Facebook Twitter

საქმე №ას-1180-1141-2016 7 აპრილი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ლ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – სარჩოს ოდენობის გაზრდა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2017 წლის 31 მარტს საკასაციო სასამართლომ განიხილა ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი სს „ს-ის“ მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე, სადაც დავის საგანს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული სარჩოს ოდენობის გაზრდა წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2013 წლის 27 მაისიდან 2014 წლის 25 მაისამდე სარჩოს გაზრდილი ოდენობის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ლ-ას სარჩელი სს „ს-ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს-ას“ ა. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 27 მაისიდან 2014 წლის 25 მაისამდე მიუღებელი სარჩოს _ 3 504 ლარის ანაზღაურება საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

ამდენად, მითითებული გადაწყვეტილების მიღებისას საკასაციო სასამართლომ იმსჯელა კასატორის იმ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა განვლილი პერიოდის მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების საკითხს და მოპასუხის შედავების გათვალისწინებით, სარჩელი დააკმაყოფილა მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც არ იყო ხანდაზმული, თუმცა, პალატას არ გადაუწყვეტია ყოველთვიური (მიმდინარე) სარჩოს გაზრდილი ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერების საკითხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება. ამასთანავე, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის საპირისპიროდ, პალატა მხედველობაში იღება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმას, რადგანაც მიიჩნევს, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით მხარეთა მოწვევა არ არის სავალდებულო.

საკასაციო სასამართლო დამატებითი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს ამავე სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ:

ა) ა. ლ-ა დასაქმებული იყო სს „ს-აში“. 1986 წლის 19 სექტემბრიდან მას დაუდგინდა შრომითი უნარის შეზღუდვა (მესამე ჯგუფი);

ბ) 2006 წლის მაისიდან სს „ს-ა“ ა.ლ-ას უხდის სარჩოს, ლიანდაგის მონტიორის ხელფასის 60%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 83 ლარს;

გ) ა.ლ-ას მიერ ადრე დაკავებული თანრიგის მუშაკის თანამდებობრივი სარგო 2006 წლიდან პერიოდულად იზრდებოდა და საბოლოოდ, 2013 წლიდან 625 ლარი შეადგინა;

დ) ა. ლ-ა 1949 წლის 25 მაისს დაიბადა და საპენსიო ასაკს _ 65 წელს 2014 წლის 25 მაისს მიაღწია.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 27 მაისიდან 2014 წლის 25 მაისამდე მიუღებელი სარჩოს სხვაობის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, სარჩოს გადაანგარიშების სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 411-ე და 408-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაძლებლობას (იხ. 31.03.2017წ. გადაწყვეტილება), გარდა ხსენებული სამართლებრივი საფუძვლებისა, პალატამ საკასაციო სასამართლოს მიერ ბოლოდროინდელ პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ სარჩო გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარებოდა იმ შემთხვევაში, თუ უფლების მქონე პირის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ განხორციელდებოდა ჯანმრთელობის/სხეულის დაზიანებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ხელფასის ოდენობის ზრდა (იხ. სუსგ-ებები: №ას-789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი; №ას-1216-1141-2015, 3 ივნისი, 2016 წელი, №ას-1220-1145-2015, 3 ივნისი, 2016 წელი).

ამდენად, უდავოა, რომ ა. ლ-ამ 65 წლის ასაკს მიაღწია 2014 წლის 25 მაისს. ამ დროისათვის სს „ს-ის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ლიანდაგის მონტიორის ხელფასი შეადგენდა 625 ლარს. შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული სხეულის დაზიანების გამო ა.ლ-ას დაუდგინდა შრომითი უნარის შეზღუდვის მესამე ჯგუფი და ამ საფუძვლით სს „ს-ა“ უნაზღაურებდა სარჩოს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე არსებული ხელფასის 60%-ის ოდენობით. მოხმობილი ფაქტების ზემოხსენებულ ნორმებთან სუბსუმირების შედეგად, საკასაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას 2014 წლის 25 მაისიდან ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე, თუმცა არა მოქმედი მონტიორის შრომის ანაზღაურების 100%-ით, არამედ _ 60%-ით, რაც ყოველთვიურად 375 ლარს შეადგენს. აქვე საკასაციო პალატა ითვალისწინებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ყოველთვიურად უხდის სარჩოს გარკვეული ოდენობით (83 ლარი) და თვლის, რომ მოპასუხის მხრიდან ანგარიშსწორების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ამ გადაწყვეტილების აღსრუელბამდე ფაქტობრივად გადახდილი სარჩოს ოდენობა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2014 წლის 25 მაისიდან გაზრდილი ოდენობით სარჩოს ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნას ახალი (დამატებითი) გადაწყვეტილება ა. ლ-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

რაც შეეხება სასამართლო ხარჯების საკითხს, პალატა თვლის, რომ სს „ს-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა, კერძოდ: ყოველთვიური სარჩოს გაანგარიშების მოთხოვნის ნაწილში დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 6 250 ლარს (სარჩელის აღძვრიდან მის გადაწყვეტამდე გასულია 10 თვე). მოსარჩელის მოთხოვნა ყოველთვიური სარჩოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა რა 60%-ით, ამასთან, ა.ლ-ა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სს „ს-ას“ უნდა დაეკისროს სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე მოსარჩელის მიერ გადაუხდელი თანხის ჯამის 60%-ის _ 300 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 261-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. 2014 წლის 25 მაისიდან გაზრდილი ოდენობით სარჩოს ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ა. ლ-ას საკასაციო საჩივარზე მიღებულ იქნას დამატებითი გადაწყვეტილება.

2. ამ ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და სს „ს-ას“ (ს/კ #...) ა. ლ-ას (პ/#...) სასარგებლოდ 2014 წლის 25 მაისიდან ყოველთვიური სარჩოს სახით დაეკისროს 375 ლარის ანაზღაურება საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდილი თანხის გამოკლებით (საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით).

3. სს „ს-ას“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან დამატებით დაეკისროს 300 ლარის გადახდა.

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყტვეტილება დარჩეს უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური