Facebook Twitter

№ ას-983-946-2016 3 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. მ-ი გამოსახლებულ იქნა ქ. ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე ნ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 27 კვ.მ სავაჭრო ფართიდან და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნ. მ-ეს.

8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

10. 2016 წლის 19 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. მ-მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ნ. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (რომელზე დაყრნობითაც განმცხადებელი ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას) საქმის წარმოების განახლება დაუშვებელი იყო.

13. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მ.. ყ-ისა და ა. დ-ის „განცხადება“ – „დადებული შეთანხმება“. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, არა სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, არამედ - კერძო სამართლის სუბიექტების მიერ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ მიმართული ნების გამოვლენა, ე.ი. გარიგება. შესაბამისად, ვინაიდან საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება არ გაუქმებულა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება ვერ მოხდებოდა.

14. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ.

15. საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. მ-ის მიმართ ნ. მ-ის აღძრულ სარჩელზე დავის საგანი იყო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. 2016 წლის 25 მაისს განხილულ დავაში კი მოსარჩელე „შეთანხმების ბათილად ცნობას“ მოითხოვდა და, რაც მთავარია, 2016 წლის 25 მაისს განხილულ საქმეში ნ. მ-ე არ მონაწილეობდა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება იმავე საქმეზე გამოტანილი არ არის.

16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ ამ ნორმის საფუძველზე საქმის წარმოების განახლება შეიძლება, თუ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება არსებობდა საქმის არსებითად განხილვის დროს, თუმცა ეს მხარეთათვის უცნობი იყო და, ამის გამო, სასამართლოსათვის მისი წარდგენა ვერ მოხერხდა. მოცემულ შემთხვევაში საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სადავო საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს არ არსებობდა და, ამის შესაბამისად, სასამართლოსათვის მისი ადრე წარდგენა შეუძლებელი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტის შესაბამისი მტკიცებულება არ არის. თუმცა, ასეც რომ იყოს, ნორმის თანახმად, ახლად აღმოჩენილ მტკიცებულებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება შეიძლება მოჰყვეს, თუ იგი, სავარაუდოდ, მისი წარმდგენი მხარისათვის „ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას“ გამოიწვევს. 2016 წლის 25 მაისს გადაწყვეტილ საქმეში ნ. მ-ე არ მონაწილეობდა. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება მის მიმართ გამოტანილი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, კი გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს სავალდებულო ძალა მხოლოდ ამ საქმეში მონაწილე მხარეებისათვის გააჩნია. ამრიგად, პალატის მოსაზრებით, 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმის არსებითად განხილვის დროს რომც არსებულიყო, სავარაუდოდ, ეს ნ. მ-ისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას ვერ გამოიწვევდა.

17. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ 2016 წლის 25 მაისს გადაწყვეტილ დავაში მოპასუხემ ნ. მ-ის სარჩელი ცნო და, ძირითადად, სწორედ ეს დაედო საფუძვლად გადაწყვეტილებას. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში, არსებითად, დავის მიმართ ნ. მ-ის პოზიციაა ასახული, რასაც იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროს ისედაც აჟღერებდა. ამის გამო, პალატამ მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება სადავო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვერ გახდებოდა.

18. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმის წარმოების განახლება არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინების საფუძველზე დაიშვებოდა, ვინაიდან ამ განჩინებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ დაუდგენია არცერთი ფაქტი, რომელიც 2013 წლის 5 ივნისს გადაწყვეტილ დავასთან შემხებლობაში იქნებოდა. მეტიც, განჩინებით საკასაციო სასამართლოს საქმე არსებითად არ გადაუწყვეტია და იგი სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

20. განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას ნ. მ-ის გამოსახლების შესახებ საფუძვლად დაუდო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. მ-ს შეძენილი აქვს არა #18, არამედ #19 სავაჭრო ფართი. თავის მხრივ, სასამართლო ამ დასკვნამდე მიიყვანა იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ 2009 წლის 22 ოქტომბერს ა. დ-ესა და მან. ყ-ეს შორის გაფორმდა და საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ მან. ყ-ემ მიჰყიდა ა. დ-ეს არა #18, არამედ #19 სავაჭრო ფართი. დღეისათვის აღნიშნული შეთანხმება ბათილად არის ცნობილი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ნ. მ-ს შეძენილი აქვს არა #18, არამედ #19 ფართი, გამოეცალა მტკიცებულება - შეთანხმება ა. დ-ესა და მან. ყ-ეს შორის, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთვის, გამოიწვევდა სხვა გადაწყვეტილების გამოტანას, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების საფუძველია.

21. საჩივრის ავტორის განცხადებით, ის გარემოება, რომ ნ. მ-ს შეძენილი აქვს არა #18, არამედ #19 სავაჭრო ფართი, დადასტურებულია, აგრეთვე, 2016 წლის 13 აპრილის ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც, აგრეთვე, ახლად აღმოჩენილ გარემოებად (მტკიცებულებად) უნდა იქნას მიჩნეული. საქმის განხილვის დროს აღნიშნული მტკიცებულება არ იქნა შექმნილი და წარდგენილი სასამართლოში შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალების შესაბამისად, ნ. მ-ი რეგისტრირებულია #18 ფართის მესაკუთრედ, ამდენად, წარმოუდგენელი იყო, რომ სასამართლო საკუთრების ობიექტის იდენტიფიკაციის მიზნით დაყრდნობოდა არა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო დოკუმენტებს, არამედ მესამე პირების ბათილ შეთანხმებას და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის წერილს, რომელიც რა სახის მტკიცებულებას წარმოადგენს, გაუგებარია.

22. საჩივრის ავტორის განცხადებით, ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა შეექმნა ახალი მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფართების რაიმე გადანომრვას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, ნ. მ-ის საკუთრებაშია სწორედ #18 ფართი.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება, რომლითაც უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლებაზე, უკანონოა და ექვემდებარება გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

28. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

30. აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

31. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე.

32. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ნ. მ-ი გამოსახლებულ იქნა ქ. ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე ნ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 27 კვ.მ სავაჭრო ფართიდან და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნ. მ-ეს.

33. ნ. მ-მა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნულის საფუძვლად მიუთითა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინების სამოტივაციო ნაწილში ასახულ მსჯელობაზე.

34. როგორც განმცხადებელი განმარტავს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მან. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის შედგენილი, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტი, რამაც განაპირობა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესაძლებლობა ნ. მ-ის სასარგებლოდ. ვინაიდან საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღნიშნული შეთანხმება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გარემოება უნდა გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

35. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის პრეტენზიის შემოწმების მიზნით ყურადღებას მიაქცევს მხარის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებაზე (საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე), რომლითაც ირკვევა, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელე (განმცხადებელი ნ. მ-ი) სადავოდ ხდიდა მან. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის 2009 წლის 22 ოქტომბერს სანოტარო წესით შედგენილი განცხადების ნამდვილობას. აღნიშნული განცხადების შინაარსის შესაბამისად, მხარეები თანხმდებოდნენ იმაზე, რომ მან. ყ-ემ ა. დ-ეს მიჰყიდა ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე #16, 25 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ნომერი 16 მათ შეასწორეს ნომრით - 18. მხარეებმა განცხადებაში ასევე განმარტეს, რომ ნ-ის ქუჩაზე მშენებარე სავაჭრო რიგის პირველ სართულზე მოხდა ფართების გადანომრვა და ა. დ-ისთვის მიყიდული ფართი არის არა #16 ან #18, არამედ #19. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა წარდგენილი სარჩელი და ბათილად ცნო აღნიშნული შეთანხმება (იხ. ტ. 3, ს.ფ. 85-92).

36. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ შედეგს ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგზე.

37. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მან. ყ-ესა და ნ. მ-ეს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის 2006 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. მ-ე რეგისტრირებულია ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე 25 კვ.მ #18 ფართის მესაკუთრედ.

38. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ფართი 2009 წლის 25 აპრილს მან. ყ-ისგან შეიძინა ა. დ-ემ, ხოლო 2009 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულებით ა. დ-ისგან შეიძინა ნ. მ-მა. ამრიგად, ნ. მ-ის საკუთრების უფლება წარმოიშვა უფრო ადრე, ვიდრე მან. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის, ხოლო შემდეგ ა. დ-ესა და ნ. მ-ს შორის დაიდებოდა ხელშეკრულება. სწორედ აღნიშნულის გამო, 2009 წლის 22 ოქტომბერს მ. ყ-ესა და ა. დ-ეს შორის დაიდო შეთანხმება, რომ მათ მიერ გასხვისებულ იქნა არა ნ-ის ქუჩაზე მდებარე 25 კვ.მ #18 ფართი, არამედ იმავე მისამართზე მდებარე #19 ფართი.

39. თავისთავად, ის გარემოება, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაბათილებულია ზემოაღნიშნული შეთანხმება, სადაც მითითებული იყო, რომ ნ. მ-ი წარმოადგენს არა ჭიათურაში, ნ-ის ქუჩაზე მდებარე 25 კვ.მ #18 ფართის, არამედ #19 ფართის შემძენს, ცალკე აღებული, სხვა დამატებითი გარემოებების დადგენის გარეშე, არ იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ ნ. მ-ი წარმოადგენს #18 ფართის მართლზომიერ მფლობელს. ამიტომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმგვარ გარემოებად, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილ შედეგზე.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებით, რომელსაც განმცხადებელი ასევე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად უთითებს, სასამართლომ საქმე მთელი რიგი სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის აუცილებლობის გამო ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც არ იყო დადგენილი თავდაპირველი მესაკუთრის მიერ ერთი და იმავე ფართის სხვადასხვა პირებზე რამდენჯერმე გაყიდვა, ამ პირობებში, ჯეროვნად არ დგინდებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართებზე უფლებების გადაფარვა, ერთსა და იმავე ფართზე რამდენიმე რეგისტრაციის არსებობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დაევალა დაედგინა რას აქვს განსახილველ შემთხვევაში ადგილი - ფართების გადაადგილებას ნუმერაციის შეცვლის გამო, სხვადასხვა ფართის ნუმერაციის აღრევას, ფართის სივრცითი მდგომარეობის შეცვლას დამტკიცებულ პროექტთან ობიექტის შეუსაბამობის გამო თუ ერთი და იგივე ფართის რამდენჯერმე გაყიდვას (იხ. ტ. 3, ს.ფ. 72-84). სწორედ აღნიშნული გარემოებები, მათი საბოლოოდ დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს კავშირში წინამდებარე საქმესთან. თუმცა იმ პირობებში, როცა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებით დავა მხარეთა შორის საბოლოოდ არ გადაწყვეტილა, აღნიშნული განჩინება არ შეიძლება გახდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი

41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი განმცხადებელს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე, შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე