Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-22-კს-03 17 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების შეჩერება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 12 თებერვალს განათლების სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და “ქ.თბილისის მუნიციპალური სკოლების დაფუძნების ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოგვიანებით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. კერძოდ, მოითხოვა სასამართლოს მიერ სარჩელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თბილისის საკრებულოს 2003წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ ქ.თბილისის საკრებულოს აღნიშნული ნორმატიული აქტის მოქმედება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის თბილისის სახელმწიფო სკოლების მართვას და მნიშვნელოვნად გაართულებდა თბილისის სახელმწიფო სკოლების სარგებლობაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას. ასევე რთული სიტუაცია შეიქმნება პედაგოგთა დასაქმების სფეროშიც, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საჭირო იქნება მათი იმ ხელშეკრულებების გაუქმება, რომლებსაც ისინი გააფორმებენ, “მუნიციპალურ სკოლებში” მუშაობის დაწყებისას. მათი გადაყვანა რეზერვში და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათთან ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, როგორც სახელმწიფო სკოლის პედაგოგებთან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადაახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 13 თებერვლის განჩინებით განათლების სამინისტროს სარჩელი თბილისის საკრებულოს მიმართ, თბილისის საკრებულოს 2003წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე უარი ეთქვა, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიის განმარტებით, სსკ-ს 191-ე მუხლის თანახმად განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო აქტის შეუჩერებლობა არ გახდის შეუძლებელს გადაწყვეტილების აღსრულებას სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას, კოლეგიამ ჩათვალა, რომ განცხადებაში მითითებული მოსაზრებები საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც გასაჩივრებული ნორმატიული აქტის მოქმედების შედეგები, კერძოდ, ქონების ბალანსზე გადაცემა და ხელშეკრულებების გაფორმება არ იქონიებს გავლენას სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე გარდა ამისა, სასამართლოს განმარტებით, წინამდებარე დავა ეხება ნორმატიული აქტის კანონიერებას და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი ბათილად გამოცხადება არ გართულდება.

აღნიშნულ განჩინებაზე განათლების სამინისტრომ კერძო საჩივარი შეიტანა და მოითხოვა მისი გაუქმება და თბილისის საკრებულოს 2003წ. 29 იანვრის ¹1-1 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის აზრით, სასამართლო კოლეგიის 2003წ. 13 თებერვლის განჩინებით არ იქნა გადაწყვეტილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლით გასაჩივრებული აქტის შეჩერების საკითხი და ამ მიმართებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე. გასაჩივრებულ განჩინებაში კანონშეუსაბამოდაა განმარტებული ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29.1 მუხლი ვრცელდება მხოლოდ ადმინისტრაციულ აქტზე. მოსარჩელის მოსაზრებით აღნიშნული მუხლი ვრცელდება როგორც ადმინისტრაციულ ისე ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებით არ არის დარეგულირებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შეჩერების გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების დასაშვებობის საკითხები, გამოყენებული უნდა იქნეს კანონის ანალოგია, კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184.1 და 177.1 მუხლები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 თებერვლის განჩინებით განათლების სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 13 თებერვლის განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტებზე ჩაითვალა დაუშვებლად და დაუსაბუთებლად და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:

1. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ 2003წ. 13 თებერვლის განჩინებით არ არის გადაწყვეტილი გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების საკითხი ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება სამართლებრივად წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო კოლეგიამ უარი უთხრა მოსარჩელეს 2003წ. 13 თებერვლის განჩინებით.

სასამართლო კოლეგია არ დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი ეხება ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებსაც, რამდენადაც აღნიშნულ ნორმაში ცალსახადაა დასახელებული აქტი (კერძოდ ადმინისტრაციული აქტი), რომლის შეჩერებაც ხდება ამ ნორმის საფუძველზე.

კოლეგიის განმარტებით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს სსკ-ს 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ” პუნქტი. აღნიშნული ნორმის გამოყენების შესახებ სასამართლო კოლეგიამ ასევე იმსჯელა გასაჩივრებული ნორმატიული აქტის როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ სსკ-ს 194-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრებას, მაგრამ არც სამოქალაქო საპროცესო და არც ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული არ არის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ანალოგიით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 13 თებერვლისა და 2003წ. 20 თებერვლის განჩინებები და შეჩერდეს „ქ. თბილისის მუნიციპალური სკოლების დაფუძნების ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, ხოლო მითითებული მუხლის საფუძველზე დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეჩერება. ამავე დროს საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ს 191-ე მუხლით დადგენილია მოსარჩელეს უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეიძლება გამოყენებული იქნეს სახელმწიფო ხეილსუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობასა და მმართველობით ორგანოს, ორგანიზაციის ამ თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე განათლების სამინისტრო ითხოვს თვითმმართველობის ორგანოს „ქ. თბილისის მუნიციპალური სკოლების დაფუძნების ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების შეჩერებას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას, კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საჭირო გახდება მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემული სახელმწიფო ქონების – სკოლების უკან დაბრუნება, ასევე სკოლის პედაგოგებთან ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ქ. თბილისის სკოლებში სასწავლო პროცესის შეფერხება.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ქ. თბილისის მთავრობამ 2003წ. 4 აპრილის ¹05.01.92 დადგენილებით ბათილად სცნო მის მიერ ქ. თბილისის საკრებულოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქ. თბილისის მუნიციპალური სკოლების დაფუძნების (შექმნის) შესახებ” 2003წ. 13 თებერვლის ¹03.02.28 დადგენილება იმ მოტივით, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოხდება მსჯელობა ამ საკითხებზე.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება უნდა შეჩერდეს სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკასაცო პალატა ასევე არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიას კერძო საჩივრის დაუშვებლობის საკითხთან მიმართებაში და განმარტავს, რომ სკ-ს 197-ე მუხლი, რომელიც ეხება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებების გასაჩივრების საკითხს, უშვებს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმებას, რაც სხვა არაფერია, თუ არა სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმა. შესაბამისად საკასაციო სასამართლო სსკ-ს მე-7 მუხლის, კერძოდ კანონის ანალოგიის გამოყენების საფუძველზე განათლების სამინისტროს კერძო საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო კოლეგიის 2003წ. 13 თებერვლის განჩინებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განათლების სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 13 თებერვლისა და 2003წ. 20 თებერვლის განჩინებები.

3. შეჩერდეს „ქ. თბილისის მუნიციპალური სკოლების დაფუძნების ღონისძიებათა გეგმის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2003წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.