Facebook Twitter

საქმე №ას-311-294-2017 21 აპრილი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – პ. ნ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

თანამოპასუხეები _ შპს „ი-ი“, თ. ჭ-ა, თ. ჭ-ა, ი. ხ-ი, ლ. ჭ-ა, ლ. ხ-ი, მ. ხ-ი, მ. ხ-ი, ნ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი-ის“, პ. ნ-ის, თ. ჭ-ას, ი. ხ-ის, ლ. ჭ-ას, ლ. ხ-ის, მ. ხ-ის, მ. ხ-ისა და ნ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა შპს „ი-ის“, თ. ჭ-ასა და პ. ნ-ისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების _ ძირი თანხის, ასევე, სარგებლისა და პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრება, ასევე, ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების (ს/კ #...) იძულებით სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამოღებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაცია და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება (იხ. სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 1-17).

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა პ. ნ-ემ მოპასუხე სს „თ-ის“ მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 29 მაისის თავდებობის ხელშეკრულების გაუქმება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით პ. ნ-ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

5. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შეგებებულმა მოსარჩელემ, შესაბამისად, საქმის მასალები განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

6. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა პ. ნ-ემ და შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა სს „თ-ისათვის“ განმცხადებლის უძრავ-მოძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევის აკრძალვა შეგებებული სარჩელის განხილვამდე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით პ.ნ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა პ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ხოლო, 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით პ. ნ-ის საჩივარი (2017 წლის 3 იანვრის განჩინებაზე), როგორც დაუსაბუთებელი, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ პ. ნ-ის საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 (4) მუხლის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. მოცემულ შემთხვევაში, პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს პ. ნ-ის განცხადების/საჩივრის საფუძვლიანობა, რომლითაც იგი მოითხოვდა შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კრედიტორისათვის მისი უძრავ-მოძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის აკრძალვას. თავად შეგებებული სარჩელის საგანს კი, წარმოადგენდა თავდებობის ხელშეკრულების გაუქმება, რის საფუძველზეც სს „თ-ი“ სარჩელით ძირითად მოვალესთან ერთად პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრებას შეგებებული მოსარჩელისათვისაც მოითხოვს.

3. განცხადების/საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებამდე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია რა პირის ფუნდამენტური უფლება სამართლიან სასამართლოზე, ამ უფლების რეალიზაციის პროცესუალურ წესს სამოქალაქო საქმეებზე ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (იხ. სსსკ-ის მე-2 მუხლი). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპის მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, იგი არა ფორმალურად, არამედ, უფლების დაცვის ეფექტიან საშუალებას ქმნიდეს და ამკვიდრებდეს მყარ გარანტიას იმისა, რომ პირი, რომელიც ისარგებლებს ამ სიკეთით, ეფექტურად იყოს დაცული სამართალწარმოების განხორციელების შედეგად დადგენილი მართლწესრიგის აღსრულებით. ამგვარ ეფექტიან, დროებით და უმნიშვნელოვანეს გარანტიას იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დაწესებით.

3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191 (1) მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს რა მოსარჩელის უფლების დროებითი დაცვის ზომას, სწორედ ამ მიზნით ხდის შესაძლებელს კანონმდებელი გადაუდებელ შემთხვევაში სარჩელის აღძვრამდე ამ დროებითი ღონისძიების გამოეყენების შესაძლებლობასაც (იხ. სსსკ-ის 192-ე მუხლი), თუმცა, როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში, სავალდებულოა, არსებობდეს დაცვის ობიექტი _ დავის საგანი, რაც მატერიალური და პროცესუალური უფლების ერთიანობით უნდა დადასტურდეს.

3.3. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გნაჩინებით პ. ნ-ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შეგებებული მოსარჩელის კერძო საჩივარი. ამ განჩინებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები და დასკვნები და ჩათვალა, რომ არ არსებობდა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღების საპროცესო წინაპირობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ საკითხის თაობაზე საბოლოოა, შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს უზრუნველყოფის საგანი, რაც სავსებით გამორიცხავს ამ მხრივ, როგორც განმცხადებლის/საჩივრის ავტორის პრეტენზიების, ისე _ ამ პრეტენზიების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების კანონიერების შემოწმებას.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ პ. ნ-ის საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრისა და 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური