საქმე №ას-210-199-2017 7 აპრილი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თვითმმართველი ქალაქი თ-ის ბაგა-ბაღების გაერთიანება (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში თვითმმართველი ქალაქ თ-ის ბაგა-ბაღების გაერთიანების (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამსაქმებელი) მიმართ ორგანიზაციული ცვლილებების თაობაზე დამსაქმებლის 2015 წლის 9 ნოემბრის #... ბრძანებისა და დასაქმებულის ფსიქოლოგის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 9 ნოემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობის, ქ.თ-ის #... ბაგა-ბაღის ფსიქოლოგის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის _ სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 215 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 1988 წლის 19 სექტემბრიდან დაინიშნა ქ.თ-ის #... ბაგა-ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლად ნახევარ განაკვეთზე. 1991 წლის 22 აპრილს _ სრულ განაკვეთზე. 1997 წლის 12 ოქტომბრის #... ბრძანებით იგი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული და თ-ის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა აღმზრდელ-მასწავლებლად. 2010 წლის 1 დეკემბრიდან მოსარჩელე მუშაობდა ამავე დაწესებულების ფსიქოლოგად. 2014 წლის 15 ნოემბერს, ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქი თ-ის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილმა დირექტორმა მოსარჩელეს გაუფორმა ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება ფსიქოლოგის ფუნქციების შესრულების თაობაზე, შრომის ანაზღაურება თვეში 215 ლარით განისაზღვრა. მოპასუხის ახალმა დირექტორმა 2015 წლის 9 ნოემბრის #... ბრძანების საფუძველზე, ბაგა-ბაღის წესდების 3.2. მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტსა და 48-ე მუხლზე მითითებით, დასაქმებულთან შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში აღნიშნულია არანაკლებ შრომის 2 თვის ანაზღაურებისა და დავის 14 კალენდარულ დღეში შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბრძანების გასაჩივრების წესი. დასაქმებულის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2015 წლის 6 ნოემბერს #... წერილით მაშინ, როდესაც 2015 წლის 9 ნოემბრის #... ბრძანებით მოსარჩელის თანამდებობა 2015 წლის 9 ნოემბერს გააუქმა, რაც არასწორია. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მოსარჩელის ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე და გათავისუფლების ბრძანებაში მოპასუხეს დასაბუთებაც არ უცდია. 2015 წლის 9 ნოემბრის #... ბრძანებით, სხვა შტატებთან ერთად, დამსაქმებელმა გააუქმა ფსიქოლოგის შტატიც, რაც ეწინააღმდეგება, როგორც ბაგა-ბაღის წესდების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ისე _ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თვითმმართველი ქალაქი თ-ის ბაგა-ბაღების გაერთიანება აერთიანებს ქ.თ-ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ცხრა ბაღს, სადაც 2015 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელთა რაოდენობა, აღნიშნულმა განაპირობა აღმზრდელის თანაშემწის საშტატო ერთეულის დამატება, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსება უცვლელი დარჩა, შეუძლებელი იყო თანხა მოკლებოდა ბავშვთა კვებას, ამიტომ მიღებულ იქნა ნაკლებმნიშვნელოვანი საშტატო ერთეულების გაუქმების გადაწყვეტილება. ამის შესახებ არსებობს ქ.თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობა. ამავდროულად გაუქმდა გაერთიანების დირექტორის მოადგილის, გაერთიანების სამეურნეო ნაწილის გამგის, #... ბაგა-ბაღის თეთრეულის მრეცხავის, ლოგოპედისა და ფსიქოლოგის 6 საშტატო ერთეული. ფსიქოლოგის საშტატო ერთეულის გაუქმების გამო გათავისუფლებულ იქნა მოსარჩელეც, მის მიმართ დარღვევას არ ჰქონია ადგილი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 200 ლარის, სულ _ 300 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე 1988 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა თ-ის #... ბაგა-ბაღში აღმზრდელ-მასწავლებლად, 2006 წლის იანვრიდან 2010 წლის 30 ნოემბრამდე ამავე ბაგა-ბაღის ლოგოპეტად, ხოლო 2010 წლის 30 ნოემბრიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადაყვანილ იქნა ბაგა-ბაღის ფსიქოლოგად;
1.2.2. 2014 წლის 15 ნოემბრის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, აპელანტი აყვანილ იქნა ქ.თ-ის #... ბაგა-ბაღში ფსიქოლოგის თანამდებობაზე 2014 წლის 15 ნოემბრიდან 2015 წლის 15 ნოემბრამდე. დასაქმებულის სახელფასო სარგო თვეში შედგენდა დარიცხულ 215 ლარს;
1.2.3. 2015 წლის 30 ოქტომბერს დამსაქმებლმა წერილით მიმართა თვითმმართველი ქალაქი თ-ის მინიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ ბავშვთა რაოდენობის ზრდის გამო საჭირო გახდა ქ.თ-ის #..., #..., #..., #..., #... ბაგა-ბაღებში აღმზრდელი თანაშემწეების დამატება. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციას არ გააჩნდა აღნიშნული შტატების დასამატებელი ფულადი სახსრები, ითხოვა ნებართვა გარკვეული შტატების, მათ შორის, ლოგოპედისა და ფსიქოლოგის საშტატო ერთეულის იმ ბაგა-ბაღში შემცირება, სადაც მუშაობდა მოსარჩელე, რათა გამოთავისუფლებული თანხა მიმართულიყო ახლად დასამატებელი შტატებისათვის. შესამცირებელი შტატების საჭიროება მოცემულ ეტაპზე აღარ იდგა და მათ ფუნქცია დაეკარგა;
1.2.4. თვითმმართველი ქალაქი თ-ის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 ნოემბრის წერილით ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორს მიეცა თანხმობა, დასახელებულ ბაღებში გაეუქმებინა გარკვეული საშტატო ერთეული, მათ შორის, ლოგოპედისა და ფსიქოლოგის;
1.2.5. 2015 წლის 6 ნოემბრის წერილით თვითმმართველი ქალაქი თ-ის #... ბაგა-ბაღის ფსიქოლოგს (მოსარჩელე) შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ორგანიზაციული ცვლილებების აუცილებლობიდან გამომდინარე ეცნობა, რომ გაუქმდა ფსიქოლოგის შტატი, რის გამოც იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა;
1.2.6. დამსაქმებლის 2015 წლის 9 ნოემბრის #... ბრძანების თანახმად, გაერთიანებაში ორგანიზაციული ცვლილებების გათვალისწინებით, გაუქმდა საშტატო ერთეულების, მათ შორის _ #... ბაგა-ბაღში ფსიქოლოგის შტატი;
1.2.7. 2015 წლის 9 ნოემბრეს #... ბრძანების თანახმად, ქ.თ-ის #... ბაგა-ბაღის ფსიქოლოგს (დამხმარე პერსონალს) შეუწყდა 2014 წლის 15 ნოემბრიდან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და მიეცა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
1.2.8. 2016 წლის 13 იანვარს შეთანხმებული და დამტკიცებული ააიპ თვითმმართველი ქალაქი თ-ის ბაგა-ბაღების გაერთიანების საშტატო ერთეულში ფსიქოლოგის შტატი გათვალისწინებული არ არის;
1.2.9. ქ.თ-ის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 30 ოქტომბრის #...90 ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომრციული) იურიდიული პირის თვითმმართველი ქალაქი თ-ის ბაგა-ბაღების გაერთანების წესდების 1.1. მუხლის თანახმად (ზოგადი დებულებანი) თვითმმართველი ქალაქი თ-ის ბაგა-ბაღების გაერთიანება წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის _ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. 1.2. მუხლის თანახმად, ბაგა-ბაღების გაერთიანება შექმნილია თვითმმართველი ქალაქი თ-ის მუნიციპალიტეტის ქონების საფუძველზე და მის კონტროლს ახორციელებს თვითმმართველი ქალაქ თ-ის მუნიციპალიტეტის მერია. 1.3. პუნქტის შესაბამისად, გაერთანება თავის შემადგენლობაში აერთიანებს თ-ის ბაგა-ბაღებს, მათ შორის, #... ბაგა-ბაღს. წესდების 3.1. მუხლის თანახმად, ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თვითმმართველი ქალაქი თ-ის მუნიციპალიტეტის მერი. 3.2. მუხლით კი, დირექტორი ა) ხელმძღვანელობს ბაგა-ბაღების გაერთანების საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს და მოვალეობებს თანამშრომლთა შორის, გ) თ-ის მუნიციპალიტეტის მერიას შესათნხმებლად წარუდგენს გაერთიანების საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს; დ) ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომლეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და სხვა. 7.2. მუხლის შესაბამისად, ბაგა-ბაღების გაერთიანების საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს განსაზღვრავს თ-ის მუნიციპალიტეტის მერი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:
1.4.1. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა დასაქმებულთან უვადო შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტი, რაც გაფორმებული ხელშეკრულების შრომის კოდექსის მე-6 მუხლის რეგულაციაში მოქცევას გულისხმობს;
1.4.2. პალატამ მერიის 2015 წლის 2 ნოემბრის წერილობითი თანხმობა მიიჩნია რა კანონიერად, არ შეუფასებია ამ თანხმობის ძალმოსილება და შესაბამისობა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტთან, ასევე, ამავე კოდექსის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან და თ-ის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების 6.3. მუხლთან;
1.4.3. პალატამ უკრიტიკოდ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა შტატების ოპტიმიზაციის თაობაზე და ნაცვლად მისი კანონიერების შემოწმებისა, მდგომარეობის გაზვიადების მიზნით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასა (სუსგ #ას-10-99-2014) და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელთაგან არც ერთი არ აკნინებს კასატორის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობას;
1.4.4. სასამართლოს მხრიდან არ იქნა გამოკვლეული აპელანტის დასაბუთებული პრეტენზია დამსაქმებლის 2015 წლის 9 ნოემბრის #... ბრძანებით ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულების არასწორად შეწყვეტის თაობაზე;
1.4.5. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა აპელანტის პრეტენზია, რომ დამსაქმებლის 2015 წლის 9 ივნისის ბრძანება შტატების შემცირების თაობაზე ეწინააღმდეგება ბაგა-ბაღის წესდების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნებს, ასევე ის, რომ შტატის გაუქმების შესახებ დასაქმებულს ეცნობა სამი დღით ადრე ამ საშტატო ერთეულის გაუქმებამდე და თავად გათავისუფლების შესახებ ბრძანება არის დაუსაბუთებელი;
1.4.6. შეფასების გარეშეა დატოვებული მხარის პრეტენზია, რომ გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი და 48-ე მუხლი, მაშინ, როდესაც კასატორის ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე გადაყვანა ეწინააღმდეგება ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლს, ასევე, შრომის კოდექსის ბოლოდროინდელ ცვლილებებს;
1.4.7. დასაქმებულის გათავისუფლების არამართლზომიერებას ადგენს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი, რომლის პარალელურადაც დამსაქმებლის მხრიდან ასევე დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისიწნებული უფლების მართლზომიერად გამოყენების საკითხი, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის წინაპირობებს;
1.4.8. შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების თანახმად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მიღებული გადაწყვეტილება კი, ეწინააღმდეგება არსებულ სასამართლო პრაქტიკას (თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები: #2ბ/1100-15; 2ბ/3511-13; 2ბ/4238-13, ასევე, სუსგ-ებები: #ას-1261-1520-09; #ას-1283-1210-2012; #ას-527-495-2010; #ას-106-101-2014; #ას-545-513-2012; #ას-339-324-2012; #ას-1429-1444-2011; #ას-1206-1057-10; #ას-18-18-2014; #ას-997-995-2013; #ას-945-903-2013; #ას-905-863-2013; #ას-300-285-2013; #ას-46-44-2013; #ას-339-324-2012; #ას-1429-1444-2011; #ას-1206-1057-10, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389). რეორგანიზაციის მოტივით პირის სამუშაოდან გათავისუფლება მართლზომიერია, თუკი დადგინდება, რომ რეორგანიზაცია თავისი შინაარსით ეკონომიკური სიდუხჭირის, შტატების ან/და ხელფასის შემცირების ან სხვა ობიექტური გარომოებითაა გამართლებული და დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (სუსგ #ას-194-185-2016);
1.4.9. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 244-ე, 249-ე და 105-ე მუხლების, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევით, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლითა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
1.5. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიებს იმ დასაბუთებით, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). უპირველესად, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეს სასამართლო იხილავს სარჩელისა და შესაგებლის ფარგლებში იმგვარად, რომ მხარეები, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) შეზღუდული არიან საქმის მომზადების ეტაპის დასრულების შემდგომ მიუთითონ ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, კასატორს თვითმმართველი ერთეულის თანხმობა შტატების ოპტიმიზაციის თაობაზე დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლზე დაყრდნობით მართებულად არ შეაფასა მისი კანონიერების საკითხი, რასაც ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში აფასებს და ეთანხმება საკასაციო სასამართლოც. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში სადავო წერილი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერების წინამდებარე დავის ფარგლებში შემოწმება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მიზნებს ცდება.
1.6. პალატა აქვე განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ ცალმხრივად გამოვლენილი ნების კანონიერება მოწმდება შეწყვეტის შესახებ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლისა და ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ორგანულ კანონში შრომის კოდექსში ცვლილებები 12.06.2013წ. ორგანული კანონით შევიდა (რომელიც 04.07.2013წ. გამოქვეყნდა) და სწორედ ამ პერიოდიდან განისაზღვრა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად „ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“, შესაბამისად, ნორმის ამოქმედებამდე პერიოდის სასამართლო პრაქტიკა, რასაც კასატორი საკუთარ პოზიციას ამყარებს, ვერ იქნება წინამდებარე დავის მიმართ რელევანტურად მიჩნეული, რაც შეეხება #ას-194-185-2016 და #ას-106-101-2014 განჩინებებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი მათგანი შეეხება შრომითი დავისას მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, ხოლო მეორე _ შრომითი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო მუშაკის გათავისუფლების საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს რა გასაჩივრებული განჩინების სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებულობაზე, იგი ვერ ასაბუთებს თუ რაში მდგომარეობს ეს განსხვავება.
1.7. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დამსაქმებელი წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლის ორგანიზაციული სტრუქტურა, სამოქალაქო კოდექსის 35-ე (3) მუხლის თანახმად, უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით). ამგვარ შეთანხმებაზე დაყრდნობითა და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს შეუდავებელი აქტის საფუძველზე განხორციელდა რა რეორგანიზაცია, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად იხელმძღვანელეს დამსაქმებლის ნების შესამოწმებლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სწორად დაადგინეს, რომ დამსაქმებლის დირექტორი უფლებამოსილი იყო, როგორც რეორგანიზაციის, ისე _ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ნების გამოვლენაზე. თავის მხრივ, რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულებიდან გასვლისას არსებითი მნიშვნელობა არ შეიძლება მიენიჭოს საკითხს, შრომითი ხელშეკრულება ვადიანია თუ უვადო (შკ-ის მე-6 მუხლი).
1.8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერება უნდა შეფასდეს ე.წ „პროპორციულობის ტესტით“, პალატა განმარტავს, რომ შრომის უფლება პირის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დაცვაც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის რეგულაციაში ექცევა და ამგვარი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტა სწორედ კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს, თუმცა იმის გასარკვევად, ამ ჩარევის შედეგად დაირღვა თუ არა პირის გარანტირებული უფლება, შემოწმებას ექვემდებარება ასევე უფლების დაცულ სფეროში ჩარევას გააჩნია თუ არა ლეგიტიმური საფუძველი და წარმოადგენს თუ არა ჩარევა მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას: ამ თვალსაზრისით დადგენილია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირმა, წესდებით გათვალისწინებული პროცედურის დაცვითა და თვითმმართველი ერთეულის თანხმობით განახორციელა რეორგანიზაცია, თავად რეორგანიზაციის საჭიროება კი, განაპირობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მოსწავლეთა სიმრავლემ, რის გამოც საჭირო გახდა შესაბამისი საშტატო ერთეულის დამატება. მატერიალური სახსრების არარსებობის გამო კი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უფუნქციოდ დარჩენილი საშტატო ერთეულის გაუქმების თაობაზე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დამსაქმებლის პოზიცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ლეგიტიმურ საფუძველს ემყარება და დასახული მიზნის პროპორციულიცაა, რამდენადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება (იხ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი), რომლის წინააღმდეგაც დასაქმებულმა ვერ მიუთითა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გამოვლენილი ნების მართლწინააღმდეგობას დაადასტურებდა (სკ-ის 54-ე მუხლი).
1.9. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან არ დადგინდა დამსაქმებლის ნების ბათილად ცნობის წინაპირობები (შკ-ის 38-ე), უარყოფას ექვემდებარება კასატორის ყველა ის არგუმენტი, რომელიც მის უფლებრივ რესტიტუციას შეეხება. ამასთანავე, სასამართლო არ იმსჯელებს არც იმ არგუმენტებზე, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას ეხება, რადგანაც კასატორი მხოლოდ ზოგად-თეორიული მსჯელობით შემოიფარგლება და ვერ მიუთითებს კონკრეტული საპროცესო უფლების დარღვის ფაქტზე.
1.10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, სწორადვე დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები და დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის ცალმხრიდან შეწყვეტის თაობაზე ნამდვილი ნების გამოვლენის პირობებში მართებულად არ დააკმაყოფილა დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნები.
1.11. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერების შეფასების კუთხით არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც არ განსხვავდება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კასატორი კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცველად დატოვების თოაბაზე. კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები/კასატორის შუამდგომლობა:
2.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
2.2. რაც შეეხება მის პოზიციას პროცესის ხარჯის სახით 300 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ ამ საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი და უმთავრესი პრინციპი ამ ხარჯების განაწილებისა, სარჩელის სრულად/ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უარი ეთქვა რა ყველა მოთხოვნაზე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ლ. მ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური