საქმე №ას-969-934-2016 5 იანვარი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. მ. თ-ე (მოსარჩელე)
2. ა(ა)იპ „შ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. თ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, პირველი კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „შ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2014 წლის 31 დეკემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და 2015 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1978 წლიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო კულტურის სისტემაში, სარაიონო ბიბლიოთეკაში საბავშვო ბიბლიოთეკის გამგედ. 2005 წლის დეკემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო უმუშევარი და 2008 წლის თებერვლიდან დასაქმდა შ-ში ჯერ სპეციალისტად, შემდეგ _ მთავარ სპეციალისტად სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის დარგში. დასაქმებულს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, 34-წლიანი მუშაობის განმავლობაში არაერთი სიგელი და დიპლომი, იგი სამუშაოს ასრულებდა მაღალი ხარისხით. 2007 წელს კულტურის ცენტრს გამოეყო საგანმანათლებლო რესურსცენტრი და დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით. 2015 წლის იანვარში განხორციელდა რეორგანიზაცია, რის თაობაზეც მოსარჩელე წინასწარ არ გაფრთხილებულა. შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის შემდეგ დასაქმებულმა მიმართა შესაბამის სამსახურებს, რის პასუხადაც დამსაქმებლისგან ეცნობა, რომ სამუშაოდან გათავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ობიექტური გარემოების გამო, აღარ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება. რეორგანიზაციის შედეგად აპარატის თანამდებობრივ შტატებს შეეცვალა მხოლოდ დასახელება, რაც იმ მიზნით განხორციელდა, რომ დასაქმებულიყვნენ დამსაქმებლისათვის სასურველი კადრები. დამსაქმებელმა არ გაითვალისწინა მოსარჩელის განათლება, გამოცდილება, შრომის ხანგრძლივობა, ამასთანავე, მმართველობით აპარატში დატოვებულ იქნენ იმგვარი კადრები, რომელთაც აქვთ მხოლოდ საშუალო განათლება, იმყოფებიან საპენსიო ასაკში და იღებენ როგორც ხელფასს, ისე _ პენსიას, აღნიშნულით მოსარჩელის მიმართ განხორციელდა შრომითი დისკრიმინაცია
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი (1-წლიანი) შრომითი ურთიერთობა, რომლის მოქმედებაც 2014 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყდა. დამსაქმებლის რეორგანიზაცია განხორციელდა 2015 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, შესაბამისად, მოპასუხეს არავითარი ვალდებულება არ გააჩნდა ამ ცვლილების თაობაზე მოსარჩელის გაფრთხილებისა. არასწორია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია. მოპასუხის განმარტებით, ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, აღარ არსებობის ის საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დანიშნული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2016წ. განჩინება) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2014 წლის 31 დეკემბრის #... ბრძანება და დასაქმებულის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დამსაქმებელს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 4 200 ლარის გადახდა (ამ თანხიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვით). აპელანტს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის -150 ლარის, ხოლო დამსაქმებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 294 ლარის გადახდა.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სასამართლო ხარჯის დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ _ სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი ნაწილობრივ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად/ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დავის მატერიალურ ნაწილში არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე 1978 წლიდან მუშაობდა შუახევის რაიონის კულტურის სისტემაში, სარაიონო ბიბლიოთეკაში, შემდეგ _ სარაიონო საბავშვო ბიბლიოთეკის გამგედ, კულტურის განყოფილების გამგის მოადგილედ. 2005 წლის დეკემბრიდან- 2008 წლის თებერვლამდე იყო უმუშევარი. 2008 წლის თებერვლიდან მუშაობა დაიწყო ა(ა)იპ „შ-ში“ სპეციალისტად სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის დარგში;
1.2.2. დამსაქმებელმა მოსარჩელეს 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაუფორმა #... შრომითი ხელშეკრულება სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის დარგში სპეციალისტად დასაქმების თაობაზე;
1.2.3. მოპასუხის 2014 წლის 31 დეკემბრის #... ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 თავის მე-7 მუხლის, მე-9 თავის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და დამსაქმებლის წესდების მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო);
1.2.4. 2015 წლის 6 იანვარს ა(ა)იპ „შ-ში“ განხორციელდა რეორგანიზაცია. ის საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე მუშაობდა, 2015 წლის შ-ის საშტატო ნუსხაში აღარ არის, სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის დარგში მთავარი სპეციალისტის ფუნქციები გადაუნაწილდათ სხვა თანამშრომლებს;
1.2.5. 2008 წლიდან (ერთწლიანი მიმდევრობითი ხელშეკრულებებით) სამუშაოდან გათავისუფლებამდე - 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის დარგში სპეციალისტად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 350 ლარს;
1.2.6. 2014 წლის 1 იანვარს გაფორმებული #... შრომითი ხელშეკრულების მე-4 პუნქტით, დასაქმებულს დაევალა, შეასრულოს თანამდებობრივი ფუნქციებით, კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დაიცვას შრომითი ხელშეკრულების პირობები, მოთხოვნები, მითითებები და ბრძანებები, უზრუნველყოს კულტურის დარგისადმი განსაზღვრული სამუშაოს დროულად, მაღალიდეურად და შემოქმედებითად შესრულება. დაიცვას სამსახურებრივი შინაგანაწესი, რეჟიმი, რეგლამენტი, კულტურის მუშაკის ეთიკური და ზნეობრივი ნორმები;
1.2.7. 2016 წლის 20 ივლისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი სამუშაო ფუნქციები გადაეცა საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში მთავარ სპეციალისტს, რომლის ხელფასიც იგივეა, რაც გათავისუფლებამდე მას გააჩნდა, შესაბამისად, ეს საშტატო ერთეული ტოლფასია მისი სამუშაოსი;
1.2.8. 2016 წლის 20 ივლისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის მიზანი იყო კვალიფიციური კადრების შერჩევა. აპელანტის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული რეორგანიზებულ იქნა, მისი ფუნქციები გადაუნაწილდათ ახალ საშტატო განრიგით ადმინისტრაციული სამსახურის უფროსსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში მთავარ სპეციალისტს, რომლის ძირითადი ფუნქციაა მასმედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. შესაბამისად, ამ საშტატო ერთეულზე დანიშვნისათვის აუცილებელი იყო ჟურნალისტური გამოცდილებისა და შესაბამისი განათლების მქონე პირის დასაქმება, რაც დასაქმებულს არ გააჩნდა. დღეისათვის, ამ საშტატო ერთეულზე დასაქმებულია შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე პირი _ ჟურნალისტი და ორგანიზაციაში თავისუფალი საშტატო ერთეული, მათ შორის, აპელანტის ყოფილი სამუშაოს ტოლფასი არ არსებობს;
1.2.9. 2015 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით დამტკიცებული დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის მიხედვით, საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის უფლება-მოვალეობას შეადგენს კულტურის ცენტრის პოპულარიზაცია, მასმედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა (პრესკონფერენციების, ინტერვიუების ორგანიზება); საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება, დაგეგმილი ან განხორციელებული ღონისძიებების საინფორმაციო უზრუნველყოფა; შიდა კომუნიკაციის მართვა; კულტურის ცენტრის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში (facebook) საინფორმაციო მასალის დროულად განთავსება; ცენტრის სახელით ოფიციალური განცხადების მიმართვების პრესრელიზების გამოქვეყნება; კულტურის ცენტრის არქივზე სატელევიზიო და საგაზეთო მასალების მიწოდება; ყოველთვიური ანგარიშისა და გეგმების წარდგენა დირექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, კულტურის ცენტრის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა; სატელევიზიო გადაცემებისათვის ღონისძიებების მომზადება; დირექტორთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად პროექტების მომზადებაზე მუშაობა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან/საპროცესო ნორმათა გამოყენება-განმარტების საკითხთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. პირველი კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
1.4.1. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები და ისე არ დააკმაყოფილა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი, რომ არ გამოუკვლევია მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, არსებობდა თუ არა მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა. ამ მხრივ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სასამართლოს დასკვნას დასაბუთებულს გახდიდა. დამსაქმებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ კასატორის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობა არ იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში მთავარი სპეციალისტის ფუნქციების ტოლფასი. სასამართლოს დასკვნა, რომ პირველი კასატორის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ფუნქციები გადანაწილდა სხვა საშტატო ერთეულზე, არასწორია, რადგანაც რეორგანიზაცია ხორციელდება ეკონომიკური გარემოებების გამო, რომელსაც შტატების შემცირება მოსდევს, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. ასეთ ვითარებაში, მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული შტატის მიმართ გაიზარდა მოთხოვნები, რომელსაც მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს. გარდა ამისა, რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს დასაქმებულის არასაკმარისი კვალიფიკაცია, რაც პირველ კასატორთან მიმართებით არ დგინდება, ამდენად, დამსაქმებელმა ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლებები. ეს გარემოება თავისთავად დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ რეორგანიზაციის შემდეგ მოხდა ახალი კადრების დასაქმება, დამსაქმებელი ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის შეექმნა პირობები კვალიფიკაციის ასამაღლებლად და საკუთარი ხარჯით ჩაეტარებინა შესაბამისი სწავლება;
1.4.2. არასწორია სასამართლოს დასკვნა განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, რადგანაც, პალატამ დაადგინა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობა და გააბათილა იგი, შესაბამისად, უნდა აღმდგარიყო ბრძანების გამოცემამდე არსებული მდგომარეობა, თანახმად შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და 44-ე მუხლის, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე და 411-ე მუხლებისა. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანი განსხვავდება შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაციისაგან და დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მართლსაწინააღმდეგოდ გათავისუფლების პირობებში, მას უნდა აუნაზღაურდეს, როგორც კომპენსაცია, ისე _ მიყენებული ზიანი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
1.4.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა პროცესის ხარჯების საკითხი, კერძოდ, ის ხარჯი, რომელიც დაეკისრა პირველ კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ თავად უნდა დაკისრებოდა დამსაქმებელს ან მომხდარიყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, რადგანაც გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა.
1.5. მეორე კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით მოითხოვს:
1.5.1. სასამართლო ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელ ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაცია არაა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი, თუმცა, სასამართლოს მსჯელობა დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობის თაობაზე დასაბუთებულიც რომ იყოს, განხორციელებული რეორგანიზაცია მაინც იქონიებდა გავლენას სადავო შრომით ურთიერთობაზე, რადგანაც შტატების შემცირების გამო, მოსარჩელე ვეღარ იქნებოდა დასაქმებული და ვერ მიიღებდა შემოსავალს, რისი გადახდის ვალდებულებაც მეორე კასატორს სასამართლომ დააკისრა. სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა მაშინ ჩაითვლებოდა იძულებით განაცდურად, თუკი გათავისუფლების საფუძველი იქნებოდა სადავო ბრძანება და არა სხვა გარემოება;
1.5.2. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას კანონი მართალია, რაიმე კონკრეტულ გარემოებას არ უკავშირებს, მაგრამ, იგი უნდა გადაწყდეს, მაგალითად, იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული იმუშავებდა დაკავებულ თანამდებობაზე და არ არის აუცილებელი ეს თანხა ხელფასის ერთი წლის ოდენობის შესაბამისად დადგინდეს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მოთხოვნებიდან. ამ მხრივ, გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (სუსგ #ას-355-338-2016);
1.5.3. გარდა ზემოხსენებულისა, კასატორმა სადავო გახადა პროცესის ხარჯების განაწილების საკითხიც.
1.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები განხილულ უნდა იქნას სწორედ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.
1.7. რაც შეეხება დავის მატერილური ნაწილის მიმართ კასატორთა მიერ წარმოდგენილ შედავებას, პალატა უარყოფს მათ და განმარტავს შემდეგს:
1.7.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არა ვადიანი, არამედ _ უვადო შრომითი ურთიერთობა არსებობდა, ამ დასკვნამდე სააპელაციო პალატა, როგორც მტკიცებულებათა ყოველმხრივი ანალიზის (სსსკ-ის 105-ე მუხლი), ისე _ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის სწორი განმარტების გზით მივიდა. ამ მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. სუსგ №ას-373-354-2015, 13 ნოემბერი, 2015 წელი), შესაბამისად, დასაბუთებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნც, რომ უვადო შრომითი ხელშეკრულების პირობებში დამსაქმებლის ნება, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მართლსაწინააღმდეგოა და არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის არგუმენტს საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის თაობაზე, რადგანაც ამგვარ დარღვევებზე კასატორი ვერ მიუთითებს, იგი შემოიფარგლება ზოგადი მსჯელობით, რომ სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია მტკიცებულებები. კასატორის ამ პოზიციის საპირისპიროდ, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, რეორგანიზაციის ჩატარება სარჩელით შედავებულ გარემოებას არ წარმოადგენს. შესაგებელში მოპასუხე მიუთითებდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა. ამ მხრივ, საქმეში წარმოდგენილია დამსაქმებლის რეორგანიზაციამდელი და შემდგომი პერიოდის საშტატო ნუსხა და განმარტებულია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული შტატის მოვალეობები გადანაწილებულია სხვადასხვა პირზე, უფრო მეტიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში სწორედ მოსარჩელის და არა მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტის დადასტურება. ამ მხრივ, პირველი კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს მოპასუხის მხრიდან სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობაზე, თუმცა თავად არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ არსებობდა ტოლფასი თანამდებობა და დასაშვები იყო ამ თანამდებობაზე მისი აღდგენა (პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ №ას-902-864-2014, 30 მარტი, 2015 წელი). ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მიუხედავად მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლებისა, მაინც არ არსებობს მისი დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი, რადგანაც გათავისუფლების დღის მომდევნო სამუშაო დღეს, რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა მის მიერ დაკავებული თანამდებობა. რაც შეეხება მხარის მტკიცებას, რომ კომპენსაციის პარალელურად მხარეს შეიძლებოდა, დაკისრებოდა განაცდურის ანაზღაურება და ამდროულად დამსაქმებელი ვალდებული იყო, საკუთარი ხარჯით უზრუნველეყო დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლება, პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ამგვარი პრეტენზიები კანონის სწორი გაგებიდან არ გამომდინარეობს. ამდენად, სააპელაციო პალატამ დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სწორად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით და სწორად დააკისრა კომპენსაციის გადახდა დამსაქმებელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამსაქმებლის პრეტენზია ძირითადად მიმართულია დაკისრებული კომპენსაციის ოდენობისკენ და მხარე მიიჩნევს, რომ მას, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, დაეკისრა მიყენებულზე მეტი ზიანის ანაზღაურება. საკასაციო პალატა ბუნებრივია, არ იზიარებს ამ პოზიციას და განუმარტავს მხარეს, რომ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანი არ წარმოადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის თანასწორ სიკეთეს, რამეთუ, კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღველი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს იმ დასკვნასაც, რომ კომპენსაციის გონივრული ოდენობა დასაქმებულის ერთი წლის ხელფასით უნდა განსაზღვრულიყო. რაც შეეხება მეორე კასატორის პოზიციას, რომ მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, ვერ იქნება გაზიარებული პალატის მიერ იმ დასაბუთებით, რომ წინამდებარე დავისაგან განსხვავებით, მოხმობილ განჩინებაში (იხ. სუსგ #ას-353-338-2016) საუბარია არა კომპენსაციის გამოთვლის წესზე, არამედ მის მიზანზე _ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.
1.8. ამდენად, დავის მატერიალურ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დავის მატერიალურ ნაწილში დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 03.11.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი, ხოლო მეორე კასატორს _ მის მიერ 04.11.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. თ-ისა და ა(ა)იპ „შ-ის“ საკასაციო საჩივრები პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში მიჩნეულ იქნას დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნოს 2017 წლის 17 მარტს, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს.
3. კასატორ მ. თ-ეს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 03.11.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
4. კასატორ ა(ა)იპ „შ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 04.11.2016წ. #... საგადახდო მოთხოვნით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური