საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-402-375-2017 4 მაისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ზ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "რ-ი", შპს "რ-ი", შპს "რ-ი"
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის და 6 მარტის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი) 2016 წლის 9 ნოემბრის შუამდგომლობა მოპასუხეების შპს „რ-ის“ (ს/კ 2..; შემდეგში: პირველი მოპასუხე ან საწარმო), შპს „რ-ისა“ (ს/კ 4,,; შემდეგში: მეორე მოპასუხე ან საწარმო) და შპს „რ“ (ს/კ 4..; შემდეგში: მესამე მოპასუხე ან საწარმო) მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით (იხ. განჩინება-ტ.4, ს.ფ.842-850) მოპასუხეთაგან:
1.1. მეორე საწარმოს (ს/კ 4..) აეკრძალა მის ბალანსზე არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: რაიონი ამბროლაური, სოფელი უ-ი; დაზუსტებული ფართობი 9 207 კვმ; შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: #1 განაშენიანების ფართი 1 092 კვმ; #2 განაშენიანების ფართი 878,40 კვმ ს/კ 8; რაიონი ამბროლაური, სოფელი უ-ი; დაზუსტებული ფართობი 13 07 კვმ ს/კ 8-; რაიონი ონი, სოფელი სორი, დაზუსტებული ფართობი 4 939 კვმ, ს/კ 8-; ასევე შემდეგ მიწის ნაკვეთებს, რომელიც დაკავშირებულია გადამცემ ხაზთან: ს/კ 8-; ს/კ 8-; ს/კ 8-; ს/კ 8-; ს/8-; ს/კ8-; ს/კ 8-; ს/კ 8-; ს/კ 8-; ს/კ 8-; 8-; ს/კ 8-;ს/კ 8-; ს/კ 8-; ს/კ 8-; ს/კ 8-; ს/კ 8-; ს/კ 8-; (თითოეული ნაკვეთის ფართობი შეადგენს 18 კვ.მ-ს).
1.2. მეორე საწარმოს ასევე აეკრძალა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის (ქვიშა–ხრეშის მოპოვებაზე, სოფ. კ-ი), დოკუმენტის #0000198; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (ქვიშა – ხრეშის მოპოვებაზე სოფ. შ-ი); დოკუმენტი #1000871. გასხვისება.
1.3. მესამე საწარმოს (ს/კ4) აეკრძალა მის ბალანსზე არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: მ-ის დასახლება #174; რკინიგზა; რ-ი; 247,07 მ ს/კ 0; მ-ის დასახლება #174; რკინიგზა; რ-ი; 590.81 მ ს/კ 0-; მ-ის დასახლება #174; რკინიგზა: რკინიგზის ციხი 69,74 მ 2/კჯ 0-; ქალაქი რუსთავი მ-ი #174; დაზუსტებული ფართობი 3 248 კვმ შენობა- ნაგებობა #1 - საერთო სარგებლობის ფართით 2 070,53 კვმ; ს/კ 0-; ქალაქი რუსთავი, მ-ის #174; დაზუსტებული ფართობი 55 581კვმ შენობა ნაგებობა #1 - განაშენიანების ფართი 22.58 კვმ შენობა -ნაგებობა #2 - განაშენიანების ფართი183,52კვმ; შენობა - ნაგებობა #3 - განაშენიანების ფართი 77,49 კვმ; შენობა ნაგებობა #4 - განაშენიანების ფართი 33,27 კვმ; შენობა - ნაგებობა #5; განაშენიანების ფართი 586,42 კვმ; შენობა - ნაგებობა #6 განაშენიანების ფართი 33.67 კვმ; შენობა -ნაგებობა #7 - განაშენიანების ფართი 630,1 კვმ; შენობა-ნაგებობა #8 - განაშენიანების ფართი 285 კვმ; შენობა - ნაგებობა #9 განაშენიანების ფართი 1 762,3 კვმ; შენობა -ნაგებობა #10 - განაშენიანების ფართი 912,61 კვმ; შენობა - ნაგებობა #11 - განაშენიანების ფართი 63-94 კვმ; შენობა ნაგებობა #12 - განაშენიანების ფართი 503,04კვმ; შენობა - ნაგებობა #13 - განაშენიანების ფართი 4 546,06 კვმ; შენობა - ნაგებობა #14 - განაშენიანების ფართი 81,93 კვმ შენობა - ნაგებობა #15 - განაშენიანების ფართი 392,52 კვმ; შენობა - ნაგებობა #16 -განაშენიანების ფართი 841,22 კვმ; შენობა - ნაგებობა #17 - განაშენიანების ფართი 176,95 კვმ შენობა - ნაგებობა #18 განაშენიანების ფართი 1 153,91 კვმ; შენობა - ნაგებობა #19 - განაშენიანების ფართი 11,36 კვმ; შენობა-ნაგებობა #20 - განაშენიანების ფართი 29,64 კვმ; ს/კ 02.07.02.463; ქალაქი რუსთავი, მ-ის # 174; დაზუსტებული ფართობი 29 413 კვმ; შენობა-ნაგებობები #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #10 და #11; (ფეროშენადნობთა ქარხანა) - განაშენიანების ფართით 745 კვმ (საერთო სასარგებლო ფართით 5896,33კვმ) ს/კ0-; ქალაქი თერჯოლა, დაზუსტებული ფართობი 10 388 კვმ ; ს/კ 3-; ქალაქი თერჯოლა, დაზუსტებული ფართობი 2 331 კვმ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #01 - არასაცხოვრებელი (1 სართულიანი, აშენებული) განაშენიანების ფართი - 863,99 კვმ #02 - არასაცხოვრებელი (1 სართულიანი, აშენებული) განაშენიანების ფართი - 82,25 კვმ ს/კ 3. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 191-196-ე, 198-ე მუხლები).
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება იმავე წლის 25 ნოემბერს გაასაჩივრეს პირველ პუნქტში მითითებულმა მოპასუხეებმა (სამივე საწარმომ) და მიუთითეს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელი იყო, რადგან მასში არ იყო მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები; დარღვეული იყო მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რადგან არ იყო გათვალისწინებული სავარაუდოდ რეალიზებადი მოთხოვნისა და შეზღუდული უფლების მოცულობითი თანაფარდობა. მოპასუხეთა წარმომადგენელმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი უარყოფილი იქნა და საქმე გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოში (სსსკ-ის 197-ე , 1971 მუხლები; იხ. განჩინება- ტ.5, ს.ფ. 1429-1435).
4. მოპასუხეთა საჩივრის უარყოფას საქალაქო სასამართლოს მიერ საფუძვლად დაედო შემდეგი მოტივები:
4.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა საჩივრის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა და სათანადოდ არ დაუსაბუთებია უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან მოსარჩელეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, ევალება ისეთ გარემოებათა შესახებ მითითება, რომელიც სასამართლოს შეუქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში შეიძლება გართულდეს მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულება, ხოლო ამ უკანასკნელ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას არ ავალდებულებს კანონმდებელი განმცხადებელს. გარდა ამისა, უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო არ ამოწმებს ასევე სარჩელის საფუძვლიანობას, ხოლო მოპასუხეთა საჩივრის არგუმენტები, რომ მეორე საწარმოს კანონის დაცვით გადაეცა პირველი საწარმოს უძრავი ქონება, მესამე საწარმო კი კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენს, ნაკლებად შეიძლება უკავშირდებოდეს სასარჩელო მოთხოვნას, ეს საკითხი სასამართლოს არსებითი მსჯელობის საგანი გახდება სარჩელის შინაარსისა და განსახილველი დავის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე;
4.2. სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების ვარაუდი, თავის მხრივ, ემყარება არა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიღებულ დასკვნას, რაც მხოლოდ საქმის არსებითად განხილვის შედეგია, არამედ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ მართებულობას. სასამართლო უნდა მივიდეს სამართლებრივ დასკვნამდე, რომ უზრუნველსაყოფი გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება მართლაც გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების გარეშე. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალება, გადაწყვეტილება აღუსრულებლად დარჩება;
4.3. სასამართლოს ვალდებულებაა არა მხოლოდ უზრუნველყოს დავის სწორად და ობიექტურად გადაწყვეტა მხარეთა შორის, არამედ უზრუნველყოს სამომავლო გადაწყვეტილება აღუსრულებლობისაგან.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება - 8 594 247.07 აშშ დოლარის ოდენობით (სსსკ-ის 199.1- მუხლი), რაც არ დაკმაყოფილდა სასამართლოს 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით (იხ. განჩინება, ტ. 5, ს.ფ.1473-1475). ამავე განჩინებაზე იგივე მოპასუხეთა მიერ შეტანილი საჩივარიც უარყოფილი იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით და საქმე გადაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს (იხ. განჩინება- ტ.5, ს.ფ. 1480-1483).
6. მოპასუხეებმა - პირველმა და მეორე საწარმოებმა (იხ ამ განჩინების პირველი პუნქტი) სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, 2017 წლის 3 თებერვალს შუამდგომლობით (იხ. ტ.6, ს.ფ. 88-91) მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს მოპასუხეთათვის მოსალოდენლი მინიმალური ზიანის - 8 594 247.07 აშშ დოლარის ოდენობით უზრუნველყოფის სახით მოსარჩელის დავალდებულება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა წინამდებარე განჩინების პირველ პუნტში მითითებული სამი საწარმოს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც მოხდა მოსარჩელის სარჩელის უზრუნველყოფა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება (იხ. პირველი პუნქტი, ასევე სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ტ.6, ს.ფ.92-115).
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით (იხ. განჩინება- ტ.6, ს.ფ. 132-143) დაკმაყოფილდა პირველი და მეორე საწარმოების (მოპასუხეთა) 2017 წლის 3 თებერვლის შუამდგომლობა (იხ. მე-6 პუნქტი) და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის გარანტია, კერძოდ:
8.1. მოსარჩელეს დაევალა, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის განთავსება ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში;
8.2. მოსარჩელეს განემარტა, რომ 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილი თანხის (იხ. 8.1. ქვეპუნქტი) შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულების 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაუქმდებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის განჩინება- ტ.6, ს.ფ.132-143).
9. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის გარანტია, საფუძვლად დაედო შემდეგი დასაბუთება:
9.1. 2016 წლის 15 იანვარს ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ პირველ საწარმოსა და მესამე საწარმოს შორის დადებული საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანხმად, „თუ გამყიდველი (პირველი საწარმო) ან ხელმოწერის თარიღამდე არსებული გამყიდველის აფილირებული პირები, შვილობილი კომპანიები, წინამორბედი ან უფლებამონაცვლეები და სამართალმემკვიდრეები, მესაკუთრეები, პარტნიორები (მეწილეები, აქციონერები და სხვ), დამფუძნებლები, დირექტორები, სხვა თანამდებობის პირები (გაკოტრების მმართველი, რეაბილიტაციის მმართველი), აგენტები, წარმომადგენლები, ქვეკონტრაქტორები, თანამშრომლები და მზღვეველები/თავდებები/გარანტორები ნებისმიერი მიზეზით: (ი) წარმოადგენენ მოთხოვნას ქონების (ან მის ნებისმიერ ნაწილთან) მიმართებით ან ამ ხელშეკრულების დადების ბათილობის მიწოდებასა და აღსრულებასთან დაკავშირებით ..., რასაც შედეგად მოჰყვება ქონებაზე ან/და მის ნაწილზე საკუთრების უფლების დაკარგვა ან/და რაიმე ფორმით შეზღუდვა გამყიდველი გადაუხდის მყიდველს (მესამე საწარმოს) პირგასამტეხლოს (რომლის ოდენობაზეც მხარეები დებენ შესაბამის წერილობით შეთანხმებას) და ასევე გამყიდველი ვალდებული იქნება, მყიდველს აუნაზღაუროს ზიანი, რომლის ოდენობაც მხარეთათვის წინასწარვეა ცნობილი და სავარაუდო, რაც შეადგენს 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში გადახდის მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად“. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მესამე საწარმოს მიმართ უძრავი ქონებების გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვით ზიანი ადგება პირველ საწარმოს, რადგანაც იგი ვერ ასრულებს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და მესამე საწარმოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს 2 000 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება;
9.2. 2016 წლის 18 მარტის პარტნიორთა (პირველი საწარმო და სს „ს-ი“ (შემდეგში: ფონდი) შეთანხმების მე-3 მუხლის (ფონდის მიერ პროექტში ინვესტიციის განხორციელების წინაპირობები) 3.1.ი) ქვეპუნქტი ადგენს: „კომპანიის (მეორე საწარმოს) საკუთრებაში არსებული ქონება თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლისგან“. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული განჩინებით, მეორე საწარმოს აეკრძალა საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოუსწორებელი ზიანი ადგება, როგორც, მეორე საწარმოს, ასევე - პირველს. ამ უკანასკნელმა მეორე საწარმოს კაპიტალში შეიტანა ქონება, ღირებულებით 9 890 000 აშშ დოლარი. ამავე ქონებით უზრუნვეყოფილია პირველი საწარმოს მიერ სს „თ-ი“-დან აღებული კრედიტი, რომლის მიმდინარე ნაშთი შეადგენს 3 266 000 აშშ დოლარს. კრედიტის გადახდის გრაფიკი დიდი ხანია დარღვეულია, რაც უფლებამოსილს ხდის ბანკს მოითხოვოს საწარმოს ქონების რეალიზაცია. იგი ამას არ აკეთებს მხოლოდ იმის იმედად, რომ ბანკისა და ზემოხსენებული ფონდის ხელშეწყობით მოხდება შეჩერებული „ლუხუნიჰესი 2“-ს მშენებლობის გაგრძელება და დასრულება, რის შემდეგაც საწარმო შეუფერხებლად გააგრძელებს სესხის დაფარვას დადგენილი გრაფიკით. მეორე საწარმოსათვის ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა აჩერებს კომპანიის მიერ მიღწეულ ყველა შეთანხმებას, კერძოდ: ფონდი ვეღარ განახორციელებს დაგეგმილ ინვესტიციას „ლუხუნიჰესი 2“-ს მშენებლობაში, სს „თ-ი“ ვეღარ მისცემს საწარმოს კრედიტს შესაბამისი მიზნობრიობით და მოახდენს იპოთეკით და გირავნობით დატვირთული კომპანიის ქონების რეალიზაციას სესხის დაფარვის მიზნით (არსებობს რეალური საფრთხე: მთელი ამ ქონების რეალიზაცია მოხდეს ისეთ ფასად, რომ დაიფაროს მხოლოდ სესხი). ეს სავსებით რეალურია, ვინაიდან მშენებარე „ლუხუნიჰესი 2“-ს ღირებულების ძირითად ნაწილს შეადგენს გაწეული სამშენებლო სამუშაოები, რომელიც არ გამოირჩევა მაღალი ლიკვიდურობით და ღირებულია მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემთხვევაში. შესაბამისად, საწარმო მიიღებს ზარალს 6, 594 247.07 (9 860 247.07 – 3 266 000) აშშ დოლარის ოდნობით. გარდა ამისა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამო პროექტის გაჩერება გამოიწვევს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის და სხვა შეთანხმებების დარღვევას და შესაბამისი ჯარიმების დაკისრებას. კომპანიას ჯარიმები დაერიცხება ასევე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის გამო. ყოველივეს ასევე დაემატება, კომპანიის ის მიუღებელი ყოველწლიური შემოსავალი, რომელიც მეორე საწარმოს უნდა მიეღო ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, რაც შეადგემს 30 მლნ. აშშ დოლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორებმა მოითხოვეს უზრუნველყოფის გარანტიის - 8 594 247.07 აშშ დოლარის ოდენობით -გამოყენება;
9.3. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 191-ე მუხლით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანზე მიუთითა და განმარტა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობისას, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნელყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. აღნიშნული საკითხის სწორად გადაწყვეტის წინაპირობაა უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლიობაში განხილვა-გადაწყვეტა;
9.4. მითითებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეამოწმოს, რამდენად არის გამართლებული საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, გააზრებულად გადაწყვიტოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და აღსრულების შეუძლებლობას შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი.
9.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლო ასევე აფასებს იმ საფრთხეებს, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით უსაფუძვლოდ არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხის კანონიერი ინტერესი. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი და სარჩელის უზრუნველყოფის და დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რომლითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისათვის;
9.6. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნებისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ კერძო ინტერესს შორის სამართლიანი ბალანსი უნდა იყოს დაცული. აღნიშნული ბალანსის დაცვას ემსახურება სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ადგენს ქცევის შემდეგ წესს: „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე“. მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც, განმცხადებელი დაადასტურებს, რომ სახეზეა ზიანი, რომელიც მოპასუხეს უზრუნველყოფის ღონისძიებით ადგება ან შეიძლება მიადგეს. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან მოპასუხის თავდაცვის მექანიზმს ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ სახის ღონისძიების გამოყენების შედეგი მოპასუხისათვის ზიანის მომტანია. ასეთ დროს დასაშვებია, მოსარჩელეს მოეთხოვოს ობიექტურად სავარაუდო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ საქმე #ას-958-923-2016), შესაბამისად, კანონი თანაბრად იცავს არამარტო მოსარჩელის, არამედ მოპასუხის ანგარიშგასაწევ ინტერესებსაც;
9.7. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოდავე მხარეთა ინტერესების დაცვის ბალანსის მიღწევისათვის საჭიროა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, თანაზომიერების პრინციპის დაცვით უნდა შეფასდეს მოსალოდნელი ზიანის ოდენობა.
9.8. სასამართლომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის მოწესრიგებაზე მიუთითა და განმარტა, რომ უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა შეაფასოს განცხადებასა თუ საჩივარში მოცემული მხარეთა ახსნა-განმარტებები, სხვა მტკიცებულებები (არსებობის შემთხვევაში) და ისე გააკეთოს დასკვნები უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების მიზანშეწონილობაზე.
9.9. განსახილველ შემთხვევაში, ამ განჩინების 9.1. ქვეპუნქტში მითითებული გარემოების გათვალისწინებით, რომელიც მხარეთათვის წინასწარვეა ცნობილი და სავარაუდო, ის ზიანი, რაც შეადგენს 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში გადახდის მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად (ტ. 4. ს.ფ. 867).
9.10. სასამართლომ ასევე იმსჯელა 9.2. ქვეპუნქტში მითითებულ პარტნიორთა შეთანხმებაზეც და გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მეორე საწარმოსათვის ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა აჩერებს საწარმოს მიერ მიღწეულ შეთანხმებას და ფონდი ვეღარ განახორციელებს დაგეგმილ ინვესტიციას „ლუხუნიჰესი 2“-ს მშენებლობაში, შესაბამისად, სს „თ-ი“ ვეღარ მისცემს საწარმოს კრედიტს შესაბამისი მიზნობრიობით და მოახდენს იპოთეკით და გირავნობით დატვირთული კომპანიის ქონების რეალიზაციას სესხის დაფარვის მიზნით, ხოლო ქონების რეალიზაცია შესაძლოა მოხდეს ისეთ ფასად, რომ დაიფაროს მხოლოდ სესხი (იხ. საქმეზე წარმოდგენილი 2009 წლის 17 ივლისის მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და პირველ საწარმოს შორის - ტ. 4, ს.ფ.915);
9.11. საქმეზე წარდგენილი 2015 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით (ტ. 4, ს.ფ.1056) სს „თ-ი“ ბანკსა და მესამე საწარმოს შორის, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ (პუნქტი 12.12.1), ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს კლიენტთან არსებული ურთიერთობა ან/და ნებისმიერი რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად თუ: კლიენტის კუთვნილ ქონებას დაედება ყადაღა ან კლიენტის ან მისი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება სარჩელის, გადაწყვეტილების აღსრულების ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება;
9.12. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იურიდიული პირის ქონებაზე შეზღუდვების გავრცელებით მოპასუხეს შესაძლებელია ხელი შეეშალოს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებიც. მეწარმეობა არის დამოუკიდებელი, ინიციატივიანი საქმიანობა (საქონლის წარმოება, მომსახურების გაწევა, სამუშაოთა შესრულება), რომელიც საკუთარი ან ნასესხები სახსრებით, რისკისა და პასუხისმგებლობის გაწევით ხორციელდება მთავარი მიზნის - მოგების მისაღებად. ეს არის არაერთჯერადი, შემოქმედებითი საქმიანობა, რომლიც მოითხოვს სიახლეების დანერგვას. არაერთ უძრავ ქონებაზე შეზღუდვების დაწესებით მოპასუხე მოკლებული იქნება შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში, შეუძლებელი გახდება საწარმოს მატერიალური რესურსის გამოყენება მისივე ინტერესებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მოეთხოვოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
9.13. სასამართლომ განმარტა, რომ მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურებას იყენებს არა ყოველთვის, არამედ მაშინ, როცა დარწმუნდება ამ ღონიძიების გამოყენების აუცილებლობაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანის მიყენება გულისხმობს უფლების დაუშვებელ ხელყოფას, როგორიცაა მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა, სწორედ ასეთ შემთხვევაშია მოპასუხე უფლებამოსილი, მოითხოვოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, ანუ ე.წ. უზრუნველყოფის შებრუნება. 199-ე მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, უზრუნველყოფის გარანტია, სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე;
9.14. ზემოხსენებული მოტივაციით სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოპასუხეთა შუამდგომლობა და დააკმაყოფილა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტს გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოებრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ამავე სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეს დაევალა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის განთავსება, რაც მან ვერ უზრუნველყო დადგენილ შვიდდღიან ვადაში, რაც აითვლებოდა განჩინების ჩაბარებიდან (იხ. მე-8 პუნქტი). დასახელებული განჩინება მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარდა 2017 წლის 21 თებერვალს, თუმცა, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ განჩინებით განსაზღვრული ვალდებულება მოსარჩელეს არ შუსრულებია, რასაც დაუკავშირდა საპროცესო კოდექსით დაკავშირებული სამართლებრივი შედეგი და გაუქმდა განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ (ისსსკ-ის 199-ე მუხლი).
11. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2017 წლის 24 მარტს საჩივრით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა როგორც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 6 მარტის განჩინების გაუქმება, რომლითაც გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ისე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების გაუქმებაც, რომლითაც მოსარჩელეს დაევალა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო (რუსთავის საქალაქო სასმაართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით) მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
12. საჩივრის ავტორმა შემდეგ მოტივებზე დაყრდნობით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლისა და 6 მარტის განჩინებების გაუქმება:
12.1. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოს, განმცხადებლის მითითების საფუძველზე, უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საჩივარში განმარტებულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც მოდავე მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აწესრიგებს და მიმართულია სამომავლოდ (კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის) დაცული და აღიარებული უფლების რეალიზებისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღმოჩნდება, რომ შეუძლებელია სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგის განხორციელება, მართლმსაჯულება რეალურ მიზანს კარგავს;
12.2. საჩივრის ავტორის მითითებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივრებში მოპასუხის არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სარჩელის უზრუნველყოფა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურებს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, ამასთან, სსსკ-ის 191-ე მუხლი მოსარჩელეს ავალდებულებს მოთხოვნის დასაბუთებას, რაც არ გულისხმობს განცხადებაში მხოლოდ ფაქტების მითითებას;
12.3. საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეექმნა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ აუცილებელი იყო სარჩელის უზრუნველყოფა, რის გამოც მოპასუხეთა საჩივრები, 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივრები საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლის სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით გაზიარებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია და მოპასუხეთა საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამავდროულად, პირველმა და მეორე საწარმოებმა სააპელაციო პალატას მიმართეს შუამდგომლობით (იხ. მე-6 პუნქტი), რომლითაც მოითხოვეს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად მოსარჩელის დავალდებულება სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განეთავსებინა 8 594 247.07 აშშ დოლარი. 2017 წლის 8 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე, მოსარჩელეს დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 1 000 000 ( ერთი მილიონი) ლარის განთავსება;
12.4. საჩივრის ავტორს დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის საპირისპირო გარანტირების შესახებ და უთითებს სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელსაც შემდეგნაირად განმარტავს: აღნიშნული ნორმა მოპასუხის ინტერესების დასაცავადაა მიმართული, რათა სარჩელის უზრუნველყოფის უმართებულობის შემთხვევაში სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი მოპასუხის უფლებები და ამ უკანასკნელს დაუსაბუთებლად არ მიადგეს ზიანი. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოხმობილი ნორმა ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც სასამართლოს ექმნება ვარაუდი შესაძლო ზიანის დადგომაზე, რომლის ალბათობა შეიძლება გამომდინარეობდეს როგორც უშუალოდ საქმის მასალებიდან, ისე მოპასუხის მითითებით;
12.5. სსსკ-ის 102-ე მუხლზე დაყრდნობით, საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარემ ვერ მოახერხა, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე 2017 წლის 8 თებერვლის განჩინების გამოტანის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები;
12.6. საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლო მხარს უჭერს პარტნიორთა დაჯგუფებას, რომელთა ქმედებითაც 2010-2011 წლებში 18 000 000 მილიონი ლარის მოგების მქონე საწარმო მივიდა ფინანსურ კრიზისამდე, მათ შექმნეს მოჩვენებითი ფინანსური სიძნელეები, რომ ფასადურად გაემართლებინათ მოჩვენებითი გარიგებები. მათ შემოსავლის მომტანი საწარმო გადაიტანეს სხვა ფირმაზე, რომელიც საჩივრის ავტორის ეჭვით, მათ მიერვე რეგისტრირებული კომპანია იყო, რითაც საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 39% - იანი წილის საბაზრო ღირებულება გაუტოლეს მის ნომინალურ ღირებულებას და დაიტოვეს მშენებარე ჰიდროელექტროსადგური ,,ლუხუნიჰესი 2", სადაც თავიანთი განცხადებით სჭირდებათ კიდევ 14 200 000 აშშ დოლარი;
12.7. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, შეუძლებელია ასეთ დროს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის გარანტია იყოს თანაზომიერი, როდესაც 2012 წლიდან მოსარჩელეს პირველი მოპასუხისაგან არ მიუღია არც ერთი თეთრი; სხვადასხვა მაქინაციებით, მათ მიერვე დაფუძნებულ კომპანიას (მესამე საწარმოს) ვალის სანაცვლოდ მიზერულ ფასად გადასცეს დამოუკიდებლად მოქმედი სილიკომანგანუმის წარმოება; გაასხვისეს საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 39 %-იან წილზე მიბმული უძრავ-მოძრავი ქონება და წილის საბაზრო ღირებულება დაიყვანეს ნომინალურ ღირებულებამდე. საჩივრის ავტორის აზრით, აღნიშნული გარანტია, შესაძლებელია იყოს თანაზომიერი იმ პირობებში, როდესაც მინდია მინდელი პირველ საწარმოში თავის კუთვნილ 52 %-იან წილს, რომელიც 2012 წლიდან დაგირავებულია სს ,,თ----------ი“-ს სასარგებლოდ, სოლიკომანგანუმის დამოუკიდებლად მოქმედი საწარმოს გასხვისებამდე 15 დღით ადრე, 3 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გირაოთი ტვირთავს პოტენციური მყიდველის (მესამე საწარმოს) სასარგებლოდ და ამის შემდეგ მინდია მინდელი გვევლინება მესამე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. საწარმოს გასხვისების შემდგომ კი უკვე გამოშიგნულ, მხოლოდ ქაღალდზე არსებულ წილს, რომელზეც უკვე აღარ არის მიბმული არანაირი ქონება, 9 000 000 აშშ დოლარის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად აგირავებს ისევ მესამე საწარმოს სასარგებლოდ;
12.8. საჩივარში განმარტებულია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს სარწმუნოდ არ მიუთითებია სავარაუდო ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელ გარემოებებზე, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის განჩინება (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე) დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რაც გახდა ამავე წლის 6 მარტს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უკანონო განჩინების გამოტანის საფუძველი;
12.9. საჩივრის ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მოითხოვდა ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას, მას არ მიუთითებია ის კონკრეტული და რეალური საფრთხე, რაც ზიანის დადგომის შესაძლებლობაზე მიუთითებს, შემოიფარგლა მხოლოდ საკუთარ უფლებაზე მითითებით, რომ შეეძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მოთხოვნა, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთანავე, მხარემ განმარტა, რომ მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა თავისთავად არ ართმევს უფლებას მოპასუხეს ზიანის დადგომის შემთხვევაში, საერთო წესის დაცვით, მოახდინოს მისი დარღვეული უფლების რეალიზაცია. ამიტომ საჩივრის ავტორს უსაფუძვლოდ და კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია სააპელაციო პალატის 2017 წლის 8 თებერვლისა და 6 მარტის განჩინებები;
12.10. საჩივრის ავტორი უთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებსა და 103-ე მუხლზე, ასევე განმარტავს იმ საფუძვლებს, რომელზე დაყრდნობითაც მოითხოვა მოპასუხემ დეპოზიტზე თანხის განთავსება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეებს აეკრძალათ უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, არ კრძალავს აღნიშნული ქონების იჯარით გადაცემას, საწარმოს ფუნქციონირებას და ამ გზით შემოსავლის მიღებას. ამდენად, მოპასუხეეების მოთხოვნა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით დაარსებული საწარმო სასამართლომ უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც აღნიშნულ დავაში მხარესაც კი არ წარმოადგენს.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით (იხ. განჩინება- ტ.6, ს.ფ. 221-233) არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
14. სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 29 მარტის განჩინებაში აღნიშნა:
14.1. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.02.2017წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის გარანტია, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.02.2017 წლის განჩინებით მოსარჩელეს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე დაევალა 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის განთავსება განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში; ამავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა დადგენილ ვადაში განჩინების მოთხოვნის შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები (იხ. 8.1-8.2 ქვეპუნქტები და მე-10 პუნქტი) ;
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.02.2017წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე, ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგინა სასამართლოს, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 06 მარტის განჩინებით გააუქმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები (იხ. მე-10 პუნქტი).
16. სასამართლომ განმარტა რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით უსაფუძვლოდ არ უნდა შეიზღუდოს მოპასუხის კანონიერი ინტერესი. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ორივე მხარის კანონიერი ინტერესი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დასაცავად.
17. სასმაართლომ მიუთითა სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე (ნორმის დეფინიცია იხ. ამ განჩინების 9.6 ქვეპუნქტი) და განმარტა, რომ კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან მოპასუხის თავდასაცავ მექანიზმს ისეთი შემთხვევისატის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ სახის ღონისძიების გამოყენების შედეგი მოპასუხისათვის ზიანის მომტანია;
18. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მოპასუხეს სარწმუნოდ არ მიუთითებია სავარაუდო ზიანის დამადასტურებელ გარემოებებზე, რაც გამორიცხავდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და განმარტა: სსსკ-ის მე-4 მუხლის, 102-ე და 105-ე მუხლების დანაწესების მიხედვით უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა შეაფასოს გაცხადებასა თუ საჩივარში მოცემული მხარეთა ახსნა-განმარტებები, სხვა მტკიცებულებები და ისე გააკეთოს დასკვნები უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების მიზანშეწონილობაზე. სასამართლომ საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება (იხ. ამ განჩინების 9.1 ქვეპუნქტი) და ამის საფუძველზე გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მეორე საწარმოსათვის ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა აჩერებს კომპანიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას და ფონდი ვეღარ განახორციელებს დაგეგმილ ინვესტიციას „ლუხუნიჰესი 2“-ს მშენებლობაში, სს „თ-ი“ შესაბამისად, ვეღარ მისცემს საწარმოს კრედიტს შესაბამისი მიზნობრიობით და მოახდენს იპოთეკით და გირავნობით დატვირთული კომპანიის ქონების რეალიზაციას სესხის დაფარვის მიზნით, ხოლო ქონების რეალიზაცია შესაძლოა მოხდეს ისეთ ფასად, რომ დაიფაროს მხოლოდ სესხი, ვინაიდან მშენებარე „ლუხუნიჰესი 2“-ს ღირებულების ძირითად ნაწილს შეადგენს გაწეული სამშენებლო სამუშაოები, რომელიც არ გამოირჩევა მაღალი ლიკვიდურობით და ღირებულია მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემთხვევაში. უზრუნველყოფის ღონისძიების გამო პროექტის გაჩერება გამოიწვევს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის და სხვა შეთანხმებების დარღვევას და შესაბამისი ჯარიმების დაკისრება (იხ. 2009 წლის 17 ივლისის მემორანდუმი საქართველოს მთავრობას და შპს „რუმეტალს“ შორის -ტ. 4, ს.ფ.915), ასევე საქმეზე წარდგენილი (ტ. 4 ს.ფ.1056) სს „თ------ი“ ბანკსა და მესმე საწარმოს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ 2015 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით (პუნქტი 12.12.1.) ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს კლიენტთან არსებული ურთოერთობა ან/და ნებისმიერი რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად თუ: კლიენტის კუთვნის ქონებას დაედება ყადაღა ან კლიენტის ან მისი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება სარჩელის, გადაწყვეტილების აღსრულების ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება.
19. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოპასუხეებს ადგებათ გამოუსწორებელი და არაკომპენსირებადი ზიანი. მოსარჩელემ სსსკ-ის 199-ე მუხლით დადგენილი წესით და ვადაში არ განახორციელა უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, რაც სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წარმოადგენდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველს. დასახელებული ნორმის მიხედვით, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც საჩივრდება საჩივრით. ამდენად, პალატამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა მოსარჩელე მხარის მიერ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ გარანტიის წარმოუდგენლობის გამო. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი, რაც საქმის მასალებთან ერთად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, როგორც ზემდგომ ინსტანციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის წარმოდგენილი საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, რადგან იგი დაუშვებელია სსსკ-ის 197 1 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
20. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
21. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად (საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულია ამ მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს), სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს.
22. სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს - მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისა და მასზე წარდგენილი პრეტენზიის შეფასება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციის გათვალისწინებით (იხ. სუსგ # ას- 859-825-206წ. 28.11.2016წ.).
23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით. საქალაქო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია სარჩელზე და არ მიუღია გადაწყვეტილება. სარჩელის გამო სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოშია.
24. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, რაც არ დაკმაყოფილდა იმავე ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (სსსკ-ის 197 1 მუხლის მე-2 ნაწილი).
25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმისწარმოების ეტაპზე, მოპასუხეთაგან პირველმა და მეორე საწარმოებმა შუამდგომლობით (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოპასუხეთათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად მოსარჩელის დავალებულება, რათა ამ უკანასკნელს სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განეთავსებინა გარკვეული თანხა. მოპასუხეთა აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა სააპელაციო სასმაართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატამ 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით, ხოლო იმავე სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები მეორე და მესამე საწარმოების კუთვნილ ქონებაზე. სწორედ ამ ორი უკანასკნელი განჩინების თაობაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ (იხ. წინამდებარე განჩინების -მე-8 და მე-10 პუნქტები).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 1971 მუხლით დადგენილია სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა და საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში, კერძოდ: „1. სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. 2. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. 3. საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს. 4. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით“.
27. განსახილველ შემთხვევაში ზემდგომმა - სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეთა შუამდგომლობა განიხილა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით და დააკმაყოფილა მოთხოვნა (იხ. მე-8 პუნქტები). მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ნოებრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გააუქმა თბილისის სააპელაიცო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 6 მარტის განჩინებით (იხ. მე-10 პუნქტი). სსსკ-ის 419-ე მუხლით დადგენილი წესის გამოყენება კი მოცემულ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის, განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება და, ამდენად, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებით დასრულდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვა, რადგან სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და განიხილა მოპასუხეთა შუამდგომლობა და ამასთან დაკავშირებით წარდგენილი მოსარჩელის საჩივარი. აქედან გამომდინარე, მოპასუხის 2017 წლის 24 მარტის საჩივარი ზემდგომი სასამართლოს განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო, რადგან სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით (რომელიც თავის მხრივ სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით დადგენილ წესზე მიუთითებს), სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებაზე საჩივარი აღარ დაიშვებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც ქვემდგომიდან ზემდგომ სასამართლოში საქმის გადაგზავნას გულისხმობს და სამართალწარმოების ორ ეტაპს მოიცავს, პირველი ინსტანციის სასამართლოდან მოყოლებული მხარისათვის საკასაციო სასამართლოს ჩათვლით სამართალწარმოების უფლების მინიჭებით სამეტაპიან განხილვას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, პროცესუალური საკითხის მართებულად განსამარტად მნიშვნელოვანია, რომ პირველი ინსტანციის, როგორც ქვემდგომი სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მიღებული განჩინება და მასთან დაკავშირებული საჩივრებისა თუ შუამდგომლობების წარდგენა მხარეთა მიერ და სასამართლოს მიერ განხილვა უნდა დასრულდეს ზემდგომ სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებმა საქმის სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფა, აღნიშნული მაინც ზემდგომი ინსტანციის სამართალწარმოებას განეკუთვნება და აქ უნდა დასრულებულიყო სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი ორეტაპიანი სამართალწარმოება.
28. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით, მოსარჩელის საჩივარი საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე განუხილველად უნდა დარჩეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტისა და 8 თებერვლის განჩინებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. მ-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის და 6 მარტის განჩინებების გაუქმების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი