№ ას-1014-975-2016 3 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. პ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ს-ი, ნ. ს-ი, ქ. მ-ი, ვ. ს-ი, გ. ს-ი (მოსარჩელეები)
თავდაპირველი მოპასუხე - თ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. ს-მა, ნ. ს-მა, ქ. მ-მა, ვ. ს-მა და გ. ს-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. პ-ის და თ. ხ-ის მიმართ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამკვიდროს ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
2. მოპასუხე ნ. პ-მა სარჩელი არ ცნო, ხოლო თ. ხ-მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ს-ის, ნ. ს-ის, ქ. მ-ის, ვ. ს-ის და გ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. წნორის ნოტარიუს თ. ხ-ის მიერ ნ. პ-ის სასარგებლოდ 1995 წლის 4 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და სიღნაღის რ-ნის სოფელ ქვემო მ-ი მდებარე, მამკვიდრებელ ტ. პ-ის სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრეებად, მისი 1986 წლის 17 ივლისის ანდერძის თანახმად, მოპასუხე ნ. პ-თან ერთად ცნობილ იქნენ ნ. ს-ი, ნ. ს-ი, ვ. ს-ი, გ. ს-ი და ქ. მ-ი; მეორე სასარჩელო მოთხოვნა ტ. პ-ის სახელზე რიცხული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაშენებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებად ნ. ს-ის, ნ. ს-ის, ვ. ს-ის, გ. ს-ისა და ქ. მ-ის ცნობისა და სამკვიდროს ამ ნაწილზე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-მა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ნ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეები, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 5 სექტემბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 18 სექტემბერს, რომელიც იყო უქმე დღე და ამიტომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრების ბოლო ვადად განსაზღვრა 2016 წლის 19 სექტემბერი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტაში წარადგინა ერთი დღის დაგვიანებით - 2016 წლის 20 სექტემბერს, ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. პ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება
8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია ხელზე და ელოდებოდა საფოსტო გზავნილს. 2016 წლის 20 სექტემბერს მას დაუკავშირდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ღვინიაშვილის თანაშემწე, დ. თ-ი და აცნობა, რომ ეწურებოდა გასაჩივრების ვადა და თუ სურვილი ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა წარედგინა სააპელაციო საჩივარი. საჩივრის ავტორის განცხადებით, მან სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და მასზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
12. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
13. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი იმპერატიულია და, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
15. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ იგი ესწრებოდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ს.ფ. 241), თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2016 წლის 5 აგვისტოდან) არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს. საჩივრის ავტორის აპელირება, რომ მას არ ჩაუბარებია გადაწყვეტილება ხელზე და ელოდებოდა ფოსტის მეშვეობით მის მიღებას, ვერ მიიჩნევა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
17. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი ადგენს მხარის (რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად, გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შესაბამისად, სასამართლო თავისი ინიციატივით გადაწყვეტილებას უგზავნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლში მითითებულ ან პატიმრობაში მყოფ პირებს, თუ მათ არ ჰყავთ წარმომადგენელი. ნ. პ-ი კი, როგორც საქმის მასალებით დგინდება, არ წარმოადგენს ამ ნორმით განსაზღვრულ პირს. უფრო მეტიც, მის ინტერესებს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო საჩივრის წარდგენისას იცავდა წარმომადგენელი, ნ. კ-ლი, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა მის სახელზე ნ. პ-ის მიერ 10 წლის ვადით გაცემული რწმუნებულების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 181).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. პ-ი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყო კანონით დადგენილ ვადაში, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. ვინაიდან მას აღნიშნულ ვადაში ეს ვალდებულება არ განუხორციელებია და სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა საპროცესო ვადის დარღვევით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. პ-ის სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად დაუშვებლობის გამო.
19. საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას, რომ ვინაიდან მოსამართლის თანაშემწემ მას ტელეფონით აცნობა გასაჩივრების ვადის ამოწურვის შესახებ და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა უნდა იქნას მიჩნეული საპატიოდ.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებებით გამყარებულია არ არის, თუმცა კიდეც რომ დასტურდებოდეს მოსამართლის თანაშემწის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ამოწურვის თაობაზე ნ. პ-ის ტელეფონით ინფორმირებისა და გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნის ფაქტი, აღნიშნული მაინც ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის წარდგენის წესსა და ვადას და დაუშვებლად მიიჩნევს დარღვეული ვადის აღდგენას ან გაგრძელებას (სსსკ 2591, 369.1 მუხლები).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე