საქმე #ას-763-714-2017 19 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ზ-ის“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებაზე, საქმეზე, შპს „ს-ის“ სარჩელის გამო, შპს „ზ-ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ზ-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგარძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება, შპს „ზ-ს“ გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს, ადმინისტრატორ მ. დ-ეს (პ/#...) 2017 წლის 18 მაისს (ტ.II, ს.ფ.6).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 19 მაისს და ამოიწურა 2017 წლის 30 მაისს. საქმეში წარმოდგენილი, კერძო საჩივარზე დართული საფოსტო ბარათით კი დასტურდება რომ, კერძო საჩივარი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2017 წლის 31 მაისს, რაც უტყუარად ადასტურებს კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევას. აღნიშნული კი, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ზ-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. კერძო საჩივრის ავტორს შპს „ზ-ს“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 30.05.2017წ. N... საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე