Facebook Twitter

№ას-979-943-2016 31 იანვარი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ნ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ბ-ემ (შემდეგში მოსარჩელემ) მ. ო-ის (შემდეგში პირველი მოპასუხის), მ. ო-ის (შემდეგში მეორე მოპასუხის) და ნ. მ-ის (შემდეგში მესამე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე, ქ.ბათუმი, გ-ს დასახლება, ა. პ-ის ქ. #... (საკადასტრო კოდი: ...) და დადგინდა უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

3. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მესამე მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით: საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მესამე მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფლების ნაწილში და საქმის განხილვა განახლდა.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; მესამე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და ამ უკანასკნელს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

6. განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მესამე მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

8. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 19.09.2016 წელს 15:30 საათზე, რომლის შესახებაც ეცნობათ მხარეებს კანონით დადგენილი წესით;

8.2. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 387.3-ე, 229.2-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

10. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მესამე მოპასუხემ. კერძო საჩივრის საფუძლები:

10.1. სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად კი არ უნდა დაეტოვებინა, არამედ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა;

10.2. აპელანტს არ ჩაბარებია სასამართლო უწყება, კერძოდ, უწყებაზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნის;

10.3. სადავო საცხოვრებელ სახლში, მესამე მოპასუხესთან ერთად, ცხოვრობენ მისი მეუღლე და ოჯახის წევრები, რომლებიც სასამართლოს საქმეში მხარედ არ ჩაუბამს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

13. სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ხოლო ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

14. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო 2016 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

16. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

18. ზემოხსენებულ ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ იგი საქმის განხილვაში არ ყოფილა მოწვეული კანონით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო უწყების ასლითა და ამ უწყების ჩაბარების ხელწერილით დასტურდება, რომ აპელანტს პირდად ჩაბარდა უწყება 2016 წლის 13 სექტემბერს. ამავე უწყებით, აპელანტს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებაზე, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები (იხ. ს.ფ. 145, 153). გაზიარებული ვერ იქნება კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ უწყებაზე შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლების მიხედვით, აპელანტი ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულებები, რაც მის მიერ მითითებულ გარემოებას დაადასტურებდა. აპელანტს, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ აპელანტი (სააპელაციო მოსარჩელე) დანიშნულ დროს სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (სააპელაციო მოპასუხემ) მოითხოვა არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, არამედ აპელანტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. სასამართლომ დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა და განუხილველად დატოვა აპელანტის სააპელაციო საჩივარი, რისი უფლებაც, ცხადია, მას ჰქონდა სსსკ-ის 229.2 მუხლისა და 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

21. უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მიერ წინამდებარე განჩინების 10.1 პუნქტში მითითებული პრეტენზია, ვინაიდან სსსკ-ის 229.2 მუხლის მიხედვით, რომელიც, სსსკ-ის 387.3 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოშიც გამოიყენება, სასამართლოს, აპელანტის გამოუცხადებლობისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე (სააპელაციო მოპასუხე), ან, თუ აპელანტი განმეორებით არ გამოცხადდება საქმის განხილვაზე. მოცემულ შემთხვევაში, არც ერთ ზემოხსენებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, სასამართლომ მართებულად არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

22. დაუსაბუთებელია, ასევე, წინამდებარე განჩინების 10.3 პუნქტში მითითებული კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, ვინაიდან სასამართლოს არა აქვს უფლება თავისი ინიციატივით საქმეში ჩააბას მოპასუხეები, ასეთი უფლებამოსილება გააჩნია თავად მოსარჩელეს (სსსკ-ის მე-3 მუხლი).

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ.ქათამაძე

მოსამართლეები: ბ.ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი