საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-681-652-2016 17 თებერვალი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ. ც-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ-ი“ ბანკსა (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, გამსესხებელი, კრედიტორი ან აპელანტი) და ლ. ც-ს (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე ან კასატორი) შორის, 2012 წლის 29 ივნისს, გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ბარათი გაიცა 960 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საკრედიტო ლიმიტის ვადად განისაზღვრა 728 დღე, წლიური 22 %-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, ხოლო ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 20 ლარით გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 867-ე, 417-418-ე მუხლები; იხ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 15-18).
2. ამ ხელშეკრულებაზე 2013 წლის 19 ივნისს ავტომატურად გაიზარდა საკრედიტო ლიმიტის მოცულობა. ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 1560.23 ლარი.
3. გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, 2013 წლის 24 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ მეორე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, 16 072 კალენდარული დღის ვადით (25.06.2057 წლამდე). ხელშეკრულების საფუძველზე დადგინდა წლიური 36 %-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, ხოლო ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 20 ლარით გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და დავალიანების 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (სსკ-ის 867-ე, 417-418-ე მუხლები; იხ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 19-22).
4. ზემოხსენებულ ხელშეკრულებაზე 2013 წლის 8 ივლისს ავტომატურად გაიზარდა საკრედიტო ლიმიტი. ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 5995.75 ლარი (იხ. T-- ის განაცხადი - ს.ფ. 23-25).
5. მსესხებელმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მისი დავალიანება ბანკის წინაშე, 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, დავალიანების შესახებ გაცემული ცნობის საფუძველზე, 29.06.2012წ. ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 1856, 90 ლარს, ხოლო 24.06.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7212, 84 ლარს (იხ. ამ განჩინების პირველი და მესამე პუნქტები; ასევე, დავალიანების შესახებ ცნობა - ტ. 1, ს.ფ. 47).
სასარჩელო მოთხოვნა:
6. ბანკმა 2015 წლის 21 მაისს სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ, ხოლო იმავე წლის 30 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა:
6.1. 29.06.2012წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1856,90 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა- 1560.23 ლარი, სარგებელი - 82.07 ლარი, პირგასამტეხლო - 214.60 ლარი;
6.1.1. 29.06.2012წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან (17.04.2015 წლიდან), მოპასუხეს დაეკისროს ძირითად თანხაზე - 1560.23 ლარზე, არა უმეტეს ერთი წლისა წლიური 22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 28 ლარს (წლიური თანხა 343 ლარი).
6.1.2. 29.06.2012წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან (17.04.2015 წლიდან), მოპასუხეს დაეკისროს ძირითად თანხაზე - 1560.23 ლარზე, არა უმეტეს ერთი წლისა პირგასამტეხლოს - 0,5 % -ის გადახდა, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, რაც ყოველდღიურად 7 ლარს შეადგენს;
6.2. 24.06.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7212.84 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა- 5995.75 ლარი, სარგებელი - 855.05 ლარი, პირგასამტეხლო - 362.04 ლარი;
6.2.1. 24.06.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან (17.04.2015 წლიდან), მოპასუხეს დაეკისროს ძირითად თანხაზე - 5995.75 ლარზე, წლიური 36 %-იანი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 179.87 ლარს;
6.2.2. 24.06.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან (17.04.2015 წლიდან), მოპასუხეს დაეკისროს ძირითად თანხაზე - 5995.75 ლარზე, არა უმეტეს ერთი წლისა, პირგასამტეხლოს - 0,5 %-ის გადახდა, მაგრამ არა უმეტეს 300 ლარისა, რაც ყოველდღიურად 29 ლარს შეადგენს; საერთო ჯამში მოპასუხემ მოითხოვა 14 528.87 ლარი;
6.3. მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, რადგან მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო დაკარგა ის სარგებელი, რასაც ბანკი მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებით და სარგებელი, რომელსაც ბანკი მიიღებდა სარგებლის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 2.1.8 პუნქტით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 36 %-ის ოდენობით. ბანკმა მოითხოვა მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება არა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არამედ, არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში, რათა მოპასუხე არ აღმოჩენილიყო კაბალურ მდგომარეობაში.
6.4. მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი, დავის საგნის 4 %-ის, 462.85 ლარის დაკისრება (იხ. ტ.1, სარჩელი - ს.ფ. – 1-14, დაზუსტებული სარჩელი - ს.ფ. 131-145) .
მოპასუხის შესაგებელი
7. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო 29.06.2012წ. და 24.06.2013წ. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 1560.23 ლარის ნაწილში, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და მისი შემცირება მოითხოვა (იხ. შესაგებელი - ტ.1 , ს.ფ. 96-104).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა:
8.1. 8550.76 ლარის გადახდა;
8.2. ბანკს უარი ეთქვა მოპასუხისათვის ყოველთვიურად 28 ლარის დაკისრებაზე 2015 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
8.3. ბანკს უარი ეთქვა მოპასუხისათვის ყოველთვიურად 7 ლარის დაკისრებაზე 2015 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
8.4. ბანკს უარი ეთქვა მოპასუხისათვის ყოველთვიურად 179.87 ლარის დაკისრებაზე 2015 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
8.5. ბანკს უარი ეთქვა მოპასუხისათვის ყოველთვიურად 29 ლარის დაკისრებაზე 2015 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
8.6. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
8.7. მოპასუხეს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 342.52 ლარის ანაზღაურება, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 256.52 ლარის, ასევე, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდა (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება- ტ.1, ს.ფ.164 -173).
საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები
9. საქალაქო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 420-ე, 867-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 268-ე მუხლი.
10. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებმა სადავოდ გახადეს ძირითად თანხაზე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა და, მიუღებელი შემოსავლის სახით, მიყენებული ზიანის არსებობა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2015 წლის 17 აპრილიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. მე-5 პუნქტი).
11. სასამართლომ საბანკო კრედიტის მომწესრიგებელ სამართლის ნორმებზე - კერძოდ, სსკ-ის 867-873-ე მუხლებზე მიუთითა, რომელთა საფუძველზე, ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ბანკსა და მოვალეს გააჩნიათ. სსკ-ის 867-ე მუხლით: „საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით“, ხოლო 868.1-ე მუხლით, მხარეთა შეთანხმებით, კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი, ამასთან, სსკ-ის 361.2-ე მუხლით, „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას“.
12. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან წარმოიშვა, რომელიც დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, ბანკის ძირითადი ვალდებულებაა გასცეს მსესხებელზე სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო მსესხებელი ვალდებულია, გადაიხადოს შეთანხმებული თანხა სარგებელთან ერთად.
13. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 208.3 მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 1560.23 ლარის ნაწილში (იხ. მე-7 პუნქტი), აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.
14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალეს არ შეუსრულებია, ამასთან, ვალდებულების დროული და ჯეროვანი შესრულება სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებითი მნიშვნელობისაა. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ ასრულებს. იმ შედეგების აღსაკვეთად, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს, კანონმდებელი სხვადასხვა ზომას ითვალისწინებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფენ და ემსახურებიან მისი შედეგების აღმოფხვრას, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პირგასამტეხლოს ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
15. სსკ-ის 417-418-ე მუხლების მოწესრიგებაზე მიუთითა სასამართლომ და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, კერძოდ, სარჩელის აღძვრამდე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო (სსკ-ის 417-418-ე, 420-ე მუხლები) და მოპასუხეს პირგასამტეხლო არ უნდა დაკისრებოდა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 17.04.2015 წლიდან (იხ. მე-5 პუნქტი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
16. სასამართლომ იმსჯელა, რომ ბანკის მითითებით, მის საქმიანობას წარმოადგენდა საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრებიდან შესაბამისი მოგების მიღება. მოსარჩელის მტკიცებით, რადგან მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მასვე უნდა დაკისრებოდა სესხის ძირითად თანხაზე, მიუღებელი შემოსავლის სახით, 29.06.2012წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 17.04.2015 წლიდან ძირითად თანხაზე - 1560.23 ლარზე, არა უმეტეს ერთი წლისა, წლიური 22%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 28 ლარს. 24.06.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 17.04.2015 წლიდან, სესხის ძირითად თანხაზე - 5995, 75 ლარზე, ორი წლის განმავლობაში დარიცხული, წლიური 36%-იანი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 179.87 ლარს.
17. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მისი მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2015 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში, მიადგა თუ არა ზიანი მოსარჩელეს, მიუღებელი შემოსავლის სახით. ამ მიზნით სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია მიუღებელი შემოსავლის არსის განმარტება სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც დადგენილია: „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“. მიუღებელი შემოსავალი, თავისი ბუნებით, გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი ექნებოდა მოვლენების განვითარება მართლზომიერების ფარგლებში რომ მომხდარიყო. მიუღებელი შემოსავალი ზიანის ერთ-ერთი სახეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული, კერძოდ: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
18. სასამართლოს შეფასებით განსახილველ შემთხვევაში, გაურკვეველი იყო, რომ თუკი მოსარჩელისათვის წინასწარ იყო ცნობილი ვალდებულების დარღვევის გამო მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის საფუძვლები, რატომ არ მიმართა ბანკმა შესაბამის ზომებს ვალდებულების დარღვევის დღიდან (რამ გამოიწვია დიდი ოდენობით პირგასამტეხლოს დაგროვება). ასევე, გაურკვეველი იყო, მიუღებელი შემოსავლის გამოანგარიშებაზე რატომ უნდა გავრცელებულიყო 29.06.2012წ. და 24.06.2013წ. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი.
19. საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ განსაზღვრა მკაფიოდ და ვერ დაადასტურა უტყუარი მტკიცებულებებით ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის, დადგომა, შესაბამისად, ბანკის მიერ მითითებული გარემოება, რომ მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრებიდან მოგების მიღება, არ იყო დადასტურებული.
მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
20. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (კრედიტორმა), რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და, ახალი გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
20.1. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო. გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ უნდა ეხელმძღვანელა კონკრეტული გარემოებებით: სესხის ძირითადი თანხითა და დარიცხული პროცენტის ოდენობით, გასულია თუ არა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ის გარემოებები, თუ როდის და რა მიზეზით მოხდა ვალდებულების დარღვევა, მხარის ქონებრივი მდგომარეობა და ა.შ;
20.2. მოცემულ შემთხვევაში, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისა და ბოლო გადახდებიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო შეესაბამებოდა სესხის ძირითად თანხას და სრული იურიდიული საფუძველი არსებობდა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე იმაზე უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე კეთილსინდისიერი გადამხდელი, რომელიც ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. იმის გარდა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ბანკის მიერ მიუღებელი შემოსავლის მიღების საშუალებას, იგი ერთგვარი სანქციაცაა. სასამართლოს პრაქტიკა, მინიმუმამდე შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, თავის მნიშვნელობას უკარგავს ამ სამართლებრივ ინსტიტუტს, უბიძგებს მსესხებელს, თავი აარიდოს დავალიანების გადახდას, რადგან სასამართლო ისედაც შეამცირებს მას და ზიანს აყენებს კრედიტორს. ასეთი პრეცედენტების გახშირება კი ხელს უშლის სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას;
20.3. დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილშიც. ბანკის საქმიანობას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრებიდან შესაბამისი მოგების მიღება და ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ თანხას იბრუნებდა შემდგომი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს იღებდა;
20.4. სსკ-ის 412-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა წინასწარ განსაზღვრეს საპროცენტო სარგებელი და ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემა, სწორედ სარგებლის ამ ოდენობის მიღებამ განაპირობა. შესაბამისად, მოპასუხისათვის სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა;
20.5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №51/04 ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკს მოეთხოვება სპეციალური რეზერვის შექმნა თითოეული უიმედოდ კლასიფიცირებული სესხისათვის, სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაშთის 100 %-ის ოდენობით, შესაბამისად, სესხის გაპრობლემების შემდეგ, ბანკი განიცდის ორმაგ ზიანს, ვინაიდან მისი მხრიდან ვერ ხდება სარგებლის მიღება, გაცემული ფულადი სახსრების დაბრუნება შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და, ასევე, ვერ ხდება დარეზერვებული თანხის გამოყენება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით ბანკის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-5 პუნქტების გაუქმებით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და კრედიტორის სარჩელი, მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ შემდეგი სახით:
21.1. 29.06.2012წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალეს (მოპასუხეს), ბანკის სასარგებლოდ, 17.04.2015 წლიდან ერთი წლის განმავლობაში დაეკისრა 336.00 ლარის გადახდა;
21.2. 24.06.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალეს (მოპასუხეს), ბანკის სასარგებლოდ, 17.04.2015 წლიდან ერთი წლის განმავლობაში დაეკისრა 2158.47 ლარის გადახდა;
21.3. დანარჩენ ნაწილში ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები
22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ იყო ფაქტობრივი თვალსაზრისით, ამდენად, საქალაქო სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოვლენილი იყო.
23. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეამოწმა სამართლებრივი შეფასების ნაწილში, რადგან კრედიტორის სააპელაციო საჩივრით სადავო იყო გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირებისა და, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ამიტომ სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელა სასამართლომ.
24. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
25. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის :
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
26. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ, ხელშეკრულებების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, სწორად შეამცირა პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს. შესაბამისად, არ არსებობდა ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
27. სასამართლომ სსკ-ის 394.1-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
28. სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
29. ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია და მიუთითა, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებული იყო, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.
30. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბანკის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოვალის მიერ სესხად აღებული, დაუბრუნებელი და, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების ოდენობის, საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული სესხის პროცენტის ოდენობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ამ ნაწილში აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეს (მოვალეს) 29.06.2012 წ. და 24.06.2013 წ. ხელშეკრულებების დარღვევის გამო , 2015 წლის 17 აპრილიდან (იხ. მე-7 პუნქტი), არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში უნდა დაკისრებოდა, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
31. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის 2494. 47 ლარის (336.00 + 2158.47) დაკისრების ნაწილში, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით დაეკისრა, შესაბამისად, მოითხოვა ბანკის სარჩელის უარყოფა მოვალისათვის დაკისრებული მიუღებელი შემოსავლის ნაწილში და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.2, ს.ფ.76-87).
32. კასატორმა შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა:
32.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, მის მიღებას საფუძვლად დაედო აპელანტის (ბანკის) ერთადერთი არგუმენტი საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქციის თაობაზე და ის გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკი ვერ მიიღებს იმ შემოსავალს, რაც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო (იხ. 20.3-20.5 ქვეპუნქტები, 23-ე, 27-30 პუნქტები);
32.2. მიუღებელი შემოსავალი, ისევე, როგორც ზიანი, მკაფიოდ და უტყუარი მტკიცებულებებით უნდა იყოს დადასტურებული მხარის მიერ. მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ საბანკო საქმიანობიდან გამომდინარე, მოსარჩელის ძირითადი საქმიანობა არის ფულადი სახსრებიდან მოგების მიღება, არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელსაც სასამართლო უნდა დაყრდნობოდა მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების საფუძველზე;
32.3. აპელანტმა ვერ დაამტკიცა, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ისე, განცდილი ზიანის ოდენობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ 29.06.2012წ. ხელშეკრულება, მისი დადებიდან 728 დღეში ამოიწურა, არ გაგრძელებულა, მით უმეტეს, მხარეები არ შეთანხმებულან პროცენტის გადახდაზე და ხელშეკრულების სხვა არსებით პირობებზე. უსაფუძვლოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის 336 ლარის დაკისრება. კასატორი აღნიშნავს, რომ სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის გადახდის ვალდებულება, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პირობებშია შესაძლებელი, ხოლო რადგან 29.06.2012წ. ხელშეკრულება არ გაგრძელებულა მხარეთა შორის, მოვალეს არ დაურღვევია იგი, შესაბამისად, არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და, ამ ვალდებულების დარღვევის გამო, კრედიტორისათვის მიყენებული ზიანი არ არსებობს;
32.4. 24.06.2013წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაეკისრა 2158,47 ლარის გადახდა, რაც ასევე უსაფუძვლოა. ამ ხელშეკრულებითა და მისი დანართით დასტურდება, რომ თავდაპირველი კრედიტის თანხად განისაზღვრა 1500 ლარი (იხ. მე-3 პუნქტი). დაწესებული პერიოდულობით მოვალე ვერ იხდიდა თანხას და ვერ ფარავდა კრედიტს (იგივე ვითარება იყო 29.06.2012წ. ხელშეკრულებაზეც), რაც თვალსაჩინო იყო საკრედიტო დაწესებულებისთვისაც, თუმცა, მოვალეს არიცხავდნენ ჯარიმებს. თუკი აღნიშნული გარემოება წინასწარ იყო სავარაუდო ბანკისათვის, გაუგებარია, რატომ არ მიმართა მან დარღვევისთანავე სასამართლოს, რატომ გასცა ახალი სესხი, რატომ „დააგროვა“ ზიანი. ბანკს არ წარუდგენია სასამართლოსათვის მოვალის გადახდის ისტორია, საქმეში არ არსებობს წერილობითი მტკიცებულება მოვალის მიერ მიღებული და გადახდილი თანხების შესახებ, მარტოოდენ აპელანტის სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნო სასამართლო;
32.5. კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ ბანკის წარმომადგენელი დავაში არის შპს „ტ-ა“, ეს უკანასკნელი რეალურად „ვალების მიმღები“ ორგანიზაციაა, რომელსაც „ნაყიდი“ აქვს ბანკისაგან მოთხოვნის უფლება და გარკვეულ გასამრჯელოს ღებულობს მოვალისაგან „ამოღებული“ თანხებიდან.
33. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 აგვისტოს განჩინებით მოვალის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო იმავე წლის 4 ნოემბრის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:
34. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81)
36. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა შეეხო მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზიებს მოვალისათვის პირგასამტეხლოს შემცირებისა და, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი) და, საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ბანკის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. ამ განჩინების 21-ე პუნქტი).
37. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მისთვის 2494. 47 (336.00+2158.87) ლარის, როგორც მიუღებელი შემოსავლის, დაკისრებას ამ განჩინების 32-ე პუნქტში ასახულ გარემოებებზე მითითებით.
38. განსახილველ საქმეზე „სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“/. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს“ (იხ. სუსგ #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.), შესაბამისად, განსხვავებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ფარგლებიც. „მიუღებელ შემოსავალს დამტკიცება სჭირდება (სსკ-ის 404-ე, 411-412-ე მუხლები), მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული გონივრული პროცენტის ნამდვილობისათვის საკმარისია მხარეთა წერილობითი შეთანხმება“ (სუსგ # ას- 932-882-2015, 15.03.2016წ.)
40. განსახილველ შემთხვევაში, მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები (იხ. ამ განჩინების 26-ე და მე-15 პუნქტები).
42. საკასაციო საჩივრის პრეტენზია ეხება მოვალისათვის კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული მიუღებელი შემოსავლის დაუსაბუთებლობას (იხ. ამ განჩინების 31-32-ე პუნქტები).
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.
43. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს.ბ-ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.).
44. სსკ-ის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება მოითხოვა 29.06.2012წ. და 24.06.2013წ. ხელშეკრულებებით (იხ. ამ განჩინების მე-16 პუნქტი) გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მიხედვით გაანგარიშების საფუძველზე, რაც მითითებული ხელშეკრულებების მიხედვით, წარმოადგენს, შესაბამისად, 336 ლარს (28 ლარი x 12 თვეზე) და 2158.47 ლარს (179.87 ლარი x 12თვეზე), სულ 2494.47 ლარს.
45. უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება (იხ. მე-14 პუნქტი), რის გამოც კრედიტორმა გასცა დავალიანების ცნობა 2015 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, ხოლო იმავე წლის 21 მაისს სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა 24.06.2013წ. ხელშეკრულება მოვალესთან.
46. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - #ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; #ას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.).
47. ამდენად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში სამართლებრივად უნდა შეფასდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე კრედიტორის მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტორმა ორი ხელშეკრულება გააფორმა მოვალესთან, პირველი ხელშეკრულების - 29.06.2012წ. 728 - დღიანი ვადა სარჩელის წარდგენის დღისათვის ამოწურული იყო, ხოლო მეორე ხელშეკრულება - 24.06.2013წ. კრედიტორმა თვითონვე შეწყვიტა ცალმხრივად მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელითა და მოთხოვნის წაყენებით, რომელიც პირგასამტეხლოს და მიუღებელ შემოსავალსაც მოიცავდა. ქვემდგომი ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, კრედიტორის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე, ასევე, მიუღებელი შემოსავალი დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (15.04.2017წ.) ერთი წლის განმავლობაში.
48. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისადმი იმთავითვე არ ყოფილა უსაფუძვლო და არც უსამართლო იმ თვალსაზრისით, რომ ფიზიკურ პირს, რომელიც საკრედიტო დაწესებულებასთან ურთიერთობაში, ცხადია, „სუსტ“ მხარედ გამოდის, მის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის, მისი დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის, ხანგრძლივობის გათვალისწინებით, კაბალურად დასწოლოდა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესასრულებელი ვალდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით.
49. კრედიტორმა მიუღებელი შემოსავალი დაუკავშირა მოვალესთან გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებში ასახულ წლიურ სარგებელს და მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნა მთლიანად, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, შეადგენს სასამართლოს მიერ შემცირებულ პირგასამტეხლოს (8550.76 ლარი) და მიუღებელ შემოსავალს - 29.06.2012წ. საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილ წლიურ 22% -ს, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 28 ლარია (28 X 12 თვეზე = 336 ლარს), ხოლო 24.06.2013წ. საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, წლიურ 36 %-ს, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 179.87 ლარია (179.87 X 12 თვეზე - 2158.44ლარს).
50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, რომელიც არ საჭიროებს მტკიცებას, შესაძლებელია მნიშვნელოვნად აღემატებოდეს კიდეც მხარის მიერ მოთხოვნილ მიუღებელ შემოსავალს (ამ უკანასკნელს, როგორც ზიანის ერთ-ერთ სახეს, დამტკიცება სჭირდება). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მიუღებელი შემოსავალი დაეკისრა დავალიანების შესახებ ცნობის შედგენიდან - 2015 წლის 17 აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში, რაც სავსებით ესადაგება იმ პრეზუმფციას, რომ საკრედიტო დაწესებულება ფულის სყიდვაუნარიანობის განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარე, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე. მოვალის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების გამო კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ადეკვატურია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულება, მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომაც და ისეთ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა პრაქტიკულად მოიცავს კრედიტორის ინტერესსაც მიუღებელი შემოსავლისადმი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით მიუღებელი შემოსავლის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სააპელაციო საჩივრის შედეგად არ იკვეთება კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი (შდრ. სუსგ # ას-307-291-2011, 24.10.2011წ.).
51. საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მჯელობა და დასკვნები, მოვალემ ვერ გააქარწყლა კრედიტორის მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებლობა, რაც საკასაციო განაცხადის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
52. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
53. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება;
3. კასატორის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე