Facebook Twitter

საქმე №ას-279-264-2017 21 აპრილი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 10 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ცხოვრობს ქ.ბათუმში, კ-ის ქ#...ში მდებარე ბინა #...ში. ეკონომიური პირობების გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვიტა ერთი ოთახის გაქირავება და ამ გზით გარკვეული შემოსავალის მიღება. დაახლოებით სამი წლის წინ, ბინა მიაქირავა მოპასუხეს, რომელმაც რვა თვე იცხოვრა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ჩამოუყალიბდათ თბილი ურთიერთობა, რის გამოც ქირას აღარ ახდევინებდა და ხელს უწყობდა სხვა პრობლემების მოგვარებაშიც. მოპასუხის თხოვნით, ლომბარდში დაგირავებული ნივთების დაკარგვის თავიდან არიდების მიზნით, მოსარჩელემ მცირე ვადით ასესხა მშვილის მკურნალობისათვის მის მიერვე ნასესხები 8 000 ლარი. გადაცემული თანხა მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2015 წლის აგვისტოს ბოლოს, თუმცა, უარს აცხადებს ამ თანხის დაბრუნებაზე. აღნშნულის გამო გამსესხებელს მიადგა მორალური ზიანი, რადგან ვერც შვილიშვილს უმკურნალა და ვერც თავად, შესაბამისად, განიცდის სულიერ ტკივილს, ამდენად, კრედიტორმა მოითხოვა მორალური ზიანის _ 2 000 ლარისა და ნასესხები თანხის _ 8 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მიუხედავად მოსარჩელესთან ცხოვრებისა, მას თანხა არასოდეს უსესხია და არც მოსარჩელეს დაუფარავს მისი ვალი. მოპასუხის განმარტებით, ვინაიდან იყო დაკავებული, სესხის გადახდას თხოვდა ხოლმე მოსარჩელეს, აძლევდა შესაბამის თანხას, რომელიც ამ უკანასკნელს შეჰქონდა ბანკში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 2 816,68 ლარის გადახდა, ხოლო მორალური ზიანისა და სხვა თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში კრედიტორს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. კრედიტორი ცხოვრობს ქ.ბათუმში, კ-ის ქ#...ში მდებარე #... ბინაში, რომლისგანაც 2012 წელში ერთი ოთახი იქირავა მოპასუხემ. მხარეებს ჩამოუყალიბდათ თბილი ურთიერთდამოკიდებულება, რის გამოც ისინი ერთმანეთს სცემდნენ პატივს, ეხმარებოდნენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებში;

1.2.2. მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული სს „ს-სა“ და სს „ლ-თან“. 2013-2014 წლებში ამ ვალდებულებების დასაფარად, ხორციელდებოდა პერიოდული შენატანების შეტანა;

1.2.3. სს ,,ს-ის“ სალაროს შემოსავლის ორდერების თანახმად, მოვალის სალომბარდე ვალდებულების დასაფარად 8.46 ლარი, 18.15 ლარი, 7.29 ლარი და სხვა თანხები საბანკო დაწესებულებაში გადაიხადა მოსარჩელემ. ამავე ბანკის 2015 წლის 16 ოქტომბრის ცნობით, კრედიტორს მოპასუხის G...GEL ანგარიშზე 2014 წლის 6 ოქტომბრიდან 2015 წლის 17 აგვისტომდე შეჰქონდა თანხები (სულ _ 1 835 ლარი); 2015 წლის 22 ოქტომბრის ცნობის თანახმად, მოპასუხის #... ანგარიშზე, თვითმომსახურების ტერმინალის საშუალებით, გადაიხადა 1 100 აშშ დოლარი; თვითმომსახურების ტერმინალის ქვითრებით ასევე დასტურდება მოსარჩელის მიერ ტერმინალის მეშვეობით გარკვეული თანხმების გადახდა; სს ,,ლ-ის“ შემოსავლის ორდერების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარემ აპელანტის სესხის დასაფარად გადაიხადა 11.30 ლარი, 10.94 ლარი, ასევე სხვა თანხები; მოწმედ დაკითხულმა გ. კ-ემ, ტ. დ-ემ და ლ. პ-ემ აჩვენეს, რომ ბანკსა და თვითმომსახურების ტერმინალთან, მოვალის დავალიანების დასაფარად თანხას იხდიდა მოსარჩელე;

1.2.4. სადავოს წარმოადგენდა ზემოხსენებული თანხების მესაკუთრის ვინაობა და გადახდილი თანხის ოდენობა. ქვემდგომი სასამართლოების დასკვნით, ეს თანხები სწორედ მოსარჩელის მიერაა გადახდილი. ეს დასკვნა ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს: სს „ს-ის“ 2015 წლის 16 ოქტომბრისა და 22 ოქტომბრის ცნობებს, ტერმინალის ქვითრებს, სალაროს შემოსავლის ორდერებსა და მოწმეთა ჩვენებს. მხოლოდ ბანკის ცნობებსა და სალაროს შემოსავლის ორდერებში ასახული თანხების ჯამით (სასამართლოებმა უარყვეს თვითმომსახურების ტერმინალის ქვითრები და ის მტკიცებულებები, სადაც გადამხდელი არ ფიქსირდებოდა) დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს, მოპასუხის ვალდებულების დასაფარად სულ გადახდილი ჰქონდა 1 100 აშშ დოლარი და 2 816.68 ლარი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. მხარეთა შორის რაიმე წერილობითი ან სიტყვიერი შეთანხმება არ არსებულა, კასატორი იყო ბინის დამქირავებელი, რომელიც მოსარჩელის საცხოვრებელ ფართში შევიდა 2013 წლის 22 თებერვლიდან ყოველთვიურად 200 ლარის გადახდის პირობით. მოსარჩელემ შესთავაზა, დამქირავებლის მიერ მიტანილი პროდუქტით საჭმლის მომზადება და სარეცხის დარეცხვა, რაშიც კასატორი ყოველთვიურად იხდიდა საზღაურს (ქირა). ამ ურთიერთობამ მხარეთა შორის გარკვეული ნდობა ჩამოაყალიბა და ვინაიდან დამქირავებელი ბიზნესაქმიანობით იყო დაკავებული (არ ჰქონდა თავისუფალი დრო), საკვები პროდუქტების, ასევე, ბანკების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, იგი მოსარჩელეს აძლევდა საკუთარი შრომით მოპოვებულ თანხას. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ ქვითრებს კი, ინახავდა დაქირავებულ ოთახში. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის მართლაც იარსებებდა გარკვეული გარიგება, მაშინ მოპასუხე არა ნაწილ-ნაწილ, არამედ ბანკების მიმართ არსებული დავალიანების დასაფარ მთლიან თანხას ისესხებდა მოსარჩელისგან. ქირავნობის ორი წლის განმავლობაში კასატორს მოწინააღმდეგე მხარის ოჯახისთვის მიჰქონდა საზამთროდ შეშა, რაშიც იგი ეტაპობრივად იხდიდა თანხას, გარდა ამისა, როგორც ბიზნესმენი, კასატორი ხშირად სესხად აძლევდა ფულს, სწორედ ამ თანხებს რიცხავდა მოსარჩელე მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე.

1.4.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობა, რადგანაც ამგვარ ქმედებას სწორედ მოსარჩელის მხრიდან აქვს ადგილი, რომელიც სარგებლობს მოვალის ნდობით. ის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ნამდვილად ჰქონდა 8 000 ლარი ვალად აღებული, მართალია, მტკიცებულების სახით აქვს დართული ხელწერილი, მაგრამ სასამართლომ არ იხელმძღვანელა შინაგანი რწმენით, რომლის შემთხვევაშიც, რთული დასაჯერებელია, რომ მოწინააღმდეგემ საკუთარი და მცირეწლოვანი შვილიშვილის ჯანმრთელობა დადო სასწორზე და სამი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ იხდიდა სხვის ვალს მკურნალობის მიზნით ნასესხები თანხით.

1.5. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული. ამ თვალსაზრისით, ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები ემყარება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების კონსტანტაციას, რომელთა წინააღმდეგაც კასატორი შემოიფარგლება არა დასაბუთებული კრიტიკით, არამედ, მხოლოდ სავარაუდო, ჰიპოთეტური მსჯელობით, რაც, ბუნებრივია, ვერ შეარყევს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტების იურიდიულ ძალას. უფრო მეტიც, ზოგადი წესის თანახმად (სკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილი) შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას წარმოშობს, ეს გარემოება არათუ არ მიუთითებია კასატორს, ის გამორიცხავს მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობას და განმარტავს, რომ მოსარჩელე არა საკუთარ, არამედ, მოპასუხის მიერ მიცემულ თანხას რიცხავდა ბანკებში. ამ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი დაძლია და წარადგინა სარწმუნო მტკიცებულებები, მოპასუხემ კი, ამავე ნორმის შესაბამისად, ვერ გააქარწყლა ისინი.

1.6. ამგვარი ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში, ბუნებრივია, მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმადაც, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამდენად, ქვემდგომმა სასამართლომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის მომწესრიგებელ თავში სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლი, მართებულად განმარტა იგი და დამტკიცებულად ცნობილი თანხის გათვალისწინებით სწორად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძლიანობა კონდიქციიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის ვალდებულების დაკისრების თაობაზე.

1.7. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე ვითომ კრედიტორისათვის თანხის დაკისრების კუთხით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, კასატორი კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თოაბაზე. კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. კასატორის შუამდგომლობა/წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. საკასაციო საჩივარს ერთვის სს „ს-ის“ ცნობა იმის თაობაზე, რომ თვითმომსახურების ტერმინალის მომსახურებით თანხის შეტანისას შემტანის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდება, ხოლო ამავე ბანკის მიერ მანამდე გაცემული ცნობა გადამხდელის ვინაობის თაობაზე ემყარებოდა მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საკასაციო საჩივრით მოვალემ იშუამდგომლა ამ დოკუმენტისათვის საქმის დართვის თაობაზე.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი დოკუმენტი 1 (ერთი) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ამდენად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 06.02.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. მ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 06.02.2017წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. მ. მ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული სს „ს-ის“ წერილი 1 (ერთი) ფურცლად (ს.ფ. 411).

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური