Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-418-391-2017 9 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ-ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სს "თ-ის" სარჩელი მოპასუხის ლ. ბ-ის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-მა, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე სატელეფონო შეტყობინების გზით, 2017 წლის 17 მაისს, ეცნობა ლ. ბ-ის წარმომადგენელს ა-ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით ლ. ბ-ს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 17 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ა-ს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.

დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლს სასამართლოში 50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ლ. ბ-ისთვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 18 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 22 მაისს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 22 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ბ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ბ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი