Facebook Twitter

№ ას-372-356-2016 3 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - დ. ს-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ს-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საერთო ვალის გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ს-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ს-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება და მისთვის შვილის სასარგებლოდ ყოველთვიური ალიმენტის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:

2. 2006 წლის 27 სექტემბრიდან მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ერთი შვილი, ... წლის ... მაისს დაბადებული ლ. ს-ი. მხარეები დიდი ხანია ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობენ, მოპასუხე მას აყენებდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც უარყოფითად აისახებოდა არასრულწლოვან ბავშვზე. მოპასუხე ჯეროვნად არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მშობლის მოვალეობებს და ბავშვის რჩენ-აღზრდაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მხოლოდ მოსარჩელეს. ამჟამად მოსარჩელე არის უმუშევარი და თავად არ შეუძლია შვილის ფინანასურად უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე და ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიური ალიმენტის, 120 ლარის დაკისრება.

3. მოპასუხემ სარჩელი განქორწინების ნაწილში ცნო და თანხმობა განაცხადა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 30 ლარის გადახდაზე. ამასთან, მან შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, ქ. ბოლნისში, ჯ-ის ქ. #...-ში მდებარე ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, მეუღლეთა საერთო ქონებისა საერთო ვალების თანაბარწილად გაყოფა.

4. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და დამატებით მოითხოვა მზითვის დაბრუნება და მეუღლეთა საერთო ვალის ნახევრის მოპასუხისთვის დაკისრება.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2006 წლის 27 სექტემბერს სრ სააგენტოს ბოლნისის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერის #მნ 0070949); მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შვილის, ... წლის ... მაისს დაბადებული ლ. ს-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 120 ლარის გადახდა 2014 წლის 16 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მეუღლეთა საერთო ვალის ნახევრის - 450 ლარისა და 2 500 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა; მ. ს-ის სარჩელი დ. ს-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა; დ. ს-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დ. ს-ი ცნობილ იქნა მ. ს-ის სახელზე რიცხული ქ. ბოლნისში, ჯ-ის ქ. #...-ში მდებარე უძრავი ქონების (სკ ...) 1/2 წილის მესაკუთრედ; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა მეუღლეთა საერთო ვალის 1 508,99 ლარის გადახდა; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სს ,,ბანკი კონსტანტასთან” 2013 წლის 1 ნოემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 1/2 ნაწილის გადახდა გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რომლის გადახდის დასაწყისად განისაზღვრა 2014 წლის 19 დეკემბერი; გაიყო მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება და დ. ს-ს მიეკუთვნა: გაზქურა ,,ვესტელი”, ტელევიზორის სატელიტი და ანტენა, მაგიდა 3 ცალი, სკამების კუთხე, სკამი 4 ცალი, გარდერობი, საწოლი 2 ცალი, მატრასი 1 ცალი, ხორცსაკეპი ელ.მანქანა 1 ცალი, უთო, მიქსერი, თმის საშრობი, ხეში ჩასმული საათი, იატაკის ხალიჩა 3 ცალი, უჟანგავი ქვაბების კომპლექტი 2 ცალი, ჩაის კომპლექტი 6 კაცზე 1 ცალი, ფეხიანი ვაზა 2 ცალი, ყავის სერვისი 6 კაცზე, ტორტის თეფშების სერვისი, დენის გადამყვანი 1 ცალი, წვენის ჭიქა 12 ცალი, საუთოო მაგიდა, ელექტროჩაიდანი, ტოსტერი, სადილის თეფში 6 ცალი, თეფში 6 ცალი, ღვინის ჭიქა 6 ცალი, ღვინის დოქი 3 ცალი, არყის დოქი 1 ცალი, ღვინის ჭურჭელი 1 ცალი, ავზი 3 ცალი, წყლის გრაფინა 3 ცალი, შუშის ქილა 12 ცალი, ხოლო მ. ს-ს მიეკუთვნა: მაცივარი ,,ინდეზიტი”, სარეცხი მანქანა ,,გორენიე”, ტელევიზორი ,,სტარი”, მაგიდა 2 ცალი, სკამი 4 ცალი, საწოლი 2 ცალი, მატრასი 1 ცალი, ხორცსაკეპი ელ.მანქანა 1 ცალი, ვენტილიატორი, უჟანგავი ქვაბების კომპლექტი 1 ცალი, ჩაის კომპლექტი 6 კაცზე 1 ცალი, უფეხო ვაზა 2 ცალი, დენის გადამყვანი 1 ცალი, წვენის ჭიქა 12 ცალი, სადილის თეფში 6 ცალი, თეფში 6 ცალი, ღვინის ჭიქა 6 ცალი, არყის დოქი 1 ცალი, ღვინის ჭურჭელი 1 ცალი, ავზი 3 ცალი, შუშის ქილა 12 ცალი.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ასევე მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის ნაწილში, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა და მოითხოვა მოსარჩელისათვის მეუღლეთა საერთო ვალის - 530 ლარის ნახევრის - 265 ლარის გადახდის დაკისრება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ალიმენტის დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველი.

8. ამავე სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 2006 წლის 27 სექტემბერს. მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. ამავე გადაწყვეტილებით დ. ს-ი ცნობილ იქნა მ. ს-ის სახელზე რიცხული ქ. ბოლნისში, ჯ-ის ქ. #...-ში მდებარე უძრავი ქონების (სკ ...) 1/2 წილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

10. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 13 სექტემბერს მ. ს-სა და გიორგი ნიკოლაძეს შორის ქ. ბოლნისში, ჯ-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურიდან (18 000 აშშ დოლარი) გადასახდელია 5 000 აშშ დოლარი.

11. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების მხარე მ. ს-ია, სწორედ მის მიმართ შეუძლია გამყიდველს პრეტენზიის წაყენება. ამასთან, ვინაიდან ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, ნასყიდობის საფასურის გადახდაზე პასუხისმგებლობა ორივე მეუღლეს თანაბრად უნდა დაეკისროს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი დ. ს-ისათვის 2 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე.

12. რაც შეეხება დ. ს-ის მოთხოვნას მ. ს-ისათვის მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების ღირებულების 530 ლარის ნახევრის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ დ. ს-ს ჰქონდა ვალი - მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი პროდუქტების ღირებულება 530 ლარი და ამდენად, არ არსებობდა მ. ს-ისათვის აღნიშნული თანხის ნახევრის - 265 ლარის დაკისრების საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ს-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

14. კასატორის განცხადებით, სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია მესაკუთრე გ. ნ-ის მიერ შედგენილი ელექტრონული განცხადებისთვის, სადაც გ. ნ-ე აღწერს ფაქტს იმის შესახებ, რომ ბინის გაფორმების დროს მან მიიღო 13 000 აშშ დოლარი და მ. ს-ს მისთვის მისაცემი დარჩა 5000 აშშ დოლარი. ეს არის მხოლოდ მისი, როგორც მოწმის ახსნა-განმარტება და არა მ. ს-ის ვალდებულების მაჩვენებელი დოკუმენტი. სასამართლომ კი იგი მიიჩნია მ. ს-ის ვალის აღიარებად. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მ. ს-ი არარსებული ვალის დაკისრების გამო მძიმე სიტუაციაში აგდებს როგორც დ. ს-ს, ისე საკუთარ თავს, რადგან სადავო თანხა მთლიანად გადახდილია. თავად მ. ს-იც არ უარყოფს, რომ ხელშეკრულების დადებისას გადაიხადა 13 000 აშშ დოლარი და მანვე სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარადგინა 3000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სასამართლომ არ მიიჩნია 13 000 აშშ დოლარზე დამატებით გადახდილი თანხის დამდასტურებელ დოკუმენტად.

15. სასამართლო გვერდს უვლის იმ გარემოებას, რომ დარჩენილი 5000 აშშ დოლარი გ. ნ-ეს უნდა მიეღო საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ხოლო ის ფაქტი, რომ ბინის გადაფორმების შემდგომ ნ-ეს გადაერიცხა 13 000 აშშ დოლარის გარდა ჯერ 1000, ხოლო შემდგომ 2000 აშშ დოლარი, სასამართლომ არ გაითვალისწინა და მოწმე ა. ბ-ის ჩვენების შესაბამისად, გადარიცხული 3000 აშშ დოლარი მიიჩნია 13 000 აშშ დოლარში გადახდილად, რაც არასწორია. ბინის გადაფორმების დროს 13 000 აშშ დოლარის გადაცემას თავად მესაკუთრე გ. ნ-ე და მყიდველი მ. ს-ი ადასტურებენ. ამდენად, რატომ მიიჩნია ა. ბ-ის ჩვენება სასამართლომ უფრო სარწმუნოდ, ვიდრე ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეთა ახსნა-განმარტება, პასუხგაუცემელია.

16. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია მაღაზიის ვალი მეუღლეთა საერთო ვალად. ხელწერილში მითითებული იყო, რომ დ. ს-ს ეს ვალი დაუგროვდა იმიტომ, რომ მას მიჰქონდა პროდუქტი მაღაზიიდან ნელ-ნელა, რაც იმას ნიშნავს, რომ დ. ს-ი იმ პერიოდისთვის ცხოვრობდა ოჯახში მეუღლესთან ერთად. ხელწერილის შინაარსი კი სასამართლომ განმარტა არასწორად.

17. ამასთან, კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივარზე დართულ მტკიცებულებაზე - პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გ. ნ-ის მიერ გაკეთებულ სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტით დადასტურებულია გ. ნ-ის მიერ მის კუთვნილ 5000 აშშ დოლარზე უარის თქმა. ნ-ე აცხადებს, რომ მ. და დ. ს-ების ოჯახური მდგომარეობის გამო მას აღნიშნულ თანხაზე პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება. ამრიგად, საკასაციო საჩივრის ავტორი ითხოვს სასამართლომ გაითვალისწინოს აღნიშნული დოკუმენტი.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 აპრილის განჩინებით დ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1029-964-2012, 23 ივლისი, 2012 წ.), სადაც განმარტებულია მეუღლეთა საერთო ვალის გაყოფის წესი და სამართლებრივი საფუძვლები.

24. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 308.10 ლარის 70% – 215.67 ლარი.

27. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აქვე საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ახალი მტკიცებულების წარმოდგენით კასატორი წინააღმდეგობაში მოდის საკასაციო საჩივარში მის მიერვე წამოყენებულ პრეტენზიასთან, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა გ. ნ.ს მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულება (გ. ნ-ის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გაკეთებული, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება/თანხმობა) „01“ (ერთ) ფურცლად (ტომი 3, ს.ფ. 154).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ დ. ს-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს ე. გ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2016 წლის 29 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 308.10 ლარის 70% – 215.67 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. კასატორ დ. ს-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (გ. ნ-ის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გაკეთებული, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება/თანხმობა) „01“ (ერთ) ფურცლად (ტომი 3, ს.ფ. 154);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე