Facebook Twitter

საქმე №ას-297-281-2017 7 აპრილი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ი-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის _ 700 ლარის, სესხის დამტკიცების ერთჯერადი საკომისიოს _ 140 ლარის, სარგებლის _ 616 ლარისა და ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს _ 461 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

სესხის ძირი თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო და მოითხოვა დარჩენილი თანხების დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის _ 700 ლარის, სესხის დამტკიცების ერთჯერადი საკომისიოს _ 140 ლარისა და სარგებლის _ 616 ლარის ანაზღაურება, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სესხის დამტკიცების საკომისიოს, სარგებლისა და სასამართლო ხარჯების დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო ძირი თანხის _ 700 ლარისათვის მის მიერ გადახდილი 171 ლარის გამოკლება და დარჩენილი 529 ლარის გადახდის ერთ წელზე განაწილვადება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი თანხის ოდენობა აღემატებოდა 1 000 ლარს, რადგანაც მხარე სადავოდ ხდიდა სესხის დამტკიცების საკომისიოს _ 140 ლარის, სარგებლის _ 616 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 19.71 ლარის მისთვის დაკისრებას, ასევე, მოითხოვდა უკვე გადახდილი 171 ლარის სესხის ძირ თანხაზე გაკლებას და თანხის დარჩენილი ნაწილის გადახდის 1 წელზე განაწილვადებას. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მას შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლების რეალიზაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კანონიერება. ამ თვალსაზრისით პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:

1.2.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის იმ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რომლითაც მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის დამტკიცების ერთჯერადი საკომისიოს _ 140 ლარის, ასევე, პროცენტის _ 616 ლარის გადახდა. აპელანტი მოითხოვდა კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული ბაჟის _ 19,71 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას, სესხის ძირი თანხისათვის მის მიერ გადახდილი 171 ლარის გამოკლებასა და გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენას;

1.2.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის გამოთვლის ზოგად წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი გამოიანგარიშება გადასახდელი თანხით, თავის მხრივ, აღნიშნული ნორმა ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მოდიფიცირდება და სააპელაციო სამართალწარმოებისას იგი განისაზღვრება იმ ოდენობით, რა ფარგლებშიც ითხოვს აპელანტი გადაწყვეტილების შეცვლას (იხ. სსსკ-ის 365-ე მუხლი);

1.2.3. სააპელაციო საჩივრის, ისევე, როგორც სარჩელისა თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი იმგვარად, რომ სასამართლო პროცესის ხარჯებს, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის მოთხოვნას დავის საგნის ღირებულებაში ვერ გამოიანგარიშებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე, ასევე, 249-ე (5) და 389-ე (3) მუხლების ძალით, სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს პროცესის ხარჯები იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რაც შეეხება თავად გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენას, მისი საპროცესო ხასიათიდან გამომდინარე, არც ამ მოთხოვნას შეიძლება გააჩნდეს რაიმე დამოუკიდებელი ღირებულება (იხ. სსსკ-ის 263-ე მუხლი). ამდენად, განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ მოვალის სააპელაციო საჩივარის საგნის ღირებულება შეადგენდა 927 ლარს (140+616+171).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა დაადგინა, თუ რა კატეგორიის საქმის მიმართ დაიშვება სააპელაციო საჩივრის შეტანა. აღნიშნულ კრიტერიუმს წარმოადგენს დავის საგნის ღირებულება და დადგენილია, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 1 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლება და განმარტავს, რომ მართალია, სასამართლოო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, ვინაიდან ჩარევას საფუძვლად უდევს საკანონმდებლო საფუძველი _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი), იგი ლეგიტიმურ ჩარევად მიიჩნევა და აღნიშნული გამორიცხავს პირის უფლების დარღვეულად მიჩნევის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის მნიშვნელობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს, სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).

1.5. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია.

1.6. რაც შეეხება კერძო საჩივარზე გადახდილ ბაჟს, პალატა მიჩნევს, რომ მისი ნახევარი _ 25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოვალეს, კერძოდ:

1.6.1. კრედიტორის მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 1917 ლარს, შესაბამისად, მოცემული დავა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატ მოსამართლეთა განსახილველ დავათა კატეგორიაში ექცევა, რის გამოც, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის ოდენობა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, განახევრებას ექვემდებარება;

1.6.2. პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) მხარეს უნდა დაუბრუნდეს საკუთარი ინიციატივით გადახდილი ბაჟის ნახევარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 39-ე, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორ ლ. მ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 23.02.2017წ. #... საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 25 ლარი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი _ 25 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური