საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1025-986-2016 13 იანვარი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ. ბ-მა (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან კერძო საჩივრის ავტორი) 2015 წლის 14 სექტემბერს სარჩელი აღძრა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდეგში: მოპასუხე, გამგეობა) წინააღმდეგ და მოითხოვა მორალური ზიანის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით საქმეზე შეწყდა წარმოება, რასაც საფუძვლად დაედო მოპასუხის შუამდგომლობა.
3. რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 209-ე მუხლზე მიუთითა: „საქმის მომზადების დროს 272-ე და 275-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების დროს საქმის წარმოება მოსამართლემ შეიძლება შეწყვიტოს ან სარჩელი (განცხადება) განუხილველად დატოვოს,რის შესახებაც მას გამოაქვს მოტივირებული განჩინება“. ასევე იმსჯელა, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტსა „სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: ...არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით“ და ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე „მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნა და შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ...ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ“.
4. სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად „გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი“. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარდგენილი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ 2012 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს იმავე მოპასუხის მიმართ და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვა 5000 ლარი.
5. რაიონული სასამართლოს შეფასებით, როგორც 2012 წელს აღძრული, ისე 2015 წელს შეტანილი სარჩელის მხარეები, დავის საგანი და სარჩელის საფუძვლები ერთი და იგივე იყო, რადგან ორივე ზემოხსენებულ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რაიონის გამგეობამ სახაზინო საწარმოს „ქინძმარაული“ (შემდეგში: პირველი სახაზინო საწარმო) ბალანსზე რიცხული სახაზინო საწარმო „გვირაბისათვის“ გადაცემის შესახებ 1997 წლის 4 სექტემბრის # 169 დადგენილებისა და პირველი სახაზინო საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ 1998 წლის 20 იანვრის # 7 დადგენილების მიღებით და შესრულებით შელახა მოსარჩელის ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ასევე, რაიონის გამგეობამ არ შეასრულა და თავისივე ქმედებით ხელი შეუშალა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობისა და მათ შესრულებაში ხელშეშლის გამო ვერ მოხდა მოსარჩელის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის რეაბილიტაცია, რაც ამ უკანასკნელს აყენებს მორალურ ზიანს, რასაც ხანგრძლივი და დენადი ხასიათი აქვს.
6. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც, მისი მოსაზრებით, დასაბუთებული და გამართლებული იყო სასარჩელო მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის წინააღმდეგ, 2015 წელსაც იდენტური მოთხოვნით იყო აღძრული, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენდა.
7. რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა საჩივრის კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენის გამო.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განჩინება პირადად ჩაბარდა მოსარჩელეს 2016 წლის 18 აგვისტოს (იხ. ს.ფ. 204), რის შემდეგაც მან იმავე წლის 1 სექტემბერს წარადგინა კერძო საჩივარი (იხ. ს.ფ. 206).
10. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ სამოქალაქო საპროცესო ნორმებზე იმსჯელა: 59-ე „1. საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. 2. თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა“, 63-ე „საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება“, მე-60 მუხლის მეორე ნაწილზე: „წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი“, 61-ე მუხლის მესამე ნაწილზე: „საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება“. ზემოხსენებულ ნორმათა ერთობლივად გაანალიზებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე დარღვეული იყო კერძო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა, ვინაიდან მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა სსსკ-ით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. მოსარჩელეს გასასაჩივრებელი განჩინების ჩაბარების მეორე დღიდან -2016 წლის 19 აგვისტოდან დაეწყო საპროცესო ვადის ათვლა, რაც იმავე წლის 30 სექტემბერს ამოიწურა, ხოლო კერძო საჩივარი რაიონულ სასამართლოში შეტანილი იყო 2016 წლის 1 სექტემბერს.
11. მოსარჩელემ კერძო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში განსახილველად შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
11.1. მას არ დაურღვევია კანონით დადგენილი გასაჩივრების საპროცესო ვადა და ფოსტას სწორედ 12-დღიან ვადაში, 2016 წლის 30 აგვისტოს 15:20 სთ-ზე ჩააბარა კერძო საჩივარი;
11.2. მოსარჩელე არ დავობს რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მისთვის ჩაბარების თარიღზე, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულ საპროცესო ნორმებს (იხ. ამ განჩინების მე-8 და მე-10 პუნქტები), თუმცა, აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს უფლება ჰქონდა კერძო საჩივარი შეეტანა რაიონულ სასამართლოში ან ჩაებარებინა ფოსტისათვის კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნულ 12 დღიან ვადაში, მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 30 აგვისტოს 24 საათამდე. სააპელაციო სასამართლოს სწორედ ამ დანაწესით უნდა ეხელმძღვანელა.
11.3. გასაჩივრებულ განჩინებაში ზოგადად არის მითითებული, რომ კერძო საჩივარი რაიონულ სასამართლოში შეტანილია 2016 წლის 1 სექტემბერს. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, დაედგინა და მიეთითებინა 21.10.2016 წ. განჩინებაში კერძო საჩივარი რაიონულ სასამართლოში ჩააბარა მოსარჩელემ თუ საქართველოს ფოსტამ, რომელმაც, თავის მხრივ, წარადგინა საჩივარი რაიონულ სასამართლოში. ვინ დაარღვია საპროცესო ვადა მოსარჩელემ თუ საფოსტო დაწესებულებამ.
11.4. კერძო საჩივრის ავტორი საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად უთითებს საქართველოს ფოსტის თელავის განყოფილების მიერ გაცემულ რეესტრზე # 6907928, საბუთის # 0100004925911, გაგზავნის თარიღი: 08/30/2016 15:02:58. მისივე მითითებით, აღნიშნული კერძო საჩივრის გზავნილის სახით წარდგენა და რაიონულ სასამართლოსათვის ჩაბარება დასტურდება ამავე სასამართლოს მიერ დამოწმებული ფორმა 119-ით, გზავნილის # 0100004925911, დამოწმებული 01.09.2016.
11.5. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს მის პოზიციას, რის გამოც კერძო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
12. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დარღვეულია თუ არა მოსარჩელის მიერ კერძო საჩივრის წარდგენის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 12 დღიანი ვადა, რადგან სწორედ აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად კერძო საჩივრის განუხილველად დატოვებას სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინებით. მითითებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი), საპროცესო ნორმებით დადგენილი მოწესრიგებიდან გამომდინარეობს. სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფის პრინციპს, რაც კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე უნდა იქნეს რეალიზებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-2, მე-4, მე-5 მუხლები). საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული.
15. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარება განპირობებულია იმ მტკიცებულებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელეს არ დაურღვევია სსსკ-ით დადგენილი 12 დღიანი ვადა და 59.1-ე, 61.3 მუხლების მოთხოვნები (ნორმათა დეფინიცია იხ. მე-10 პუნქტში). მან კანონით დადგენილი ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე ფოსტას ჩააბარა გზავნილი, რაც ვადის გასვლად არ ჩაითვლება. საქმის მასალებშია მოსარჩელის მიერ 2016 წლის 30 აგვისტოს 2:37:38 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი (იხ. ს.ფ. 280) და მის მიერ იმავე დღეს, 15:02:58 ფოსტისათვის ჩაბარების წერილობითი კორესპონდენციის რეესტრი # 6907938, ფოსტის გზავნილის ნომერი 0100004925911, სადაც ადრესატად მითითებულია გურჯაანის რაიონული სასამართლო, გზავნილის ტიპია: წერილობითი კორესპონდეცია (იხ. ს.ფ. 299), ასევე, ერთვის გზავნილისათვის დადგენილი გადასახადის გადახდის ქვითარი, რომელიც ასევე 2016 წლის 30 აგვისტოთია დათარიღებული, დრო 15:02 (იხ. ს.ფ. 298). აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სამართალწარმოების მასალებში სააპელაციო საჩივრის პირველ გვერდზე შტამპზე მითითებულია 2016 წლის 1 სექტემბერი (იხ. ს.ფ. 206), ხოლო ამავე საჩივრის ბოლო გვერდზე, რომელსაც ხელს აწერს მოსარჩელე მითითებულია თარიღი 30.08.2016წ. (იხ. ს.ფ. 217), კონვერტი ან სხვა დოკუმენტი არ არის განთავსებული მასალებში. საქმის მასალებშია საქართველოს ფოსტის მიერ გურჯაანის რაიონული სასამაღთლოსათვის მოსარჩელის # 010004925911 გზავნილის 2016 წლის 1 სექტებერს ჩაბარების დასტური, რომელსაც სასამართლოს მხრიდან უფლებამოსილი პირის სახელით ხელმოწერით ადასტურებს კანცელარიის უფროსი (იხ. ფორმა 119 - ს. ფ. 300), რაც ასევე ადასტურებს, მოსარჩელის მიერ საფოსტო განყოფილებისათვის გზავნილის (კერძო საჩივრის) ჩაბარებას სსსკ-ით დადგენილ 12-დღიან ვადაში.
16.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფიდეს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განჩინებაზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობის დასაბუთებულობის ხელახლა შესამოწმებლად, რათა მხარეს არ შეეზღუდოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის, როგორც ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები.
17. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდება მის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟი - 25 (ოცდახუთი) ლარი (იხ. ს.ფ. 296-297) სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ბ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს რ. ბ-ის კერძო საჩივრის, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განჩინებაზე, დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. რ. ბ-ს (პ/ნ 4..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საკრედიტო საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2016 წლის 4 ნოემბერი) 25 (ოცდახუთი) ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე