საქმე №ას-126-118-2017 17 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქვემდგომი სასამართლოს დავალდებულება, წარმოებაში მიიღოს სააპელაციო საჩივარი
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის 8 962,5 აშშ დოლარის დაკისრებისა (საიდანაც 7 500 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირ თანხას, 300 აშშ დოლარი სარგებელს, ხოლო, 1 162,5 აშშ დოლარი _ პირგასამტეხლოს) და დავალიანების ამოღების მიზნით მოვალის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ქონების (ს/კ #...) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავებით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და განმარტა, რომ ვალდებულებას ასრულებდა ჯეროვნად, თუმცა არასწორად აკლდებოდა გადახდილი თანხა ძირს, შესაბამისად, სარგბელი და პირგასამტეხლო ერიცხებოდა თანხას, რითაც მოვალეს არ უსარგებლია, ამასთანავე, მოვალე ვალდებულებას ასრულებდა 2015 წლის 23 აპრილის ჩათვლით, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2015 წლის 29 ივნისს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის _ 7 500 აშშ დოლარის, სარგებლის _ 300 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 116,25 აშშ დოლარის გადახდა, დავალიანების ამოღების მიზნით კი, იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკის საგანი.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, მოიხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს _ 116,25 აშშ დოლარისა და სარგებლის _ 300 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, აპელანტის მიერ 2012 წლის 20 ივლისიდან 2015 წლის 23 აპრილის ჩათვლით გადახდილი სარგებლის _ 3 456,79 ლარის ნახევრის ძირი თანხის ანგარიშში ჩათვლა და დარჩენილი 5 771,61 აშშ დოლარის (ძირი) გადახდის 35 თვეზე განაწილვადება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ქვემდგომი სასამართლოს დავალდებულება, წარმოებაში მიიღოს სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლების გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.
1.3. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით განაცხადა უარი, რომ მხარის მიერ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, კერძოდ, 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოპასუხემ ჩაიბარა 2016 წლის 21 ოქტომბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2016 წლის 4 ნოემბერს, ხოლო მხარემ საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 18 ნოემბერს.
1.4. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა არ არის დარღვეული, თავდაპირველად მხარემ ჩაიბარა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო შემდგომ _ დასაბუთებული გადაწყვეტილება და მას დაცული აქვს მისი გასაჩივრების საპროცესო ვადა. მხარე საკუთარ პოზიციას ასაბუთებს იმითაც, რომ სასამართლოს 2591 მუხლით დადგენილ ვადამდე დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ექნებოდა მომზადებული და ხელწერილში მხარის მითითება, რომ ჩაიბარა გადაწყვეტილება, არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, თითქოს მისი გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში გადაეცა მას დასაბუთებული გადაწყვეტილება.
1.5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს და ყურადღებას გაამახვილებს საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღზე, საქმეში არსებულ ხელწერილებსა და სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა როგორც მოპასუხე, ისე _ მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, სწორედ ამ სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილება. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 12 ოქტომბრით დათარიღებული (რაც ასევე სასამართლოს შტამპითაა დადასტურებული) განცხადება, რომლის თანახმადაც, მოვალის წარმომადგენელი მოითხოვს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარებას. რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მხარეს სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდა საქმეში არ არის წარმოდგენილი, გარდა უშუალოდ მოვალის მიერ ხელმოწერილი ხელწერილისა, რომელიც დათარიღებულია 2016 წლის 21 ოქტომბრით და მასში მითითებულია, რომ მოპასუხემ ჩაიბარა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 11 ნოემბრით დათარიღებული განცხადება, რომლითაც მოპასუხემ მოითხოვა ამავე გადაწყვეტილების ჩაბარება და განცხადების მეორე გვერდზე იგი ხელმოწერით ადასტურებს მოთხოვნის შესრულების ფაქტს, სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ იგი სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 18 ნოემბერს.
1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველოი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციოს/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა, ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).
1.6.1. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერზე, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ აპელანტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სუბიექტია, შესაბამისად, მის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება, რამდენადაც ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
1.6.2. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ადრესატისათვის (მოპასუხე) სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების გაგზავნა-ჩაბარების ფაქტს დაადასტურებდა.
1.6.3. რაც შეეხება ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.5. პუნქტში მოხმობილ ფაქტებს, საკასაციო სასამართლო მათი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების გზით იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ 2016 წლის 21 ოქტომბრის ხელწერილი წარმოადგენს არა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებას, არამედ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მხარისათვის გადაცემის ფაქტის დადასტურებას, რამდენადაც საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ასევე საყოველთაოდ ცნობილ გარემოებას საქმეთა დიდი ნაკადის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს დატვირთულობის თაობაზე, რაც ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-9 დღეს სასამართლოს ჰქონოდა ობიექტური შესაძლებლობა, მოემზადებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება, მით უფრო მაშინ, როდესაც მოვალე 2016 წლის 11 ნოემბერს კვლავ მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით და ამავე დღეს ხელწერილით ადასტურებს გადაწყვეტილების ჩაბარებას.
1.7. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 12 ნოემბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 28 ნოემბერს, ორშაბათს (26 ნოემბერი ემთხვეოდა დასვენების დღეს), სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში რეგისტრირებულია 2016 წლის 18 ნოემბერს, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ აპელანტს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა (სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა).
1.8. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან შეფასებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (სსსკ-ის 393.3 მუხლი), შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური