საქმე №ას-734-702-2016 16 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – შპს „კ-ე“, შპს „ლ-ი“, შპს „ს-93“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-1“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მათ შორის პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ა-1-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მოიჯარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ-ის“, შპს „ლ-ისა“ და შპს „ს-93-ის“ (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კასატორები, მეიჯარეები ან მფლობელები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან შემდეგი მოძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნით: NRL0650*******03 ჩილერი AERMEC/მაცივარი დანადგარი (კონდენსატორული მოდელი) 1 ცალი; BS-4(50)P ჰაერის ხარჯსაზომი VBWL=8000მ3/სთ (მართვის პანელით) (მოდინებით-გამწოვი დანადგარი) 1 ცალი; BS-4(50)L ჰაერის ხარჯსაზომი VBWL=8000მ3/სთ (მართვის პანელით) (მოდინებით გამწოვი დანადგარი) - 1 ცალი; тв01 TANK 300ლტ ავზი EZINK (ცხელი წყლის მაგროვებელი)/ავზი-აკუმულატორი მოცულობითი, თბომცვლელი, ცხელი წყლის მომარაგებისთვის - 1 ცალი; ვენტილატორი ТТ150, ТТ200, 150PF (გამწოვი ვენტილატორი) - 2 ცალი; AUXB09LALHIN კასეტური შიგა ბლოკი FUJITSU VRF VII airstage (ფანკოილი)/ვრფ სისტემის შიდა აგრეგატი, მუშაობს რეცირკულაციაზე - 1 ცალი; AUXB18GALH კასეტური შიგა ბლოკი FUJITSU VRF VII airstage (ფანკოილი)/ვრფ სისტემის შიდა აგრეგატი, მუშაობს რეცირკულაციაზე - 23 ცალი; AUXB12GALH კასეტური შიგა ბლოკი FUJITSU VRF VII airstage (ფანკოილი)/ვრფ სისტემის შიდა აგრეგატი, მუშაობს რეცირკულაციაზე 3 ცალი; ცენტრიდანული ვენტილატორი/CBS30/14 4kw 400 5 CWHSOLERENDPALAU/სამზარეულოს გამწოვი ვენტილატორი 2 ცალი; AJY108LALHOUT კონდიციონერი FUJITSU (ფანკოილი, გარე ბლოკი)/ვრფ სისტემის გარე აგრეგატი, მუშაობს რეცირკულაციაზე 2 ცალი; AJY126LALH 14HPOUT კონდიციონერი FUJITSU (ფანკოილი, გარე ბლოკი)/ვრფ სისტემის გარე აგრეგატი, მუშაობს რეცირკულაციაზე 2 ცალი; ARXB12LALHVRFIN კონდიციონერი FUJITSU (შიდა ბლოკი)/ვრფ სისტემის შიდა აგრეგატი, მუშაობს რეცირკულაციაზე 1 ცალი; AUXB07LALH IN კასეტური შიგა ბლოკი FUJITSU VRF VII airstage/ვრფ სისტემის შიდა აგრეგატი, მუშაობს რეცირკულაციაზე 1 ცალი; AJYA90LALH 10HP OUT მულტიზონალური კონდინციონერი FUJITSU VRF VII airstage/ვრფ სისტემის გარე აგრეგატი, მუშაობს რეცირკულაციაზე 1 ცალი; გენიუს პრემიუმ ევრო 100гп გათბობის ქვაბი ARISTON (კედლის, ერთი ქვაბი უზრუნველყოფს ცხელი წყლის მომარაგებას, მეორე ქვაბი უზრუნველყოფს ვენტდანადგარის თბომცვლელის წყალმომარაგებას) 2 ცალი; TS43 არხული ფანკოლი AERMEC 1 ცალი; FTH24BAHS კონდიციონერი IN FUJI TERMA კედლის/სპლიტ-კონდიციონერის შიდა ბლოკი 2 ცალი; TH24BAHS კონდიციონერი OUT FUJI TERMA კედლის/სპლიტ-კონდიციონერის გარე ბლოკი 2 ცალი; FTH24BAHS კონდიციონერი IN FUJI TERMA კედლის/სპლიტ-კონდიციონერის შიდა ბლოკი 1 ცალი; TH24BAHS კონდიციონერი OUT FUJI TERMA კედლის/სპლიტ-კონდიციონერის გარე ბლოკი 1 ცალი; FTH12BAHS კონდიციონერი IN FUJI TERMA კედლის/სპლიტ-კონდიციონერის შიდა ბლოკი 1 ცალი; TH12BAHS კონდიციონერი OUT FUJI TERMA კედლის/სპლიტ-კონდიციონერის გარე ბლოკი 1 ცალი; гп 150 еук კონდიციონერი Royal-ის ჰაერის ფარდა (სითბური ფარდა შემოსასვლელებში) 2 ცალი; 9899-349 კონდენსატის ტუმბო 14 ლ 2 ცალი; მრგვალი არხული ვენტილატორი VENTV-160L SOLER END PALAU 2 ცალი; მრგვალი არხული ვენტილატორი TD-2000/315 SOLER END PALAU 1 ცალი; UTGUFYCW პანელი კასეტის FUJITSU VRF VII airstage 28 ცალი; UTYLNHY VRF მართვის პულტი FUJITSU 1 ცალი; 505804041 A 56/180X M საცირკულაციო ტუმბო DAB საქვაბის ნაწილი 3 ცალი; საფართოებელი ავზი 200 LT 10B საქვაბის ნაწილი 1 ცალი; 505809001 A 110/180X M საცირკულაციო ტუმბო DAB საქვაბის ნაწილი 2 ცალი; ხელის საშრობი აპარატი 2 ცალი; ხელის ელექტროსაშრობი 8820 2 ცალი.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს სარგებლობაში გადაეცა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან გარკვეული ფართი. საიჯარო ხელშეკრულებების საგნის გადაცემა მოხდა მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, უძრავი ქონება გადაცემის მომენტში იყო მზიდი კონსტრუქციის სახით და მოსარჩელის მიერ განსახორციელებელი სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო პირობებს არ აკმაყოფილებდა. მოსარჩელემ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემულ უძრავ ქონებაზე მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება, ასევე, სამეურნეო საქმიანობისთვის აუცილებელი ნივთების განთავსება, მათ შორის _ სავენტილაციო, გათბობისა და კონდიცირების სისტემა და ხელის საშრობი ტექნიკური მოწყობილობები. საიჯარო ხელშეკრულებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა 2015 წლის 20-26 მარტს, რომელთა თანახმადაც, მოიჯარეს (მოსარჩელე) მიენიჭა უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მეიჯარეთათვის ხელშეკრულების შეწყვეტამდე 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. 2015 წლის 26 ივნისს იჯარის ხელშეკრულებები შეწყდა შეთანხმების საფუძველზე. 2015 წლის 6 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმადაც საიჯარო ხელშეკრულებების 4.3.4. პუნქტების შესაბამისად, მხარეებს უსასყიდლოდ გადაეცათ უძრავი ქონების განუყოფელი/მოუცილებადი გაუმჯობესებები, რომელშიც არ შედიოდა, ხელის საშრობი ტექნიკური მოწყობილობები, სავენტილაციო, გათბობისა და კონდიცირების ის ნაწილები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შენობა-ნაგებობის კაპიტალურ მზიდ კედლებსა და კონსტრუქციებთან. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული შეთანხმებებისა, მოპასუხეები არ აძლევენ უფლებას მოსარჩელეს გაიტანოს საიჯარო ქონებაში არსებული კუთვნილი ნივთები (ინვენტარი).
2. მოპასუხის პოზიცია:
განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, მეტროსადგურ ა-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ს/კ #...) ფაქტობრივად განთავსებული, სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთები და გადაეცა მესაკუთრეს.
3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მეიჯარეთა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა, მოითხოვეს მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით საპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი, მათ შორის, პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელი/ნაწილობრივ დასაშვებია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად/ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. აპელანტები გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული საბუთების ასლები) არ ჰქონდათ ჩაბარებული კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, შპს „კ-ისათვის“ გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ორგანიზაციის თანამშრომელმა მარინე გულედანმა, შპს „ლ-ისათვის“ გაგზავნილი _ ორგანიზაციის თანამშრომელმა გიორგი გორგოშიძემ და შპს „ს-93-ისათვის“ გაგზავნილი _ ორგანიზაციის თანამშრომელმა თ. კ-მა, რომლებიც არ წარმოადგენდნენ გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირებს;
1.2.2. 2015 წლის 7 აგვისტოს, მოსარჩელის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა, რომ სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად. მასვე განემარტა, რომ თუ 2 თვის ვადაში იგი საქმის განმხილველ სასამართლოში არ წარადგენდა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას გზავნილის საჯარო შეტყობინებით გავრცელების შესახებ, სასამართლო სარჩელს განუხილველად დატოვებდა;
1.2.3. მოსარჩელემ შეასრულა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება _ 2 თვის ვადაში უზრუნველყო მოპასუხეებისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, 2015 წლის 17 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და წარადგინა მოპასუხეთათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
1.2.4. 2015 წლის 6 აგვისტოს აქტის თანახმად, სასამართლოს შესაბამისმა მოხელემ მოსარჩელეს გადასცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილები სარჩელში მითითებული ყველა მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. საქმეში წარმოდგენილი მიმართვით - გზავნილით ასევე დასტუდება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეებს განესაზღვრა 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად;
1.2.5. ვინაიდან სასამართლო გზავნილი 2015 წლის 13 აგვისტოს ჩაბარდათ მოპასუხეებს, მათთვის შესაგებლის წარსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2015 წლის 14 აგვისტოდან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2015 წლის 24 აგვისტოს, შესაბამისად, მოპასუხეებს შესაგებელი უნდა წარედგინათ 2015 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით;
1.2.6. მოპასუხეებმა სასამართლოში წერილობითი შესაგებელი წარადგინეს 26 აგვისტოს და სასამართლოსათვის მისი დაგვიანებით წარდგენის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან/საპროცესო ნორმათა გამოყენება-განმარტების საკითხთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. კასატორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვენ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
1.4.1. სასამართლომ არასწორად ჩათვალა დამტკიცებულად სადავო ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, როდესაც სარჩელზე დართული მტკიცებულებებით _ ხელშეკრულებებით ქარწყლდება ეს ფაქტი, კერძოდ, სადავო ნივთებზე მოპასუხეებს გადაცემული ჰქონდათ საკუთრების უფლება. ამდენად, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. თავად მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ არ მოელოდა დავის ასე მარტივად დასრულებას და გეგმავდა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას, კერძოდ, ხელშეკრულებათა იმ ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნას, რომლითაც სადავო ნივთები გადაეცათ მოპასუხეებს. სასამართლომ, მართალია, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებზე, თუმცა, მას ვინდიკაციური სარჩელის სამივე ელემენტის არსებობა არ დაუდგენია. ქონების იჯარით გადაცემის შემდეგ მოსარჩელემ დაამონტაჟა სავინტილაციო, გათბობისა და კონდიცირების სისტემები, რაც უძრავი ნივთის განუყოფელი ნაწილი გახდა და საფუძვლად დაედო მოძრავი ნივთების მოპასუხეთა საკუთრებაში გადაცემას. ეს ფაქტი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ უცნობებია და არც საკუთრებაში ნივთების გადაცემის ხელშეკრულების ბათილობა მოუთხოვია;
1.4.2. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე და 74-ე მუხლები და არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ამავე კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია უწყების უფლებამოსილი პირებისათვის ჩაბარების ფაქტი დადასტურებულად. კასატორ ორგანიზაციებს ჰყავთ კორესპოდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირები, არაუფლებამოსილ პირთათვის შეტყობინების გადაცემის გამო, იგი უფლებამოსილ პირებს მეორე დღეს ჩაბარდათ, რაც შესაბამის რეგისიტრაციაში გაატარეს. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით იქნა წარდგენილი შესაგებელი, რამაც განაპირობა საპროცესო ვადის ერთი დღით დარღვევა;
1.4.3. სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ, მოპასუხეებმა შესაგებელი წარადგინეს 2015 წლის 26 აგვისტოს, საპროცესო ვადის ერთი დღით დარღვევით, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ ქმედების შედეგადაც მათ ჰქონდათ სხდომის დანიშვნის მოლოდინი, სასამართლომ კი, თითქმის ერთი თვის შემდგომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თავის მხრივ, შესაგებლის წარდგენა მიანიშნებს მოპასუხის ინტერესზე დავის მიმართ;
1.4.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს ფორმალურ მხარეს _ საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი საბუთების განუხილველად დატოვებას, რაც შესაბამისი წესით და არა დოკუმენტის იგნორირებით უნდა განხორციელდეს, ამასთანავე, მითითებული ნორმა, ამავე კოდექსის 2321 მუხლთან ერთობლიობაში უნდა გაანალიზდეს, რამდენადაც ვადის დარღვევით სასამართლოში შესაგებლის წარდგენა უპირობოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას არ ითვალისწინებს;
1.4.5. სასამართლოსათვის საჩივრის განხილვის ეტაპზე ცნობილი იყო მოძრავი ნივთების მოსარჩელისათვის მიკუთვნების გაუმართლებლობის თაობაზე, რადგანაც ამ გადაწყვეტილებით წყდებოდა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლების ბედი და მხოლოდ საპროცესო წესების დარღვევა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება (სუს დიდი პალატის განჩინება #ას-121-117-2016) შესაგებლის წარუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მიზანშეწონილობის თაობაზე;
1.4.6. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რის საფუძველზეც პალატამ აპელანტებს დააკისრა 8 711 ლარის გადახდა, თუმცა, სასამართლოს ამ დოკუმენტის საქმისათვის დართვის საკითხზე არ უმსჯელია, ხოლო აპელანტის მოწინაღმდეგე მხარეს არ დაუსახელებია საპატიო მიზეზი, რომელიც ამ მტკიცებულების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარდგენის საფუძველი გახდებოდა. თავად ხელშეკრულება არ წარმოადგენს თანხის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებილი თანხა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მსჯელობა სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩატიცხვის თაობაზე არასწორია.
1.5. პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით.
1.5.1. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნას სწორედ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.
1.6. საკასაციო პალატა უარყოფს დავის მატერიალური ნაწილის მიმართ კასატორის მიერ წარმოდგენილ პრეტენზიებს და განმარტავს შემდეგს:
1.6.1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის კერძო გამოხატულების თვალსაჩინო მაგალითია, რამდენადაც სასამართლო იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს სასამართლოს მითითებებს, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს სასამართლოს ვარაუდი, რომ მხარე ეთანხმება მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნას. ის გარემოება, რომ მხარე საპროცესო წესის დარღვევით ასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას, უნდა შეფასდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის კონტექსტში. ამგვარი მიდგომა წარმოადგენს საკანონმდებლო დანაწესს და იგი არ შეიძლება სამართლიანი სასამართლოს პრინციპის, ასევე მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დარღვევად იქნას მიჩნეული. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლოს არავითარი უფლება არ გააჩნია, დავის ფაქტობრივ ნაწილში შევიდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების კვლევაში და საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმოს ამ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტებისა და სარჩელის ფაქტობრივი აღწერილობის რელევანტურობა. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული (სარჩელში მითითებული) ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი:
ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;
ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;
გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი).
1.6.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისადაა განხორციელებული, ამ თვალსაზრისით პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ შეტყობინება არაუფლებამოსილ პირებს ჩაბარდათ, რომლებმაც იგი უფლებამოსილ პირებს გადასცეს ერთი დღის დაგვიანებით, ხოლო ამ უკანასკნელებმა სარეგისტრაციო ჟურნალში გატარების თარიღის მიხედვით წარადგინეს შესაგებელი, რამდენადაც ორგანიზაციის საქმიანობის შიდა სტრუქტურული ხარვეზები (სარეგისტრაციო ჟურნალში კორესპოდენციის დაგვიანებით გატარება თუ კანცელარიის თანამშრომლისათვის კორესპოდენციის არადროული გადაცემა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საპროცესო უფლების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზს არ წარმოადგენს და მსგავსი არგუმენტები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ასევე არ მიიჩნევა (იხ. სუსგ №ას-959-1238-09, 28 დეკემბერი, 2009 წელი). შესაბამისად, პალატა ეთანხმება მოსარჩელის მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა დაცვის ფაქტს, ასევე, სამოტივაციო ნაწილის 1.2.5. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით (რასაც არ ედავება კასატორი) მოპასუხეთა მხრიდან შესაგებლის წარდგენის ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევას.
1.6.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.2. პუნქტში ასახული, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ამართლებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების აბსტრაქტულ ელემენტებს, რის გამოც არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ყველა წინაპირობა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი, რამდენადაც კასატორის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, თუკი მივიჩნევთ, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი შესაგებლის განუხილველად დატოვების საკითხზე, მაინც არ იარსებებს საკასაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა, ვინაიდან ამ დარღვევას შედეგობრივად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა არ მოჰყოლია (სსსკ-ის 393.3 მუხლი). რაც შეეხება მხარის მოსაზრებას სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში გადმოცემული მსჯელობის გაუზიარებლობის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ამ ინსტიტუტის გამოყენების მართლზომიერებას, რაც არ ვრცელდება საქმსი პირველი ინსტანციის წესით განხილვაზე (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
1.7. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დავის მატერიალურ ნაწილში დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ რ. კ-ის მიერ 19.09.2016წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
3.1. 2016 წლის 27 სექტემბერს კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ განცხადებით მომართა სასამართლოს (განცხადება #ა-3413-16) და წარმოადგინა მტკიცებულებები 9 (ცხრა) ფურცლად: #... უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერი, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართვა და რეაგირების ოქმები, ასევე, ფაქტების კონსტანტაციის შესახებ ოქმის ასლი.
3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 284-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ-ეს“, შპს „ლ-ისა“ და შპს „ს-93-ის“ საკასაციო საჩივარი პროცესის ხარჯის განსაზღვრის ნაწილში მიჩნეულ იქნას დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარდეს 2017 წლის 20 იანვარს, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს.
3. კასატორებს: შპს „კ-ეს“ (ს/#...), შპს „ლ-სა“ (ს/#...) და შპს „ს-93-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაუბრუნდეთ რ. კ-ის მიერ 19.09.2016წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
4. შპს „ა-1-ს“ დაუბრუნდეს 27.09.2016წ. #ა-3413-16 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 9 (ცხრა) ფურცლად.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ.ბაქაქური