№ ას-993-956-2016 5 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. დ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ა-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. დ-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ა. დ-ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ლ. ა-ის კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე, ქ. რუსთავი, შ-ოს ქ. #..., ბ. #...) და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ-ამ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ა. დ-ას სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეები, შესაბამისად, აპელანტის ვალდებულება იყო თავად მიემართა სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა. აპელანტმა კი სასამართლოს განცხადებით მიმართა ვადის დარღვევით და შესაბამისად, ვადის დარღვევით გაასაჩივრა იგი. პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწყო 2016 წლის 23 ივნისს და ამოიწურა 2016 წლის 6 ივლისს, მან კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, 2016 წლის 12 ივლისს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, ა. დ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. დ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა კანონით დადგენილ ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
12. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
13. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი იმპერატიულია და, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
15. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ იგი ესწრებოდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 83-91), თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 (2016 წლის 13 ივნისი) და არაუგვიანეს 30-ე დღისა (2016 წლის 22 ივნისი) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. მან საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 24 ივნისს (იხ. ტ. 1, ს. ფ. 101), ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ექვსი დღის დაგვიანებით - 2016 წლის 12 ივლისს.
17. ამრიგად, ვინაიდან აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსთვის მიმართვის ვალდებულება არ განუხორციელებია და სააპელაციო საჩივარი წარადგინა საპროცესო ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლისას მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
19. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება ზემოაღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. დ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე