Facebook Twitter

№ ას-701-672-2016 24 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს კ-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი, დ. დ-ი, მ. მ-ე, ა. მ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. გ-მა, დ. დ-მა, მ. მ-ემ და ა. მ-ემ (შემდგომში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს კ-ი“ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

2. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულნი იყვნენ მოპასუხესთან თვითმცლელი ავტომანქანების მძღოლებად და იღებდნენ ხელფასს ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით. ბოლო შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელსა და მოსარჩელეებს შორის გაფორმდა 2013 წლის ივნისის თვეში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა იმავე წლის 30 სექტემბრამდე, თუმცა მოპასუხესთან მოსარჩელეებს შრომითი ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ და გაწეული სამუშაოსთვის იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას 30 სექტემბრის შემდგომაც.

3. 2014 წლის 21 აპრილს მოპასუხემ მათთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო), რაც მოსარჩელეთა აზრით, უკანონო იყო.

4. მოპასუხემ წარადგინა სარჩელის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ 2013 წლის ოქტომბერსა და 2014 წლის იანვარში მოსარჩელეებთან დადო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა 2014 წლის 21 აპრილს, რის გამოც კანონიერად შეწყვიტა მათთან შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ შპს კ-ი“ თვითმცლელი ავტომანქანის მძღოლებად; მოპასუხეს დაეკისრა მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 21 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის, ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მოპასუხესთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2013 წლის ივნისიდან. მოპასუხის მტკიცება, რომ 2013 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელეებთან დადო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა 2014 წლის 21 აპრილს, სასამართლომ არ გაიზიარა საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებზე არსებული მოსარჩელეთა ხელმოწერები არ იყო ნამდვილი. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელმოწერათა გაყალბების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდნენ სათანადო საგამოძიებო ორგანოები, აპელანტს კი აღნიშნულის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის ფაქტობრივად, ზეპირი ფორმით არსებული შეთანხმებით გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა ისე, რომ მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაზე, ხელშეკრულების ვადაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და განმარტა, რომ მოსარჩელეებთან მოპასუხის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით, რადგან მოსარჩელეებმა გააგრძელეს საკუთარი სამუშაოს შესრულება ისე, რომ დამსაქმებელს ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს და 2014 წლის 21 აპრილამდე იღებდა კიდეც მათ შესრულებას - სანაცვლოდ გასცემდა მათზე შრომით ანაზღაურებას. შესაბამისად, მოპასუხის გადაწყვეტილება შეეწყვიტა მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეწინააღმდეგებოდა კანონს და წარმოადგენდა ცალმხრივად ბათილ გარიგებას.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 11 პუნქტზე, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 5 ივლისიდან და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, სავალდებულო გახდა შრომითი ხელშეკრულების დადება წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდებოდა 3 თვეზე მეტ ხანს. ასევე დაწესდა, რომ 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება დაიშვებოდა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში (შრომის კოდექსის მე-6 მუხლის -12 პუნქტი).

11. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის ეს მოთხოვნა მოსარჩელეებთან მიმართებაში დაცული იყო: დამსაქმებელმა ყველა მათგანთან დადო წერილობითი ფორმით შრომითი ხელშეკრულებები, სადაც განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. მათში დაფიქსირებული ვადების ამოწურვის მიუხედავად, შრომითი ურთიერთობა იმავე პირობებით გაგრძელდა ყველა მათგანთან. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებები ხელახლა წერილობით არ გაფორმდა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენდა ისეთ არსებით დარღვევას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფორმის დაუცველად დადებული გარიგება უცილოდ ბათილი (არარა) გარიგებაა) გათვალისწინებული შედეგი. ამ ფორმალური მხარის მოწესრიგება მთლიანად წარმოადგენდა დამსაქმებლის ვალდებულებას და ამის გამო დასაქმებულნი პასუხს არ აგებდნენ.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელეთა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ვალდებულება. სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად მიიჩნია მოპასუხეთათვის მოსარჩელეთა მიმართ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრება.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

14. კასატორის განმარტებით, დავის საგანს წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი დავა. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა სახელშეკრულებო პირობებზე, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებაზე, რაც არ განხორციელებულა.

15. სახელშეკრულებო პირობები გამომდინარეობდა „სინოჰიდროს“ მიერ წარმოებული სამუშაოს სპეციფიკიდან და ცვალებადობიდან, რაც უპირობოდ გამორიცხავდა დაქირავებულთა ხანგრძლივი დროით ერთსა და იმავე სამუშაო ადგილზე აყვანას. სწორედ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შრომით ხელშეკრულებებში ცალსახად აისახა, რომ დამქირავებელს უფლება ჰქონდა დაქირავებულისთვის დაევალებინა სხვა სამუშაოს შესრულება, თუ საჭიროება აღარ მოითხოვდა იმ სამუშაოს შესრულებას, რისთვისაც ის იყო აყვანილი, ხოლო დაქირავებულს არ ჰქონდა უფლება უარი განეცხადებინა დამქირავებლის ამგვარ შეთავაზებაზე. კასატორის განცხადებით, მხარეებისთვის ეს პირობა ცნობილი იყო და მათ პრეტენზია არ განუცხადებიათ. 2014 წლის აპრილის თვეში მოსარჩელეებს შესთავაზეს სხვა თანამდებობაზე გადასვლა იმავე სახელფასო განაკვეთით, რაზეც მათ უარი განაცხადეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მათი იმავე პოზიციაზე დატოვება და შრომითი ურთიერთობის გაგრძელება.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შპს კ-ი“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცასო კოდექსის 391-ე მულის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს კ-ი“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-371-349-2014, 31 ივლისი, 2014 წელი), სადაც განმარტებულია ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებისა და მისი შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს კ-ი“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს კ-ი“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს შპს კ-ი“ (ს/ნ: ...) დაუბრუნდეს ბ. ღ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2016 წლის 20 ივლისს №11 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე