Facebook Twitter

საქმე №ას-251-239-2017 21 აპრილი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ს-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, მიმწოდებელი ან პრინციპალი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი, შემსყიდველი ან ბენეფიციარი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს _ 31 700,54 ლარისა და საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული 27 880 ლარის დაბრუნება, ასევე, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს _ 7 109 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 9 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 557 600 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების თანახმად, რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა ქ.თბილისში, ფ-ის დასახლებაში, რ-ის, ბ-ისა და ა-ის ქუჩებს. სამუშაოს მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღე. სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესრულების ვადის 20 დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევისათვის სს „თ-ის“ (შემდგომში _ გარანტი) მიერ გაცემული იქნა საბანკო გარანტია 27 880 ლარის ოდენობით. სამუშაოების წარმოებისას აღმოჩნდა, რომ 9 ოქტომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით იყო 19 ნალექიანი დღე და სამუშაოების დასრულება დადგენილ ვადაში ობიექტურად შეუძლებელი იყო. ამის შესახებ მიმწოდებელმა, შემსყიდველს აცნობა 2015 წლის 3 დეკემბერს #74 წერილით და ითხოვა სამუშოს მიწოდების ვადის გაზრდა 19 დღით - 28 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა, შემსყიდველმა ხელშეკრულების ვადა გააგრძელა მხოლოდ 10 დღით - 2015 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, რაზეც მხარეებს შორის 2014 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება. 2014 წლის 16 დეკემბერს მიმწოდებელმა დაასრულა რ-ის ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფაქტობრივმა ღირებულებამ შეადგინა 112 264 ლარი, რაც დადასტურდა #1 მიღება-ჩაბარების აქტით, ხოლო, 2014 წლის 24 დეკემბერს _ ბ-ის ქუჩის რეაბილიტაცია. შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 125 714,44 ლარი, რაც დადასტურდა #2 მიღება-ჩაბარების აქტით. მიუხედავად ამისა, შემსყიდველმა ხელშეკრულების 6.1. და 7.2. პუნქტების შესაბამისად 30 კალენდარული დღის ვადაში არ ჩარიცხა შესრულებული სამუშაოს ღირებულება მიმწოდებლის ანგარიშსზე, რის გამოც მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ნაცვლად 0,5%-ისა (რომლის ოდენობაც შეუსაბამოდ დიდია) 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულებას ხელი შეუშალა იმ გარემოებამ, რომ რ-ის ქუჩის მოსახლეობამ საკომუნიკაციო მილების შესაცვლელად თვითნებურად გათხარა ტრანშეა და სამუშაოს გაგრძელება შეუძლებელი გახდა, რაც დადასტურდა მხარეებს შორის 2015 წლის 15 იანვარის დამატებითი შეთანხმების აქტით, რის საფუძველზეც მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება. მოგვიანებით, 2015 წლის 22 იანვარს, შემსყიდველმა ისევ შეცვალა სამუშაოს პროექტი. მისი მოცულობა დაკორექტირდა და 2015 წლის 9 თებერვლისა და 10 მარტის შეთანხმებებით, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 33 088,43 ლარით. სამუშაოები საბოლოოდ დასრულდა 2015 წლის 5 მარტს. მოპასუხემ, იმ მოტივით, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების შესრულების ვადა 20 დღეზე მეტი ხნით გადააცილა, 2015 წლის 15 იანვარს გარანტს მოსთხოვა შემსრულებლის სასარგებლოდ გაცემული საგარანტიო თანხის _ 27 880 ლარის ჩარიცხვა. თანხა ჩარიცხული იქნა 2015 წლის 20 იანვარს, ასევე, ვინაიდან შემსყიდველი არ იხდიდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, მიმწოდებელი იძულებული გახდა 2015 წლის 26 მარტს მიემართა მისთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან მოთხოვნილი პირგასამტეხლოს _ 31 700 ლარის დაკავების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას არ დაურღვევია ანგარიშსწორების წესი, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას გამორიცხავს. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 9.2. და 9.3. პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურებამდე, შემსყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ანგარიშსწორებაზე. მოცემულ შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდა მიმწოდებლის მიერ შესაბამის ანგარიშზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის შემდეგ. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ მოპასუხემ დაარღვია საფასურის გადახდის ვადა, მას მაინც არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო შემდეგ გარემოებათა გამო: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის საჯარიმო სანქციების დარიცხვას. 9.4. პუნქტის თანახმად, საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისათვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების გაცნობიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში, შესაბამისად, საჯარიმო სანქციების ამოქმედებას წინ უნდა უძღვოდეს მხარის გაფრთხილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ათვლა ვერ დაიწყება. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ითვალისწინებს დამატებითი ვადის მიცემას ვალდებულების შესრულებისათვის, რაც სავსებით გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას. მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 9 ოქტომბერს, რომლის 3.1. პუნქტის თანახმად, უნდა შესრულებულიყო 2014 წლის 8 დეკემბერს. შემსყიდველმა გაითვალისწინა, რა მხარის ფორს-მაჟორული მდგომარეობა, მიუხედავად დიდი საჯარო ინტერესისა, 2014 წლის 8 დეკემბერს მიმწოდებელს მისცა დამატებით 10-დღიანი ვადა _ 2014 წლის 18 დეკემბრამდე, თუმცა, სამუშაოები ვერც გაზრდილ ვადაში შესრულდა. შემდგომში განხორციელებული მიმოწერები და ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები ნაკისრი ვალდებულებების დასრულების მიზანს ემსახურებოდა. არც მოსარჩელე უარყოფს ამ ვადის დარღვევას, რის გამოც შემსყიდველს სრული საფუძველი ჰქონდა, მიეღო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა. გარდა ამისა, მოსარჩელე არასწორად განმარტავს საბანკო გარანტიის ოდენობას. იგი გაიცა 278 880 ლარზე. საბანკო გარანტიაში არანაირი ცვლილება არ შესულა. მხოლოდ სამუშაოების ღირებულების შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ საბანკო გარანტიის ჩამოჭრა უნდა მომხდარიყო 330 888 ლარის 5%-ის ოდენობით და არა 557 600 ლარის 5%-ის ოდენობით. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, დაკისრებული პირგასამტეხლოს იძულებით გადახდასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული გარემოების დამადასტურებლი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, შემსყიდველმა სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და სრულად აანაზღაურა ხელსეკრულების ღირებულება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მიმწოდებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიმწოდებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემსყიდველს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: ა) საბანკო გარანტიის საფუძველზე გადახდილი თანხის _ 27 880 ლარისა და ზედმეტად მიღებული პირგასამტეხლოს _ 25 360,54 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 7 109 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემსყიდველმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის 9 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #... ხელშეკრულება:

ა) 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტად განისაზღვრა ქ.თბილისში, ფ-აში, რ-ის, ბ-ისა და ა-ის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ბ) მე-3 პუნქტით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების პირობები: მიწოდების ვადა _ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღე (3.1.); სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდ კალენდარულ დღეში (3.3.); შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (6.1.);

გ) ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი: ანგარიშსწორების ფორმა _ უნაღდო (7.1.); ანაგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (7.2.); 9.2. და 9.3. პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურებამდე, შემსყიდველი უფლებამოსილია, უარი თქვას ანგარიშსწორებაზე. ამ შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესაბამის ანგარიშზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის შემდეგ (7.3.);

დ) ხელშეკრულების მე-8 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების გარანტია: იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოყენებულ იქნა სს „თ-ის“ მიერ 2015 წლის 8 იანვრამდე ვადით გაცემული #... საბანკო გარანტია საერთო თანხით _ 27 880.00 ლარი;

ე) მე-9 პუნქტით განისაზღვრა საჯარიმო სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მათი ფორმა, ოდენობა და გადახდის წესი: ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, არაჯეროვანი შესრულებისათვის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები (9.1.); მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების 3.4. პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს პირგასამტეხლო შემსყიდველს გეგმა გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (9.2.); სამუშაოს დასრულების საბოლოო ვადის 20 დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ (9.3.); საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისათვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (9.4.); შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულების 7.2. პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში გადაუხადოს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადავილებულ დღეზე (9.5.);

ვ) ხელშეკრულების მე-11 პუნქტით განისაზღვრა ფორსმაჟორი: სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერის ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადახდილ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება (11.1); ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას (11.2.); ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ (11.3.);

1.2.2. 2014 წლის 3 დეკემბერს მოსარჩელემ წერილით მიმართა შემსყიდველს და აცნობა, რომ 2014 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო ქ.თბილისში, ფ-აში, რ-ის, ბ-ისა და ა-ის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, 2014 წლის 9 ოქტომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით იყო 19 ნალექიანი დღე. აღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა ითხოვა სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდა 19 დღით - 2014 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. მითითებული წერილის შინაარსის გათვალისწინებით, 2014 წლის 8 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, გაგრძელდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაც და მისი მოქმედება განისაზღვრა 2015 წლის 19 იანვრის ჩათვლით;

1.2.3. 2014 წლის 16 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები 2014 წლის 15 დეკემბრის ფორმა #2-ის მიხედვით, სადაც ქ.თბილისში, ფ-აში რ-ის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია 2014 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება განისაზღვრა 112 264 ლარით.

1.2.4. 2014 წლის 31 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები 2014 წლის 29 დეკემბრის ფორმა #2-ის მიხედვით, სადაც ქ.თბილისში, ფ-აში, რ-ისა და ბ-ის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და სამუშაოების შესრულების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 24 დეკემბერი. შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 125 714,44 ლარი (რ-ის ქუჩა _ 78 489,90 ლარი და ბ-ის ქუჩა _ 47 224,54);

1.2.5. 2014 წლის 26 დეკემბერს მიმწოდებელმა შემსყიდველს წერილობით აცნობა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო ქ.თბილისში, ფ-აში რ-ის, ბ-ისა და ა-ის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, ვინაიდან, რ-ის ქუჩაზე მოსახლეობამ გათხარა ტრანშეი პიკეტი 00-დან პიკეტი 3-ის 15-მდე და შემდგომ იმ სველი მიწითვე ამოავსო ტრანშეი, რომელშიც ისევ წვიმის წყალი დგას, აღარ ამოდის ღორღის ტკეპნის კოეფიციენტი. წერილის შინაარსის გათვალისწინებით, 2015 წლის 15 იანვარს, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, აქტის ხელმომწერმა მხარეებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს რ-ის ქუჩაზე ტრანშეის ადგილას 2487.7 მ2-ზე არ მოეწყოს პროექტითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგზაო სამოსის ა/ბეტონის საფარის ქვედა და ზედა ფენები;

1.2.6. მხარეთა შორის, 2015 წლის 22 იანვარს, 2015 წლის 9 თებერვალსა და 2015 წლის 10 მარტს გაფორმებული შეთანხმებებით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი კორექტირებული ხარჯთაღრიცხვების საფუძველზე, 2014 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულების ღირებულება დაკორექტირდა და საბოლოოდ განისაზღვრა 330 888.43 ლარით;

1.2.7. 2015 წლის 5 მარტს, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები და 2015 წლის 14 იანვრის, 16 იანვრისა და 24 თებერვლის ფორმა #2-ების მიხედვით დადასტურდა შესრულებული სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 33 591.84 ლარი, 24 123,27 ლარი და 37 894,88 ლარი, ხოლო სამუშაოების შესრულების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 29 დეკემბერი, 2016 წლის 6 იანვარი და 2015 წლის 16 იანვარი. 2015 წლის 5 მარტს შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მასზედ, რომ მიმწოდებლის მიერ ქ.თბილისში, ფ-აში, რ-ის, ბ-ის და ა-ის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებულია 2014 წლის 9 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის #1.1./30/281 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და სამუშაოების შესრულების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 16 იანვარი. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება _ 340 817,46 ლარი;

1.2.8. 2015 წლის 15 იანვარს ბენეფიციარმა მიმართა გარანტს და მოითხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა. ბენეფიციარმა განმარტა, რომ მიმწოდებლის მიერ დარღევული იქნა სამუშაოს დასრულების საბოლოო ვადა 20 დღეზე მეტი ვადით. აღნიშნულის შესახებ 2015 წლის 16 იანვარს ეცნობა პრინციპალსაც. 2015 წლის 20 იანვარს, საბანკო გარანტიით განსაზღრული თანხა - 27 880 ლარი გადაირიცხა ბენეფიციარის სასარგებლოდ;

1.2.9. 2015 წლის 26 მარტს მოპასუხემ წერილობით აცნობა აპელანტს, რომ მას დაეკისრა 31 700,54 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო შესრულებული სამუშაოების ვადაგადაცილებისათვის;

1.2.10. 2015 წლის 26 მარტს მიმწოდებელმა წერილობით ითხოვა დარიცხული საჯარიმო თანხის დაქვითვა შესრულებული სამუშაოებზე წარმოდგენილი ფორმა #2-ებისა და მიღება-ჩაბარების აქტებიდან. მიმწოდებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო გაიქვითა 2015 წლის 31 მარტს;

1.2.11. მოპასუხემ სრულად აანაზღაურა მოსარჩელის მიერ გაწეული სამუშაოები, კერძოდ, პირველი გადარიცხვა მიმწოდებლის სასარგებლოდ განხორციელდა 2014 წლის 23 დეკემბერს. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდა 2015 წლის 31 მარტს;

1.2.12. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება გამოწვეულია ფორს-მაჟორული ვითარებით _ წვიამიანი ამინდებით, გარდა ამისა, „ტექნიკური წესებისა და ნორმების“ შესაბამისად, ასფალტბეტონის ნარევებისაგან გზის საფარის დაგება უნდა მოხდეს მშრალ ამინდში (სამშენებლო ნორმები და წესები, საავტომობილო გზები, სწდნ 3.06 03-85, 10.16 პუნქტი).

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. პალატამ, ერთი მხრივ, არასწორად განმარტა ფორს-მაჟორის ცნება, ხოლო, მეორე მხრივ, არასწორად დაადგინა ამგვარი გარემოებების არსებობა მოცემულ საქმესთან მიმართებით. მიმწოდებლის მიერ ვალდებულებათა დარღვევის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2014 წლის 29 დეკემბრიდან და არა 2014 წლის 19 დეკემბრიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 3 დეკემბრის წერილით დასტურდებოდა ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის ფაქტი, რის გამოც სამუშაოთა დასრულების ვადა უნდა გადაწეულიყო 19 დღით. ამ პოზიციის უსწორობას ადასტურებს შემდეგი:

ა) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #... ხელშეკრულების 11.1. მუხლის თანახმად, ფორს-მაჟორი განამარტებულია, როგორც სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომის ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია. ეს დათქმა ასოცირდება მასშტაბურ მოვლენასთან და არა უბრალოდ ნალექთან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, არამედ, დგინდება ის, რომ 19 დღის განამავლობაში თბილისში აღინიშნებოდა ნალექი, რომლის გაიგივება სტიქიურ მოვლენებთან გამორიცხულია. მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტულად რამდენი საათი წვიმდა ამა თუ იმ დღეს. ე.წ ნალექიანი ამინდი, რომელიც დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით არ ყოფილა და როდესაც ხელშეკრულება ფორს-მაჟორს სრულიად სხვაგვარ მოვლენად განმარტავდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ეს მტკიცებულება სწორედ ამ მოტივით არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ. ასევე უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მიმწოდებელი თავად დაეთანხმა სამუშაოების 2014 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით დამთავრებას და აღნიშნული დაადასტურა შეთანხმებაზე ხელმოწერით. სააპელაციო სასამართლო მსჯელობს იმ გარემოებაზე, რომ გზის საფარის სარემონტო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც ქუჩა დაფარულია წყლის გუბეებით, თუმცა, რას ემყარება სასამართლოს დასკვნები, გაურკვეველია;

ბ) სასამართლო ასევე მსჯელობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც ასფალტ-ბეტონისა და გზის საფარის დაგება უნდა მოხდეს მშრალ ამინდში. ამ ნორმატიულ აქტზე მსჯელობამდე სასამართლოს მშრალი ამინდების არარსებობის ფაქტი უნდა დაედგინა. 2014 წლის 16 დეკმებრის #1 მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ რ-ის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი შესრულებულია ვადაში, შესაბამისად, თუ სახეზე იყო ფორს-მაჟორული გარემოება და 19-დღიანი ნალექი მხარეს ხელს უშლიდა სამუშაოების ვადაში დასრულებაში, მაშინ გაუგებარია, თუ როგორ უზრუნველყო მიმწოდებელმა რ-ის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადაში დასრულება;

1.4.2. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგანაც მიმწოდებელს არც სააპელაციო საჩივარში და არც სასამართლო სხდომაზე აღუნიშნავს, რომ ვალდებულებების ვადაში შესრულებაში ხელი შეუშალა ნალექიანმა დღეებმა. ერთადერთი გარემოება, რასაც მხარე სადავოდ ხდიდა, იყო ტრანშეის საკითხი რ-ის ქუჩასთან მიმართებით, რომელიც შემსყიდველის მიერ ისედაც იქნა გათვალისწინებული;

1.4.3. სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების 9.3 პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ ვადაგაცილება არ აღემატებოდა 20 დღეს და უსაფუძვლო იყო საბანკო გარანტიის ჩამორთმევა, რაც არასწორია, რადგანაც ვადაგადაცილება 2014 წლის 19 დეკემბრიდან და არა 2014 წლის 29 დეკემბრიდან უნდა აითვალოს, რადგანაც არ დასტურდება ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა, შესაბამისად, 2014 წლის 19 დეკემბრიდან 2015 წლის 16 იანვრამდე არსებული პერიოდი აღემატება 20 დღეს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა საბანკო გარანტიის ჩამოჭრა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფორს-მაჟორული მდგომარეობის არსებობა იქნება გაზიარებული, უნდა შეფასდეს 2014 წლის 8 დეკემბრის შეთანხმება, რომელიც ადასტურებს, რომ მიმწოდებელმა სამუშაოების წარმოების საკმარის ვადად მიიჩნია 2014 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი და შეთანხმებით დაადასტურა კიდეც საკუთარი პოზიცია. შესაბამისად, კანონშეუსაბამოა სასამართლოს მსჯელობა, რომ მიმწოდებელს ვადაგადაცილებული დღეების ათვლა უნდა დაეწყოს 2014 წლის 29 დეკემბრიდან იმ პირობებში, როცა თავად შესაძლებლად მიიჩნევდა სამუშაოების 2014 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით დასრულებას;

1.4.4. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეამცირა მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო 0.5%-დან - 0.1%-მდე. სამოქალაქო ურთიერთობები გამომდინარეობს ურთიერთმფარავი ნების გამოვლენით, რაც გულისხმობს ოფერტსა და აქცეპტს. ბუნებრივია, რომ თუ მხარეს არ აწყობდა ზემოაღნიშნული პირობა იგი არ მოახდენდა ხელშეკრულების აქცეპტირებას. სამეწარმეო იურიდიულ პირებს მართებთ მეტი წინდახედულობა და მათთვის უფრო მაღალი სტანდარტია დაწესებული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარემ დაკისრებული პირგასამტეხლო გადაიხადა, ანუ ეს ოდენობა მისთვის მისაღები იყო და არც მძიმე ტვირთს არ წარმოადგენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მას თავიდანვე სადავოს გახდიდა;

1.4.5. მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად დაიცვა სასამართლომ კერძო და საჯარო ინტერესის პროპორციულობა, როდესაც დაუსაბუთებელი უპირატესობა მიანიჭა ერთი მეწარმე სუბიექტის კერძო ინტერესს და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სამართლებრივი დაცვის გარეშე დარჩა ის საჯარო ინტერესი, რომლის დამცველ მხარესაც კასატორი წარმოადგენდა.

1.5. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები წვიმიანი ამინდის თაობაზე ემყარება საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების, ასევე, იმგვარი გარემოებების (მაგალითად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ვადის ნაწილობრივ გაგრძელება და სხვა) ყოველმხრივ კვლევას (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რომლებიც ერთობლიობაში იძლევა ფორს-მაჟორის პრეზუმფციის დაშვების საფუძველს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ სარჩელშივეა გადმოცემული მიმწოდებლის მითითებები წვიმიანი ამინდის შედეგად ფორს-მაჟორული მდგომარეობით გამოწვეული შესრულების ვადის გადაცილების თაობაზე (რაც კასატორის არგუმენტის გაზიარებას გამორიცხავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი) და ფაქტის მიმთითებელმა მხარემ სათანადო მტკიცებულების წარდგენით დაადასტურა ეს გარემოება (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომლის წინააღმდეგაც კასატორი შემოიფარგლება კრიტიკით, რომ მტკიცებულება არასაკმარისი იყო, თუმცა, ამ მტკიცებულების გამაქარწყლებელ სხვა საპირწონე მტკიცებულებაზე ვერ მიუთითებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებს მოსარჩელის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების არ არსებობის თაობაზე (თავად ხელშეკრულებაშიც განმარტებულია, რომ ფორს-მაჟორად განიხილება, მათ შორის იმგვარი მოვლენები, რომელთა თავიდან აცილება მხარეს არ შეუძლია) და თვლის, რომ სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლზე მითითებით, მართებულად მიიჩნია, რომ ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ვადაგადაცილება არ შეიძლებოდა მიმწოდებელს ვალდებულების დარღვევად შერაცხოდა (მით უფრო, როდესაც წვიმიან ამინდში ასფალტსაფარის დაგებას კრძალავს მოქმედი სამშენებლო წესები და ნორმები);

1.6. პალატა ასევე სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არაერთ დავაში წარმოადგენდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტეის მერიის პრეტენზია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით, შესაბამისად, მას არაერთხელ განემარტა, რომ მიუხედავად ხელშეკრულების სუბიექტისა, იმისათვის, რათა პირგასამტეხლომ არ დაკარგოს საკუთარი ფუნქცია, ხოლო სამოქალაქო ურთიერთობა არ გასცდეს მხარეთა თანასწორობის პრინციპს, მიზანშეწონილია, სასამართლომ სამართლიანობაზე დაყრდნობით შეაფასოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ამ მხრივ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სამოქალაქო კოდექსის 417-ე, ასევე, 420-ე მუხლების თაობაზე, სრულ შესაბამისობაშია საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.

1.7. დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პოზიცია საბანკო გარანტიის გამოთხოვის კანონიერების თაობაზე. პალატა თვლის, რომ ამ კუთხით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და ემყარება სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის სწორ განმარტებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 8.2. მუხლის თანახმად, კასატორი კერძოსამართლებრივ გარიგებაში სწორედ კერძო სამართლის სუბიექტად განიხილება და მას ამავე ნორმის მე-3, ასევე, 115-ე მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა ევალება, საპირისპირო ვითარებაშიც კი, ადმინისტრაციული ორგანო საჯაროსამართლებრივ ფუნქციას თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით ასრულებს და მისი მხრიდან კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის დაცვა საჯარო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობიდანაც იმპერატიულად გამომდინარეობს. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ მხოლოდ მოთხოვნის უფლების არსებობა იმგვარი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც საბანკო გარანტიაა, არ აძლევს ბენეფიციარს უფლებას, უპირობოდ აინაზღაუროს თანხა, ამ შემთხვევაში, მას ეკისრება მეორე მხარის ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა (სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი), შესაბამისად, როდესაც სახეზე გვაქვს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძოსამართოლებრივი ურთიერთობა, რაც კანონისა და სასამართლოს წინაშე ამ პირთა თანასწორობას მოიაზრებას, გაურკვეველია კასატორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობაზე.

1.8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთბის მომწესრიგებელ თავში სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, მართებულად განმარტა იგი და დარღვეული წონასწორობის აღდგენა დაუკავშირა იმ ქონების (ფულადი თანხის) დაბრუნებას, რომელიც აღმოჩნდა მოპასუხის გამგებლობაში, რასაც შედეგად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი მოჰყვა და ამ მატერიალური სახსრების გადანაცვლებას, რაც მთავარია, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა.

1.9. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე ვითომ კრედიტორისათვის თანხის დაკისრების კუთხით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კასატორი კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თოაბაზე. კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური