Facebook Twitter

საქმე №ას-1030-991-2016 6 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ლ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ჰ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ჰ-ას“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პერინდოპრილ არგინინის შემცველი სამკურნალო საშუალებების: ა)პრეგინი-ჰუმანითის/PREHIN-HUMANITY; ბ) პრეგინი-ჰუმანითის/PREGIN HUMANITY; გ) პრეგინპლუსი-ჰუმანითის/PREGINPLUS-HUMANITY; დ)პრეგინპლუსი-ჰუმანითის/PREGINPLUS-HUMANITY; ე)პრესტალი5-ჰუმანითის/PRESTAL-5-HUMANITY; ვ)პრესტალი 10-ჰუმანითის/PRESTAL 10-HUMANITY; ზ)პრესტალი-XL-ჰუმანითის/PRESTAL-XL-HUMANITY - იმპორტის, გაყიდვის, გასაყიდად შეთავაზების ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვის აკრძალვა; ასევე, მოპასუხის მფლობელობაში არსებული იმ სამკურნალო საშუალებების, რომლებიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავენ პერინდოპრილის არგინინს: ა)პრეგინი-ჰუმანითი/PREHIN-HUMANITY; ბ)პრეგინი-ჰუმანითი/PREGIN HUMANITY; გ)პრეგინპლუსი-ჰუმანითი/PREGINPLUS-HUMANITY; დ)პრეგინპლუსი-ჰუმანითი/PREGINPLUS-HUMANITY; ე)პრესტალი5-ჰუმანითი/PRESTAL-5-HUMANITY; ვ)პრესტალი 10-ჰუმანითი/PRESTAL 10-HUMANITY;ზ)პრესტალი-XL-ჰუმანითი/PRESTAL-XL-HUMANITY, განადგურება.

2. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოითხოვა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე მოპასუხისათვის იმ სამკურნალო საშუალებების გაყიდვის, გასაყიდად შეთავაზების, გამოყენების, იმპორტის ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვის აკრძალვა, რომლებიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავენ პერინდოპრილის არგინინს და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სს ჰ-ას” მიერ ქ. თბილისში, ი-ის ქ. №...-ში მდებარე იჯარით არსებულ საწყობებში დასაწყობებულ პრეპარატებსა და მათ შესაფუთ მასალაზე ყადაღის დადება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით ლ-ეს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა: საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სს ჰ-ას” აეკრძალა იმ სამკურნალო საშუალებების გაყიდვა, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა, რომლებიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავენ პერინდოპრილის არგინინს; საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ყადაღა დაედო სს ჰ-ას” მიერ ქ. თბილისში, ი-ის ქ. №...-ში მდებარე იჯარით აღებულ საწყობებში დასაწყობებულ პრეპარატებს: ა)პრეგინი-ჰუმანითი/PREGIN-HUMANITY; ბ) პრეგინი-ჰუმანითი/PREGIN-HUMANITY; გ)პრეგინპლუსი ჰუმანითი/PREGINPLUS-HUMANITY; დ)პრეგინპლუსი-ჰუმანითი/PREGINPLUS-HUMANITY; ე)პრესტალი-5-ჰუმანითი/PRESTAL-5-HUMANITY; ვ)პრესტალი-10-ჰუმანითი/PRESTAL-10-HUMANITY; ზ)პრესტალი-XL-ჰუნანითი/ PRESTAL-XL-HUMANITY და მათ შესაფუთ მასალას (იხ. ტ. 2, ს.ფ. 233-245).

4. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სს ჰ-ამ“.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით სს ჰ-ას“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სს ჰ-ას“ საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. აღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილში, მართალია, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება, თუმცა სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს მაინც განუსაზღვრა 5 დღის ვადა განჩინების გასაჩივრებისათვის.

7. თბილისის საპელაციო სასამართლოს სააპელაციო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ლ-ემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ლ-ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და ლ-ეს საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და აღნიშნული განჩინების უცვლელად დატოვების თაობაზე იმავე სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინება.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლით განსაზღვრულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურა. კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე საპროცესო კანონი ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია 1971 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლზე, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საქმის განხილვის დასრულებაზე (419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

12. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება. შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ლ-ეს საჩივრის განხილვისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებების კანონიერების შემოწმების საფუძველი. შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ-ეს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებების გაუქმების შესახებ დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე