საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-534-500-2017 12 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის სარჩელი რ. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ.გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩნებით რ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივართან ერთად მოწინააღმდეგე მხარე თ. ბ-ის წარმომადგენელ გ. მ-ს (ოჯახის წევრს) ჩაბარდა 2017 წლის 12 მაისს.
2017 წლის 30 მაისს თ. ბ-ემ წარმოადგინა შეგებებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა თ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინება და რ. გ-ის საკასაციო საჩივარი თ. ბ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 12 მაისს, შესაბამისად ის ვალდებული იყო შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოედგინა კანონით განსაზღვრულ ვადაში - საკასაციო საჩივრის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
შეგებებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის 10 დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო საკასაციო საჩივრის ჩაბარების მომდევნო დღიდან ანუ 2017 წლის 13 მაისიდან და ამოიწურა 2017 წლის 22 მაისს (ორშაბათი), შესაბამისად, შეგებებული საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2017 წლის 22 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი კასატორმა წარმოადგინა 2017 წლის 30 მაისს ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით მის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევა გამოწვეულია მისი წარმომადგენლის ავადმყოფობით და სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობას. კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396-ე, 405-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-ის შეგებებული საკასაციო საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი