Facebook Twitter

№ ას-1024-985-2016 30 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ+" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „კ+"-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1500 აშშ დოლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება გ. გ-ს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 17 ივლისს, შესაბამისად, მისთვის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მეორე დღეს - 2016 წლის 9 ივლისს და ამოიწურა 2016 წლის 1 აგვისტოს. სააპელაციო საჩივარი კი გ-მა სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 22 აგვისტოს, რითაც დაარღვია გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი 14 დღიანი ვადა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. გ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხემ ჩაიბარა არა 2016 წლის 17 ივლისს, არამედ 2016 წლის 17 აგვისტოს. ხელწერილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა მას არ დაურღვევია. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლო ერთი თვის ვადაში ამზადებს გადაწყვეტილებას. მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომა ჩატარდა 2016 წლის 8 ივლისს, შესაბამისად, ცხრა (9) დღეში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ მარტივი მიზეზის გამოც ვერ შეძლებდა. ამასთან, საჩივრის ავტორის განმარტებით, 2016 წლის 14 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით იგი არ იმყოფებოდა თბილისში, აქედან გამომდინარე, ვერ ჩაიბარებდა გადაწყვეტილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

11. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილება გასაჩივრების უფლების მქონე მხარემ ჩაიბარა 2016 წლის 17 ივლისს და ვინაიდან მან 2016 წლის 22 აგვისტოს წარადგინა სააპელაციო საჩივარი, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა.

12. აღნიშნული დასაბუთების საპირისპიროდ, კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია და გადაწყვეტილების ჩაბარებისას დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა - ნაცვლად ხელწერილში მითითებული თარიღისა - 2016 წლის 17 ივლისი, მითითებული უნდა ყოფილიყო - 2016 წლის 17 აგვისტო. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მის მიერ წარდგენილი იქნა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ 14 დღიან ვადაში.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ხელწერილის თანახმად, გ. გ-მა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2016 წლის 17 ივლისს (იხ. ს.ფ. 101), ანუ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან გასულია ცხრა (9) დღე. შესაბამისად, გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ვალდებულება (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა) ჯერ არ დამდგარა. ვინაიდან მხარისათვის ცნობილი იყო 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თაობაზე, იგი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო 2016 წლის 28 ივლისიდან (მე-20 დღე) 2016 წლის 7 აგვისტოს (30-ე დღე) ჩათვლით.

16. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის ხელწერილში მითითებულ თარიღს მის მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჩაიბარა 2016 წლის 17 აგვისტოს.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

18. საკასაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 17 ივლისი იყო კვირა, არასამუშაო დღე და მხარე ვერ მიმართავდა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, 2016 წლის 17 აგვისტო კი იყო ოთხშაბათი, და გონივრული ალბათობით, მხარეს შეეძლო სასამართლოში გამოცხადება გადაწყვეტილების ჩასაბარებლად.

19. ამრიგად, გამომდინარე იქიდან, რომ:

ა) საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი მხარემ სადავოდ გახადა მასში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო;

ბ) ხელწერილში მითითებული თარიღი - 2016 წლის 17 ივლისი იყო კვირა დღე და ამ დღეს მხარე ვერ მიმართავდა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით;

გ) ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2016 წლის 17 ივლისს, ანუ საქმის ზეპირი მოსმენის დასრულებიდან და გადაწყვეტილების გამოტანიდან ცხრა დღეში სასამართლოს მზად ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაშინ, როცა მხარეს მისი მოთხოვნის ვალდებულება წარმოეშობა გადაწყვეტილების გამოტანიდან მე-20 დღეს (არა უადრეს 20 დღისა),

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი), ზემოაღნიშნული გარემოებები უნდა განიმარტოს მხარის სასარგებლოდ, კერძოდ, იმგვარად, რომ დაცული იქნას გასაჩივრების უფლების მქონე მხარის უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც საწინააღმდეგოთი არ დასტურდება, უნდა გადაწყდეს მხარის სასარგებლოდ და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღედ არ უნდა იქნას მიჩნეული 2016 წლის 17 ივლისი.

21. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დგინდება გ. გ-ის მიერ საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების 2016 წლის 17 ივლისს ჩაბარების ფაქტი, ხოლო კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მან გადაწყვეტილება ჩაიბარა 2016 წლის 17 აგვისტოს, რომელიც არის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-40 დღე, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, მხარისთვის სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო არა გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, არამედ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (2016 წლის 8 აგვისტოს) და ამოიწურა იმავე წლის 21 აგვისტოს, ხოლო ვინაიდან 21 აგვისტო იყო კვირა, არასამუშაო დღე, სსსკ 61-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, 2016 წლის 22 აგვისტოს, როდესაც წარდგენილ იქნა კიდეც სააპელაციო საჩივარი.

22.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აპელანტს არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა. შესაბამისად, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და გ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე გ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე