიიღეს მათი კუთვნილი წილები;
5. დადგენილ იქნეს, რომ შპს „პ-ია“-ს 66% წილის და შპს „ჯ-ო“-ს 66% წილის ბენეფიციარ მესაკუთრეს C-ის მიერ მათი გაყიდვის მომენტში წარმოადგენდა ი. ჩ-ი და მათი რეალიზაციიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და სარგებელი ეკუთვნის ი. ჩ-ს;
6. დადგენილ იქნეს, რომ ა) ერთობლივი საქმიანობის კუთვნილი ს.ს. „ფ-ა“-ს აქციათა 92,5% – 543 848 ცალი აქცია B-ის მიერ მათი გაყიდვის მომენტში წარმოადგენდა ი. ჩ-ის, ი-ის, ლ-ას, ი. პ-ლისა და ნ. პ-ლის ერთობლივი საქმიანობის საკუთრებას და მათი რეალიზაციიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და სარგებელი ეკუთვნოდა ამ ერთობლივ საქმიანობას და ბ) ი. ჩ-ი ცნობილ იქნეს კომპანია B-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ;
7. დადგენილ იქნეს, რომ ი. ჩ-ის, ი-ის, ლ-ას, ი. პ-ლისა და ნ. პ-ლის ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის მომენტისთვის ერთობლივი საქმიანობის ქონებას წარმოადგენდა მხოლოდ ს.ს. „ფ-ა“-ს აქციათა 92,5% – 543 848 ცალი აქცია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 იანვრის განჩინებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ჩ-მა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება ი. ჩ-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში ი. ჩ-ი ცნობილ იქნა სადავო ქონებების მესაკუთრედ. დანარჩენ ნაწილებში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
2017 წლის 1 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი. ჩ-ის წარმომადგენელმა მ. ღ-მა და განაცხადა, რომ ი. ჩ-ი უარს ამბობს სარჩელზე.
სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ მ. ღ–ს განემარტა სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები და მან დაადასტურა, რომ მისთვის და მისი მარწმუნებლისათვის, ი. ჩ-ისათვის ცნობილია ის სამართლებრივი შედეგები, რასაც სარჩელზე უარის თქმა იწვევს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ი. ჩ-ის წარმომადგენელ მ. ღ-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის სარჩელზე ნ. პ--ლის, ი-ის, ი. პ-ლის, ლას, B-ისა და C-ის მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
2017 წლის 1 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი. ჩ-ის წარმომადგენელმა მ. ღ-მა და განაცხადა, რომ ი. ჩ-ი უარს ამბობს სარჩელზე.
სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ მ. ღ-ს განემარტა სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები და მან დაადასტურა, რომ მისთვის და მისი მარწმუნებლისათვის, ი. ჩ-ისათვის ცნობილია ის სამართლებრივი შედეგები, რასაც სარჩელზე უარის თქმა იწვევს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე, სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
საქმის მასალებში განთავსებულია ი. ჩ-ის მიერ მ. ღ-ისათვის განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული მინდობილობა, რომლის თანახმადაც მ. ღ-ს, როგორც ი. ჩ–ის წარმომადგენელს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას სარჩელზე (იხ. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, ტ. 3, ს/ფ 165-167 ).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ღ-ი უფლებამოსილია, ი. ჩ–ის სახელით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, მათ შორის სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობითაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ ვ. რ-ის მიერ მოპასუხეთა სახელით 2016 წლის 21 დეკემბრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჩ-ის წარმომადგენელ მ. ღ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე ი. ჩ-ის სარჩელის გამო, ნ. პ-ლის, ი-ის, ი. პ-ლის, ლ-ას, B-ისა და C-ის მიმართ, გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის დადგენისა და ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე;
3. კასატორებს ნ. პ-ლს (პ/ნ 0..), ი-ეს (პას/ნ 4..), ი. პ-ლს (პას/ნ 5..), ლ-ას (პას/ნ 5.., B-სა (კომპანიის ს/ნ 5..) და C-ს (კომპანიის ს/ნ 6..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ვ. რ-ის (პ/ნ 0..) მიერ 2016 წლის 21 დეკემბრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე