Facebook Twitter

საქმე №ას-194-183-2017 7 აპრილი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჭ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „თ-მა“ (შემდგოში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჭ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის 6 867,42 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 5 868,42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენდა 2 806,68 ლარს, სარგებელი _ 1 661,41 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო _ 1 400,33 ლარს, მოვალეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 999 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანახა შეადგენდა 253,99 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო _ 745,01 ლარს.

3. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

5.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით. საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე მოვალეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, თუმცა, მისი გამოსწორება ვერ უზრუნველყო, რადგანაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო არ იმყოფებოდა ქ.თბილისში და გარკვეული მიზეზების გამო არ შეეძლო დაკისრებული მოქმედების შესრულება. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, იგი მიღებულია ცალმხრივად, ერთი მხარის სასარგებლოდ, რის გამოც, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს საქმის მასალების შესწავლა და გადაწყვეტილების მიღებისას მისი პოზიციის გათვალისწინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატის შეფასების საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს, ამ საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით მოვალის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადის დაცვით დაევალა:

ა) საქართველოს იუსტიციის უმღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა;

ბ) სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის _ 275 ლარის გადახდა და შესაბამისი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა;

გ) ამომწურავად განემარტა მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს, მის მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ გაგზავნის მიუხედავად ვერ ჩაბარდა, ხოლო 2016 წლის 2 ნოემბერს მან პირადად, სასამართლოს შენობაში ჩაიბარა იგი;

1.2.3. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

1.3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლზე და ეთანხმება დასკვნას ხარვეზის დადგენის თაობაზე აპელანტის ჯეროვანი ინფორმირების შესახებ, რამდენადაც მხარემ პირადად ჩაიბარა განჩინება სასამართლოში. ეს ფაქტი, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია (საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 3 ნოემბერს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 12 ნოემბერი იყო შაბათი, სსსკ-ის 61.2. მუხლის თანახმად, ამოიწურა 14 ნოემბერს). პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ კანონის არსებითად სწორად განმარტების გზით მართებულად უთხრა უარი აპელანტს საჩივრის განსახილველად მიღებაზე, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

1.4. პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარემ სამსახურებრივი მვალეობის შესრულების გამო ვერ შეძლო ხარვეზის გამოსწორება, რადგანაც საქმეში რაიმე მტკიცებულება არა თუ მხარის თბილისში არყოფნის, არამედ, ზოგადად დასაქმების ფაქტის დადასტურების მიზნითაც არ მოიპოვება, გარდა ამისა, კერძო საჩივრის ამ არგუმენტის გაზიარება მაინც ვერ გახდება მისი დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც საპროცესო სამართლის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელთაგან არც ერთს კერძო საჩივარში მითითებული გარემოება არ განეკუთვნება. რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ მოვალის მიერ გამოთქმულ პოზიციას, მას საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს კერძო საჩივრის ფორმატში (იხ. სსსკ-ის 414-ე მუხლი), ამასთან, განუმარტავს მხარეს, რომ მისი ამ პრეტენზიების კვლევა სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. მხარემ კი, საკუთარი უმოქმედობოთ ფაქტობრივად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა (სსსკ-ის მე-2 მუხლი).

1.5. ამდენად, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური