საქმე №ას-969-934-2016 17 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. მ. თ-ე (მოსარჩელე)
2. ა(ა)იპ „შ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. თ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, პირველი კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „შ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2014 წლის 31 დეკემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და 2015 წლის 1 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1978 წლიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო კულტურის სისტემაში, სარაიონო ბიბლიოთეკაში საბავშვო ბიბლიოთეკის გამგედ. 2005 წლის დეკემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო უმუშევარი და 2008 წლის თებერვლიდან დასაქმდა შ-ში ჯერ სპეციალისტად, შემდეგ _ მთავარ სპეციალისტად სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის დარგში. დასაქმებულს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, 34-წლიანი მუშაობის განმავლობაში არაერთი სიგელი და დიპლომი, იგი სამუშაოს ასრულებდა მაღალი ხარისხით. 2007 წელს კულტურის ცენტრს გამოეყო საგანმანათლებლო რესურსცენტრი და დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით. 2015 წლის იანვარში განხორციელდა რეორგანიზაცია, რის თაობაზეც მოსარჩელე წინასწარ არ გაფრთხილებულა. შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის შემდეგ დასაქმებულმა მიმართა შესაბამის სამსახურებს, რის პასუხადაც დამსაქმებლისგან ეცნობა, რომ სამუშაოდან გათავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ობიექტური გარემოების გამო, აღარ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება. რეორგანიზაციის შედეგად აპარატის თანამდებობრივ შტატებს შეეცვალა მხოლოდ დასახელება, რაც იმ მიზნით განხორციელდა, რომ დასაქმებულიყვნენ დამსაქმებლისათვის სასურველი კადრები. დამსაქმებელმა არ გაითვალისწინა მოსარჩელის განათლება, გამოცდილება, შრომის ხანგრძლივობა, ამასთანავე, მმართველობით აპარატში დატოვებულ იქნენ იმგვარი კადრები, რომელთაც აქვთ მხოლოდ საშუალო განათლება, იმყოფებიან საპენსიო ასაკში და იღებენ როგორც ხელფას, ისე _ პენსიას, აღნიშნულით მოსარჩელის მიმართ განხორციელდა შრომითი დისკრიმინაცია
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი (1-წლიანი) შრომითი ურთიერთობა, რომლის მოქმედებაც 2014 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყდა. დამსაქმებლის რეორგანიზაცია განხორციელდა 2015 წლის იანვარში, მაშინ, როდესაც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, შესაბამისად, მოპასუხეს არავითარი ვალდებულება არ გააჩნდა ამ ცვლილების თაობაზე მოსარჩელის გაფრთხილებისა. არასწორია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია. მოპასუხის განმარტებით, ცენტრში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, აღარ არსებობის ის საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დანიშნული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.07.2015წ. გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2016წ. განჩინება) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის 2014 წლის 31 დეკემბრის #... ბრძანება და დასაქმებულის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღურების თაობაზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დამსაქმებელს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 4 200 ლარის გადახდა (ამ თანხიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვით). აპელანტს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის -150 ლარის, ხოლო დამსაქმებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 294 ლარის გადახდა.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სასამართლო ხარჯის დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ _ სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, კასატორთა პრეტენზიები და მიიჩნევს, რომ პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 იანვრის განჩინებით დასაქმებულისა და დამსაქმებლის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვპუნქტის თანახმად _ დასაშვებად, შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში, შეფასების საგანს წარმოადგენს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული/გასაწევი ხარჯების, როგორც მხარეთა შორის, ისე _ ბიუჯეტის სასარგებლოდ განაწილების კანონიერება.
1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ. თ-ეს ა(ა)იპ „შ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის -150 ლარის, ხოლო ა(ა)იპ „შ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 294 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით:
ა) სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო წარმოებისათვის მოსარჩელემ წინასწარ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, არ არსებობს ამ მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი;
ბ) მოპასუხეს მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა 4 200 ლარის გადახდა, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ორივე ინსტანციის სასამართლოსათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 294 ლარს (4 200-ის 7%=294). დამსაქმებელს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო წარმოებისთვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დასაქმებულის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის პროპორციულად, მას მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა საკასაციო წარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-150 ლარის გადახდა;
გ) შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნული მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, დამსაქმებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 294 ლარის გადახდა.
1.4. კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზემოხსენებულ შეფასებებს და პრეტენზიას გამოთქვამენ სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმათა იმგვარი დარღვევის თაობაზე, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა (სსსკ-ის 393.3 მუხლი).
1.5. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორთა მოსაზრებებს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ქვემდგომი სასამართლოს მიერ არასწორად განსაზღვრა-განაწილების თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხზე:
1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, მითითებული მუხლის ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.).
1.5.2. უნდა აღინიშნოს ის საკითხიც, რომ განსხვავებით სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან, სასამართლო ხარჯების განაწილება სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, შუამდგომლობს თუ არა მხარე ამ საკითხის გადაწყვეტის თაობაზე, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლებზე დაყრდნობით, უნდა განსაზღვროს იგი (იხ. სსსკ-ის 249.4, 389.3, 390.4 მუხლები).
1.6. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს, ამ მოთხოვნათაგან ბოლო ნაწილში მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან (იხ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯს წარმოადგენს 450 ლარი (იხ. საქმეში არსებული ქვითრები), რაც შეეხება მოპასუხეს, მას საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 300 ლარი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი მოპასუხის ნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, ხოლო სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთანავე, დამსაქმებელს, ნაცვლად იძულებითი განაცდურისა, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომელიც სასამართლომ ერთი თვის ხელფასის _ 350 ლარის 12-მაგი ოდენობით _ 4 200 ლარით განსაზღვრა.
1.7. მხარეთა შორის უდავოა ისიც, რომ დასაქმებულის შრომის ანაზღაურება თვეში 350 ლარი იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის ღირებულება 12 600 ლარს (350*12*3) შეადგენს, საიდანაც დაკმაყოფილდა 33,3% და დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 200 ლარის გადახდა, შესაბამისად, მოთხოვნის 66,7%-ის დაკმაყოფილებაზე დასაქმებულს ეთქვა უარი.
1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის ხარჯები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგნაირად: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯის 33,3%-ის _ 194,85 ლარის (450*33,3%), ხოლო მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ _ ამ უკანსკელის მიერ გაწეული ხარჯის 66,7%-ის _ 200,1 ლარის გადახდა (300*66,7%), საბოლოოდ ამ თანხების ურთიერთგაქვითვით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ ეკისრება 50,25 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
1.9. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების საკითხს, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებული იმ ნაწილის ღირებულების პროპორციულად, რომლის ანგარიშსწორების ვალდებულებისგანაც მოსარჩელე იყო გათავისუფლებული, დაეკისრება მოპასუხეს და ეს თანხა სამივე ინსტანციის სასამართლოსათვის შეადგენს 504 ლარს (4 200*12%), საიდანაც მას საკასაციო სამართლაწარმოების ეტაპზე გადახდილი აქვს 300 ლარი, შესაბამისად, ა(ა)იპ „შ-ი“ ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს ამ თანხების სხვაობა _ 204 ლარი (504-300).
1.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე (3) მუხლით გათვალისწინებული საფუძველი და ახალი გადაწყვეტილებით ეს ხარჯები მხარეთა შორის უნდა განაწილდეს ზემოხსენებული წესის თანახმად (იხ. ამ გადაწყვეტილების 1.8.-1.9. პუნქტები).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. თ-ისა და ა(ა)იპ „შ-ის“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 და მე-9 პუნქტები (პროცესის ხარჯები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. მ. თ-ეს (პ/#...) ა(ა)იპ „შ-ის“ (ს/კ #...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ხარჯებიდან 50,25 ლარის ანაზღაურება.
4. ა(ა)იპ „შ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 204 ლარის გადახდა.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური