საქმე №ას-215-204-2017 21 აპრილი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ქ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ. ქ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი ან დამსაქმებელი) მიმართ სახელფასო დავალიანების _ 2 600 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ 302,40 ლარის ნაწილში ცნო, თუმცა, განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შემდგომ მოსარჩელემ წაიღო კომპანიის კუთვნილი კომპიუტერი, რომელსაც არ აბრუნებს და ნივთის ღირებულება არსებულ დავალიანებას აღემატება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 900 ლარის გადახდა კრედიტორის პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დამსაქმებელს აპელანტის სასარგებლოდ, პირად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით დაეკისრა 2 600 ლარის გადახდა;
5.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დამსაქმებლის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვა.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის პასუხად კერძო საჩივრის ავტორს ჩააბარა განჩინება, სადაც აღნიშნულია, რომ საჩივრის ავტორმა დაარღვია ამ საჩივრის წარდგენის 10-დღიანი ვადა, რადგანაც კორესპოდენცია სასამართლოს ჩაბარდა არა 2016 წლის 23, არამედ _ 26 დეკემბერს. აღნიშნული დასკვნა არასწორია, რადგანაც საჩივარი ფოსტას მხარემ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩააბარა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მისი ეს ქმედება საპროცესო ვადის დაცვაზე მიუთითებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარდგენილი საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას შემდეგ ფაქტებსა და სამართლებრივ საკითხებზე გაამახვილებს:
1.2.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა რა დამსაქმებელი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, ამასთან, რადგანაც არ იკვეთებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი წინაპირობები (სსსკ-ის 233-ე მუხლი) არსებობდა სააპელაციო საჩივრის/სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
1.2.2. 2016 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დამსაქმებელს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2016 წლის 12 დეკემბერს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2016 წლის 13 დეკემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს;
1.2.3. საქმეში წარმოდგენილ საჩივარს ერთვის შპს „T-ს“ საფოსტო ქვითარი #..., რომლის შესწავლითაც ირკვევა, რომ ფოსტამ დამსაქმებლის საჩივარი ჩაიბარა 2016 წლის 26 დეკემბერს.
1.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლი იმ მხარის უფლებადამცავი ნორმაა, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება. განსახილველი მუხლის თანახმად, მას უფლება აქვს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ. ამავე კოდექსის 237-ე მუხლით კი, დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
1.4. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ დამსაქმებელს, რომლის გამოუცხადებლობის გამოც იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამ საპროცესო მოქმედების შესახებ ეცნობა 2016 წლის 13 დეკემებერს, შესაბამისად, საჩივრის წარდგენის 10-დღიანი ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო 2016 წლის 14 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 დეკემბერს (სამუშაო დღეს _ პარასკევს). გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები საპროცესო მოქმედების შესრულების საკითხის მარეგულირებელი წესები, კერძოდ, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
1.5. მართალია, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ბართის თანახმად, საჩივარი მოპასუხემ ფოსტას 2016 წლის 26 დეკემბერს ჩააბარა, თუმცა, ამ დოკუმენტის საპირისპიროდ, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ამავე ნომრისა და ინიციალების მქონე შპს „T-ს“ მიერ მისთვის საჩივრის რეგისტრაციის საფოსტო ბარათის ასლი, სადაც ფოსტისათვის მიმართვის თარიღად გარკვევითაა მითითებული 2016 წლის 23 დეკემბერი.
1.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარი ძალა არ გააჩნია, შესაბამისად, სადავო გარემოების სრულყოფილი ანალიზის მიზნით, საკასაციო პალატამ საქმეში არსებული ერთი და იმავე დოკუმენტის დედნისა და ასლის იურიდიული ძალის გასარკვევად იხელმძღვანელა შპს „T-ს“ ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით (www.tnt.ge) და გამოარკვია, რომ #... კორესპოდენცია საფოსტო განყოფილებაში რეგისტრირებულია 23.12.2016 წელს, 17:53:07 საათზე, ადრესატისათვის გადასაცემად გატანილია საფოსტო ოფისიდან 26.12.2016 წელს და ჩაბარებულია იმავე დღეს.
1.7. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მას დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის 10-დღიანი ვადა არ დაურღვევია, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნას საჩივრის განხილვის თაობაზე, საკასაციო პალატა მოკლებულია მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგანაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივრის განხილვის მარეგულირებელი ნორმების თანახმად (სსსკ-ის 236-ე-241-ე მუხლები), მისი დასაშვებობა-საფუძვლიანობის საკითხს იხილავს არა ზემდგომი, არამედ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 დეკემბრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შპს „ბ-ის“ მიერ წარდგენილი საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური