Facebook Twitter

საქმე №ას-109-102-2017 17 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ტ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. 21“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

თანამოპასუხე შეგებებულ სარჩელზე _ ნ. ბ-ე

მესამე პირები: ლ. მ-ო, ს. ი-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ძირითად სარჩელში), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. ზ. ტ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. 21-ის“ მიმართ 2014 წლის 22 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

1.2. შპს „ს. 21-მ“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. ტ-ისა და ნ. ბ-ის, ასევე, მესამე პირების _ ს. ი-ისა (იპოთეკის საგნის თავდაპირველი მესაკუთრე) და ლ. მ-ოს (იპოთეკის საგნის ამჟამინდელი მესაკუთრე) მიმართ 2014 წლის 22 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და მსესხებლად, ზ. ტ-ის ნაცვლად, ნ. ბ-ის მითითების თაობაზე.

2. მოპასუხეების/მესამე პირების პოზიცია:

2.1. შპს „ს. 21-მ“ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებაში მითითებულია იპოთეკის საგნის მესაკუთრის _ ს. ი-ის წარმომადგენლის სტატუსით, შესაბამისად, სარჩელის აღძვრაც წარმოდგენილ პირს და არა მოსარჩელეს შეუძლია, ამასთანავე, მართალია, ხელშეკრულებაში დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, მსესხებლად, ნ. ბ-ის ნაცვლად მოხსენიებულია ზ.ტ-ე, თუმცა ეს გარემოება ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს.

2.2. ზ. ტ-ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება სესხის მიღების მოტივით გაფორმდა და რადგანაც თანხა მსესხებელს არ მიუღია, არამედ, მიიღო ნ. ბ-ემ, ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

2.3. სასამართლო სხდომაზე ნ. ბ-ემ შეგებებული სარჩელი ცნო.

2.4. მესამე პირებს შესაგებელი არ წარუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ტ-ემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ზ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ზ. ტ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ტ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა (აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა) წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებზე გაამახვილებს, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით:

1.2.1. 2014 წლის 4 დეკემბერს შპს „ს. 21-სა“ და იპოთეკის საგნის მესაკუთრე ს. ი-ის წარმომადგენელ ზ. ტ-ეს, ასევე, მსესხებელ ფიზიკურ პირ ზ. ტ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სესხი შეადგენდა 8 000 აშშ დოლარს; ვადა _ 2 წელს; სარგებელი _ ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 2%-ს. სესხის უზრუნველსაყოფად დაიტვირთა ს.ი-ის უძრავი ქონება;

1.2.2. ხელშეკრულების თანახმად, სესხის გადაცემა უნდა დაფიქსირებულიყო მიღება-ჩაბარების აქტით;

1.2.3. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა სხვა პირის _ ნ. ბ-ის წინაშე, შესაბამისად, ხელშეკრულება არ დადებულა და არც იპოთეკა წარმოშობილა, რაც შეეხება ნ.ბ-ისათვის სესხის გადაცემასა და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფას, ეს ზემოხსენებული ხელშეკრულების საგანს არ წარმოადგენდა. მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნა, გაუქმებულიყო 2014 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულება, გამსესხებელმა დატოვა უპასუხოდ.

1.3. სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა რა ზ. ტ-ის მიერ აღძრული სარჩელი, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა დავის მიმართ იურიდიული ინტერესი. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, აპელანტმა განმარტა, რომ არსებული იპოთეკით მას ადგება ზიანი, ამასთან შპს „ს. 21-მ“ არ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ვალდებულება სესხის გადაცემის შესახებ, მას არ მიუღია სესხად 8 000 აშშ დოლარი, რის გამოც აღძრა აღიარებითი სარჩელი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

1.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ თუკი ზ. ტ-ის ინტერესს სესხის მიღება წარმოადგენდა, მის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას აღიარებით სარჩელი ვერ უზრუნველყოფს. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისათვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა (იხ. სუსგ-ებები: №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი, 2015 წელი, №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი), თავის მხრივ, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალება, სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლისა და 286-ე მუხლის პირველი ნაწილების შესაბამისად, წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რომლის არსებობის/წარმოშობის საკითხიც ძირითადი ურთიერთობის არსებობის/წარმოშობის შესაბამისად წყდება. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე სადავოდ არ ხდის ზ. ტ-ესთან ხელშეკრულების დაუდებლობის ფაქტს (შესაგებლის, ასევე, შეგებებული სარჩელის თანახმად, გამსესხებელი ადასტურებს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მსესხებლად მოხსენიებული ზ. ტ-ისათვის მას სესხის თანხა არ გადაუცია), თუკი მოსარჩელის ინტერესს სესხის მიღება წარმოადგენდა მას უნდა მოეთხოვა არა ხელშეკრულების ბათილად ცნობა, არამედ, ვალდებულების შესრულება (თანხის გადაცემა). რაც შეეხება იმ პოზიციას, რომ იპოთეკის უფლების რეგისტრაციით მას ადგება ზიანი, პალატა მოსარჩელის არც ამ მითითებას იზიარებს და ყურადღებას იმ გარემოებაზე გაამახვილებს, რომ ზიანის ფაქტობრივ შემადგენლობაზე მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია, კერძო საჩივარი კი არ შეიცავს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მხარემ საქმის მომზადების ეტაპზე ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით, შესაბამისად, ზიანის შემადგენლობაზე, როგორც ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე და 380-ე მუხლების კონტექსტში ვერ იმსჯელებს საკასაციო სასამართლო, თუმცა, საფუძვლიანადაც რომ მივიჩნიოთ მოსარჩელის პოზიცია ზიანის არსებობის თაობაზე, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ზ.ტ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმგვარად, რომ მხარეს საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა არ მოუთხოვია.

1.5. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს აღძრული სარჩელის მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესის არარსებობის პირობებში აღძრული სარჩელი სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, ამ საკითხის კვლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის ფარგლებში სარჩელის განსახილველად მიღებისას წყდება, თუმცა იმისათვის, რათა შესაძლო დაშვებული ხარვეზი გამოსწორდეს, საპროცესო სამართალი იცნობს წარმოებაში არსებული სარჩელის განუხილველად დატოვების ინსტიტუტსაც, რომელიც საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა მოწესრიგებული. თავად ეს უკანასკნელი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია აღნიშნული, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). როგორც ზემოთ აღინიშნა, გარიგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი აღიარებით კატეგორიას განეკუთვნება და საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სავალდებულოა, მასში აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის კვლევა განეკუთვნება სამართლის საკითხს და მისი არსებობის დასადგენად მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს სხვა ტიპის სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, რაც საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. თუკი ამგვარი წინაპირობები არ არსებობს, მაშინ სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარებას ან დოკუმენტების სიყალბის დადგენას. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავალდებულოა, მაგალითად, მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა, უფლების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება განხილულ იქნას სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი, 2013 წელი). საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავოდ გამხდარი გარიგების მხოლოდ ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან სარჩელით მოთხოვნილი არ არის უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი რეგისტრაციის საკითხი, სასამართლო კი, დავას იხილავს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარე ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი).

1.6. პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო ხელშეკრულება დადებულია სამ პირს შორის: გამსესხებელ შპს „ს. 21-ს“, მსესხებელ ზ. ტ-ესა და იპოთეკის საგნის მესაკუთრის წარმომადგენელს შორის, ასევე იზიარებს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოში კრედიტორის მიერ გამოთქმული პოზიცია, რომ კერძო საჩივრის ავტორისაგან არ მოითხოვს სესხის დაბრუნებას, არ წარმოადგენს რაიმე გარანტიას მსესხებლისთვის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ვერ გახდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობის განმაპირობებელი, რამდენადაც, როგორც ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.4. პუნქტში აღინიშნა, სესხი რეალური ხელშეკრულებაა და თუკი გამსესხებელი სარჩელით მოითხოვს ზ. ტ-ისაგან ხელშეკრულებაში მითითებული თანხის დაბრუნებას, სწორედ მისი მტკიცების ტვირთი იქნება თანხის მსესხებლისათვის გადაცემის ფაქტის დადასტურება. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას სესხის მიღების ინტერესი დაკარგული აქვს და ამიტომ სურს ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პალატა მას კვლავ სესხის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე მიიჩნევს უსაფუძვლოდ, რამეთუ მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებით (თანხის გადაცემის გარეშე) მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა არ წარმოშობილა. პალატა ნაწილობრივ იზიარებს ზ.ტ-ის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ნ. ბ-ის სესხის უზრუნველყოფის საგნად არასწორად მიიჩნია სადავო ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა, რადგანაც 2014 წლის 22 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან არ ირკვევა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ამ ხელშეკრულებას რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს ნ. ბ-ის ვალდებულებასთან, უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს „ს. 21-ს“ უარი უთხრა (გადაწყვეტილების აღსრულებადი _ სარეზოლუციო ნაწილით) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო 2014 წლის 22 აპრილის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და მსესხებლად ნ. ბ-ის მითითება. ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს. ი-ე აღარ წარმოადგენს იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, იგი არსებული მდგომარეობით ეკუთვნის ლ. მ-ოს, შესაბამისად, გაურკვეველია ლ.მ-ოს ქონებაზე რა სამართლებრივი ინტერესი შეიძლება გააჩნდეს მოსარჩელეს, მით უფრო იმ მდგომარეობაში, რომ მას არც სესხის ხელშეკრულება დაუდია (სესხის თანხა არ მიუღია) და არც მისი ვალდებულების უზრუნველსაყოფად შეიძლება იქნას გამოყენებული უძრავი ქონება. რაც შეეხება მხარის პრეტენზიას, რომ ლ.მ-ომდე ქონების მესაკუთრე იყო ქ. კ-ე, რომელიც სასამართლომ მესამე პირად არ ჩააბა საქმეში, სრულიად დაუსაბუთებელია, რადგანაც ქ.კ-ეს ნივთთან სამართლებრივი კავშირი გაწყვეტილი აქვს, შესაბამისად, იგი არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე ან 89-ე მუხლის სუბიექტად გვევლინება.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებული შედავება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური