საქმე №ას-205-194-2017 7 აპრილი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ე. ა-ი, ნ. და თ. ჩ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ- ფ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ- ფ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ა-ის, თ. და ნ. ჩ-ების (შემდგოში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მფლობელები) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილი, ქ.გორში, ყ-ის ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონების მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ წარმოადგენენ ქონების მართლზომიერ მფლობელებს, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიუთითეს, რომ სადავო ფართი არაიდენტიფიცირებულია, რის გამოც მათ მიერ მოსარჩელის კუთვნილი ქონების ფლობის ფაქტი არ დასტურდება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება (ს/კ #...) და გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე მხარეებს განუმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში უნდა გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყებოდა. სწორედ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღეს და შემდგომ პერიოდში ცხადდებოდნენ მოპასუხეები სასამართლოში, თუმცა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება მხოლოდ 2016 წლის 3 ნოემბერს გახდა შესაძლებელი, რადგანაც სასამართლოს იგი არ ჰქონდა მომზადებული, ამ გარემოების შემოწმება, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობითაა შესაძლებელი. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების გარეშე კი, მხარეები ვერ შეძლებდნენ სააპელაციო პრეტენზიების ჩამოყალიბებას. სხვა შემთხვევაში, თუკი მხარე თავს არიდებდა გადაწყვეტილების ჩაბარებას, ალოგიკურია მისი 2016 წლის 3 ნოემბერს ჩაბარება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა-ის, ნ. და თ. ჩ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო პალატის შეფასების საგანს აპელანტების მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.2.1. გორის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 22 სექტემბერს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას ამომწურავად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მოთხოვნები;
1.2.2. გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მფლობელთა უფლებამოსილი წარმომადგენელი (მინდობილობები იხ. საქმის მასალებში);
1.2.3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2016 წლის 22 სექტემბერი, 30-ე დღე _ 2016 წლის 24 ოქტომბერი (თანახმად სსსკ-ის 61-ე (2) მუხლისა, რადგანაც 22 ოქტომბერი ემთხვეოდა არასამუშაო დღეს, შაბათს);
1.2.4. მოპასუხეთა წარმომადგენელმა გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით რაიონულ სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბერს მიმართა, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 42-ე დღეს;
1.2.5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო სამუშაო დღეს _ 25 ოქტომბერს და ამოიწურა 2016 წლის 7 ნოემბერს;
1.2.6. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია რვა დღის დაგვიანებით _ 2016 წლის 15 ნოემბერს.
1.3. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
1.4. დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების შედეგად იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. უდავოა ის ფაქტიც, რომ კერძო საჩივრის ავტორები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტები არ არიან.
1.5. შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება).
1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ ისინი კანონით დადგენილ ვადაში ცხადდებოდნენ სასამართლოში, თუმცა, სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მოუმზადებლობის გამო მათ იგი არ გადაეცემოდათ. ამ თვალსაზრისით უდავოა, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მომზადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით განსაზღვრული ვადის დარღვევის ფაქტს დაადასტურებდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესო აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე (იხ. სსსკ-ის მე-4 მუხლი) და ზოგადი წესის თანახმად, მხარე, საკუთარი პოზიციის მტკიცების მიზნით თავადაა ვალდებული, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები (იხ. სსსკ-ის 103-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივარსაც არ ერთვის იმგვარი მტკიცებულება, რაც მასში მითითებულ ფაქტს დაადასტურებდა. რაც შეეხება მათ მითითებას გადაწყვეტილების დასაბუთების ვადის დარღვევის ფაქტის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გადამოწმების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ ამგვარი მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიზნებს ცდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატამ გადაამოწმა აღნიშნული მონაცემები და საპროცესო ვადების რაიონული სასამართლოს მხრიდან დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.
1.7. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით ქვემდგომმა სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 59-ე, 61-ე მუხლებით და სწორად უთხრა უარი მფლობელებს სააპელაციო საჩივრის მიღებაზე. კერძო საჩივარი კი, არ შეიცავს ამ განჩინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული გაუქმების საფუძვლებზე მითითებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ა-ის, ნ. და თ. ჩ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური