Facebook Twitter

საქმე №ას-39-35-2017 10 მარტი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ.თბილისის მერიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მეიჯარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოიჯარე) მიმართ საიჯარო ქირის _ 750 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს _ 0,1%-ის, მაგრამ არანაკლებ ერთი ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 12 მარტის #... გადაწყვეტილებით ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ი. ღ-ია, რომელსაც მეიჯარისაგან გადაეცა ქ.თბილისში, ა-ის გამზირის #...-ის მიმდებარედ (მიწის საკადასტრო კოდი: #...) არსებული 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მეიჯარის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ღ-იას განცხადება, გამარჯვებულის უფლებები, ვალდებულებები და იჯარის უფლება გადაეცა მოპასუხეს, რომელმაც მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების გაუქმება. მეიჯარის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შეწყდა 2012 წლის 12 მარტის #... გადაწყვეტილება და მოიჯარეს ეთხოვა შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების შესრულება (საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა). იჯარის შეწყვეტის მომენტისათვის მოპასუხეს ეკისრებოდა საიჯარო ქირის _ 750 ლარის გადახდის ვალდებულება. სარგებლობის პირობების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განისაზღვრებოდა ქირის 0.1%-ით, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო 2014 წლის 12 თებერვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის დავალიანების სრულად გადახდამდე.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ არც შესაგებელი წარუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოიჯარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის _ 750 ლარისა და 2014 წლის 12 თებერვლიდან ქირის სრულ გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის _ 3 650 ლარის 0.04%-ის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეიჯარემ, მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ. საკასაციო საჩივარი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ (მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები):

1.2.1. მეიჯარის 2012 წლის 12 მარტის #... გადაწყვეტილებით ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა ი. ღ-ია, რომელსაც ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისაგან გადაეცა ქ.თბილისში, ა-ის გამზირი #...-ის მიმდებარედ (მიწის საკადასტრო კოდი: #...) არსებული 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

1.2.2. მეიჯარის 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ღ-იას განცხადება, გამარჯვებულის უფლებები, ვალდებულებები და იჯარის უფლება გადაეცა მოწინააღმდეგე მხარეს;

1.2.3. მოიჯარემ მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების გაუქმება;

1.2.4. მოსარჩელის გადაწყვეტილებით შეწყდა 2012 წლის 12 მარტის #... გადაწყვეტილება და მოწინააღმდეგე მხარეს ეთხოვა ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის წინაშე შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების შესრულება (საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდა);

1.2.5. იჯარის უფლების შეწყვეტის მომენტისათვის მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრებოდა საიჯარო ქირის _ 750 ლარის გადახდის ვალდებულება;

1.2.6. სარგებლობის პირობების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო განსაზღვრულია ქირის 0.1%-ით, მაგრამ არანაკლებ 1 (ერთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ქირის _ 3 560 ლარის 0.1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა, 2014 წლის 12 თებერვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარღვევის გამოსწორებამდე;

1.2.7. გასაჩივრებული გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილებით იჯარის ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ 0.1% შემცირდა 0.04%-მდე.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 418-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ამავე კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ იჯარის სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომლის შეწყვეტის წესსაც ადგენს 588-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, რადგანაც ამ ნორმაში საუბარია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე, რომელიც საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიშვება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობასა და მოვალის ქონებრივ ან სხვა მდგომარეობასთან შესაბამისობის საკითხზე და არ დაუსაბუთებია მოთხოვნილი თანხის შემცირების საფუძვლიანობის საკთხი. განსახილველ შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესს წარმოადგენს ის საკითხი, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია ანუ არ შედავებია სარჩელში მითითებულ გარემოებებს მაშინ, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. ისეთ შემთხვევაში, თუკი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იქნებოდა და მხარე არ ედავება მას, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა ამ საკითხზე.

1.5. საკასაციო პრეტენზიის წინააღმდეგ პალატა მოიხმობს მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის არგუმენტაცია, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის ფარგლებში დადგენილად მიიჩნეოდა მხოლოდ პირგასამტეხლოს დავალიანების ოდენობა, თუმცა, მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო თუ არა, სამართლის საკითხს წარმოადგენდა და სასამართლოს იგი სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში უნდა შეემოწმებინა, შესაბამისად, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია (იხ. სუსგ №ას-1125-1072-2014, 29 მაისი, 2015 წელი).

1.6. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, როგორც საპროცესო (სსკ-ის 2321), ისე _ მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური სამართლის ნორმა (სკ-ის 420-ე მუხლი) და მიღებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო პალატის მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან (იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური