№ ას-1068-1027-2016 30 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ტ-ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს კ-ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. სს კ-მა“ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ლ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით დაზუსტდა მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მხარის სახელწოდება და ნაცვლად სს კ-ისა“ მიეთითა სს „ტ-ი“.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს „ტ-ის“ შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2016 წლის 12 ოქტომბერს 13:00 საათზე.
9. სს „ტ-მა“ სააპელაციო სასამართლოს მიმართა შეგებებული სააპელაციო საჩივრით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით სს „ტ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სს „ტ-ის“ მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის გამო; ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის შეცვლით ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს კ-ის“ 2014 წლის 27 თებერვლის ბრძანება ნ. ლ-თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ნ. ლ-ი აღდგენილ იქნა სს „ტ-ის“ აღმაშენებლის განყოფილების მმართველის თანამდებობაზე; სს „ტ-ს“ ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 3500 ლარის ანაზღაურება 2014 წლის 27 თებერვლიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სს „ტ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ამავე განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2016 წლის 12 ოქტომბერს 13:00 საათზე.
15. სს „ტ-ს“ სააპელაციო საჩივრის ასლი და უწყება 2016 წლის 12 ოქტომბერს 13:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე ჩაბარდა 2016 წლის 20 სექტემბერს.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
17. 2016 წლის 04 ოქტომბერს სს „ტ-ის“ უფლებამოსილ წარმომადგენელს, ს. ს-ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობა სს „ტ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.
18. 2016 წლის 12 ოქტომბერს დანიშნულ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა სს „ტ-ი“.
19. სასამართლო ინფორმირებული არ არის დაუძლეველი ძალის ან სხვა რაიმე ისეთი მოვლენის შესახებ, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისთვის. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ არსებობდა სხდომის გადადების კანონისმიერი წინაპირობები.
20. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
21. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
23. სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანი იყო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
24. შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე სს „ტ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
25. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 15 სექტემბერს მიიღო წარმოებაში ნ. ლ-ის ძირითადი სააპელაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა 2016 წლის 12 ოქტომბერს 13 საათზე. ამდენად, 12 ოქტომბრის სხდომა დანიშნული იქნა იმთავითვე, ნ. ლ-ის ძირითადი სააპელაციო საჩივრის განსხილველად და ცხადია, რომ ამ დროისათვის არ არსებობდა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
26. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლზე და განმარტა, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, თუმცა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღის განსაზღვრის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, უდავოა, რომ სასამართლოს არც შემდგომ პერიოდში მიუღია გადაწყვეტილება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღის შესახებ და სს „ტ-ისთვის“ არ გაუგზავნია შეტყობინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
27. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სს „ტ-ისთვის“ 20 სექტემბერს ჩაბარებული უწყება 12 ოქტომბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, შევსებულია არასრულად, არ აკმაყოფილებს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, აღნიშნული უწყება სს „ტ-ს“ ჩაბარდა 20 სექტემბერს, რა დროსაც შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ არსებობდა და ცხადია, იგი ვერ მიიჩნევა სასამართლო უწყებად შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ.
28. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გაუგებარია სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სს „ტ-ის“ წარმომადგენელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობა სს „ტ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს მოსამართლის თანაშემწის პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეტყობინების მიღების ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული მიმოწერა არ ატარებდა ოფიციალურ ხასიათს და მხოლოდ მხარის ინფორმირებას ემსახურებოდა. ამასთან, მიმოწერის შინაარსი ადასტურებს, რომ სს „ტ-მა“ თანამშემწისგან მიიღო ინფორმაცია მხოლოდ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ და სასამართლოს არა არაოფიციალური ფორმით უცნობებია მხარისათვის შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღის შესახებ.
29. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სს „ტ-ს“ არ გააჩნდა ინფორმაცია შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე შემხვედრი სააპელაციო შესაგებლის წარმოდგენის თაობაზე და შესაბამისად, არც აღნიშნული შესაგებელი ჩაბარებია.
30. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ უნდა მიეღო განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, სასამართლოს სხდომა უნდა გადაედო სხვა დროისათვის, სს „ტ-ისთვის“ გაეგზავნა შემხვედრი სააპელაციო შესაგებელი და უწყება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
31. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს“ტ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
33. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
36. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
37. კანონის აღნიშნული დანაწესი უშუალოდ უკავშირდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურას და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მესამე ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და სასამართლოსათვის არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება არ მოუთხოვია.
38. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არ განუსაზღვრავს შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვის თარიღი და შესაბამისად, სს „ტ-ისთვის“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ უცნობებია შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლო სხდომის თაობაზე.
39. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შესწავლის მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
40. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2016 წლის 12 ოქტომბერს 13:00 საათზე (ტ. III, ს.ფ. 322-324).
41. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სს „ტ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად. სასამართლო განჩინება არ შეიცავს ჩანაწერს შეგებებული საააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე (ტ. III, ს.ფ. 353,354).
42. საქმის მასალებით დგინდება, რომ სს „ტ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა არ მომხდარა არც მოგვიანებით, შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემდგომ.
43. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სს „ტ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი 2016 წლის 12 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო.
44. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სს „ტ-ს“ კანონით დადგენილი წესით ეცნობა 2016 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივრის განხილვის თაობაზე.
45. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლზე, რომლის თანხმადაც სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.
46. აღნიშნული ნორმა უშუალოდ ადგენს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების წესს და სასამართლოს ავალდებულებს, სააპელაციო საჩივრის მიღების შესახებ განჩინებით დანიშნოს სხდომა საქმის ზეპირი განხილვის მიზნით.
47. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით არ განუსაზღვრავს სს „ტ-ის“ შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე საქმის ზეპირი განხილვის დრო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლით დადგენილი წესი.
48. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის სს „ტ-ისთვის“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლო სხდომის თაობაზე უწყების გაგზავნის ან/და ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
49. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას სს „ტ-ისთვის“ 2016 წლის 20 სექტემბერს ჩაბარებულ სასამართლო უწყებაზე (ტ.III, 325, 328), საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სს „ტ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებულ იქნა მხოლოდ 2016 წლის 04 ოქტომბერს და ამდენად, სასამართლო უწყება, რომელიც სს „ტ-ს“ გაეგზავნა ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორისთვის საპროცესო სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ მსჯელობს სს „ტ-ისთვის“ ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე უწყების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარების საკითხზე.
50. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სს „ტ-ის“ წარმომადგენელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობა შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც მოსამართლის თანაშემწის აქტით, ისე კერძო საჩივარზე თანდართული ელექტრონული მიმოწერის შინაარსით დგინდება, რომ სს „ტ-ის“ წარმომადგენელს ეცნობა მხოლოდ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ და არ მომხდარა მხარის ინფორმირება სასამართლო სხდომის თარიღთან დაკავშირებით (ტ.III, ს.ფ. 369, 407). ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზემოაღნიშნული ელექტრონული მიმოწერა განხორციელებულია მოსამართლის თანაშემწის პირადი ელექტრონული ფოსტიდან და ამდენად, არ ატარებდა სასამართლოს მხრიდან ოფიციალური შეტყობინების სახეს.
51. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სს „ტ-ს“ დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, დადგენილია, რომ ნ. ლ-მა შესაგებელი სს „ტ-ის“ შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე წარადგინა 2016 წლის 10 ოქტომბერს (ტ. III, ს.ფ. 358), თუმცა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის აღნიშნული შესაგებლის სს „ტ-ისთვის“ ჩაბარების ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების) გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის მოტივით სს „ტ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
53. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის სს „ტ-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ტ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სს „ტ-ს“ (ს/ნ: ...) დაუბრუნდეს ს. ს-ის (პ/ნ: ...) მიერ 2016 წლის 7 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 (ასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი REPLGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე