№ ას-432-415-2016 10 თებერვალი 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. გ-ი, სს ს-ი", ლ. ჯ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სამკვიდროდან წილის მიკუთვნება, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ. გ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „აპელანტი“, ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. გ-ის, სს ს-ისა" და ლ. ჯ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ სამკვიდროდან წილის მიკუთვნებისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
2. მოპასუხე სს ს-მა" წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ს-ის" წარმომადგენლის შუამდგომლობა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა; ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინებით ლ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 12 იანვარს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომისა და მასზე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე სათანადოდ იყო ინფორმირებული. კერძოდ, ლ. გ-ის მიერ სარჩელში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (...) 2016 წლის 4 იანვარს განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე აპელანტის შვილს, ბ. გ-ს ეცნობა დანიშნული სასამართლო სხდომის თარიღი, თუმცა ლ. გ-ი პროცესზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-73-ე მუხლებით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 233-ე მუხლით და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო რაიმე ისეთი საპატიო გარემოება, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას გამორიცხავდა.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მისი შვილი, ბ. გ-ი მასთან მუდმივად არ ცხოვრობდა, მის მიმართ განხორციელებული სატელეფონო შეტყობინება არ უნდა ჩათვლილიყო უწყების ჩაბარებად. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სატელეფონო შეტყობინება განხორციელდა იმ ნომერზე, რომელსაც ლ. გ-ი თავის სააპელაციო საჩივარში უთითებდა. ამასთან, აპელანტის დაბარება მის მიერ მითითებული აღნიშნული სატელეფონო ნომრის მეშვეობით სხვა დროსაც ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა სატელეფონო გზით უწყების ჩაბარების შესაძლებლობას იძლეოდა, სასამართლო უწყებას მხარეს მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე აბარებდა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. გ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
11. კასატორის განცხადებით, საქმის მასალებით არ დასტურდება აპელანტისთვის სასამართლო უწყების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაგზავნის ფაქტი. სასამართლო დაკმაყოფილდა ოჯახის არაწევრ პირთან სატელეფონო კომუნიკაციით და არ შეეცადა წერილობითი ფორმით გაეგზავნა შეტყობინება იმ რეგისტრირებულ მისამართზე, რომელიც ასევე მითითებული იყო სარჩელში. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ლ. გ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 10 ნოემბერს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე 2016 წლის 4 იანვარს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა აპელანტის შვილს, ბ. გ-ს. მასვე ეცნობა აპელანტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ (იხ. ს.ფ. 276). ამასთან, სატელეფონო შეტყობინება განხორციელდა თავად აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე - ....
17. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რის საფუძველზეც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს. კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
19. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).
20. მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები - სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 12 იანვარს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. განსახილველ დავაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
22. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე იგი მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით უწყების ჩაბარებას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს ევალებოდა მისთვის რეგისტრირებულ მისამართზე გაეგზავნა შეტყობინება სხდომის თარიღის შესახებ.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სსსკ 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამდენად, ზემოთ დასახელებული საპროცესო ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ სასამართლო თავად წყვეტს საკითხს იმის თაობაზე, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამასთან, უწყების გაგზავნის რომელი ფორმაც არ უნდა გამოიყენოს სასამართლომ, მთავარია, უზრუნველყოს მხარის დროული ინფორმირება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების თაობაზე. ამავე დროს, ადრესატის ოჯახის წევრისთვის შეტყობინების დატოვება სრულ შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება (იხ. სუსგ №ას-125-119-2013, 20 მაისი, 2013 წელი).
24. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სასამართლო უწყების თაობაზე სატელეფონო შეტყობინება სასამართლომ განახორციელა სწორედ აპელანტის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე - ... და 2016 წლის 12 იანვარს 14:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე აცნობა აპელანტის შვილს, ბ. გ-ს, რომელმაც იკისრა დედისათვის შეტყობინების გადაცემის ვალდებულება (იხ. ს.ფ. 276). საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ იმავე ტელეფონის ნომერზე სასამართლო მოხელის მიერ განხორციელებული სატელეფონო შეტყობინებებით ლ. გ-ს შვილის, მ. გ-ის მეშვეობით არაერთხელ ეცნობა სხვა სასამართლო სხდომების თაობაზე (იხ. ს.ფ. 244, 249, 262), რაც მას სადავოდ არასდროს გაუხდია. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მხარის ინფორმირება სხდომის დანიშვნის თაობაზე. შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ კანონით გათვალისწინებული რომელი ფორმით გააკეთა ეს სასამართლომ.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლო სხდომაზე მისი კანონით დადგენილი წესით მოუწვევლობის თაობაზე. შესაბამისად, საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. ამრიგად, სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი ძალაში. რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე