№ ას-360-345-2016 1 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ. რ-ი, ბ. რ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. რ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბ. რ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. და ბ. რ-ების (შემდგომში „მოპასუხეები“, „საკასაციო საჩივრის ავტორები“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის, როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრეებისათვის, თანხმობის გაცემის დავალება მოსარჩელის მიერ აშენებული სახლის, ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, შემდგომი ლეგალიზაციისათვის.
2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხეებსა და დ. ს-თან (მოსარჩელის მეუღლე) ერთად თანასაკუთრებაში აქვს ქ. თბილისში, II ახალი ა. ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 538 კვ.მ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი - 137,79 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 54.95 კვ.მ), რომლის 12/44 ნაწილი ეკუთვნის ბ. რ-ს, 21/44 ნაწილი - ბ. რ-ს, 1/8 ნაწილი - ბ. რ-ს და 1/8 ნაწილი - დ. ს-ს.
3. 2004 წლის მიწისძვრის შედეგად შენობის დაზიანების გამო მოსარჩელემ ძმებთან შეთანხმებითა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით ააშენა სახლი, რომლის ლეგალიზაციისთვის საჭიროა თანამესაკუთრეთა თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობა ექვემდებარება დემონტაჟს. ვინაიდან მოპასუხეები არ გასცემენ თანხმობას, მოსარჩელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ქმედების მათთვის დავალების მოთხოვნით.
4. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიერ მისი სურვილის შესაბამისად განხორციელებული მშენებლობის დასრულება და დაკანონება არღვევს მომიჯნავედ მცხოვრები თანამესაკუთრეების ინტერესებს, რადგან მოსარჩელის სახლიდან ღიად მოჩანს მათი ფართები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს დაევალათ ქ. თბილისში, II ახალი ა. №...-ში მდებარე ბ. რ-ის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შემდგომ ლეგალიზაციისათვის თანხმობის გაცემა.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში მონაწილე მხარეები წარმოადგენენ ქ. თბილისში, II ახალი ა. ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) თანამესაკუთრეებს - ბ. რ-ს ეკუთვნის - 1/8 ნაწილი, ბ. რ-ს - 12/44 ნაწილი, ბ. რ-ს - 21/44 ნაწილი, დ. ს-ს -1/8 ნაწილი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბ. რ-ის სარჩელი ქ. თბილისში, II ახალი ა. ქ. N...-ში მდებარე უძრავი ქონებაზე ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ნივთზე - მდებარე თბილისი, II ახალი ა. N... (მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 538 კვ.მ., შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი - 137,79 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 54,95 კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N...) მისი რეალიზაციის გზით და დადგინდა საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეებზე მათი წილების შესაბამისად განაწილება, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.
11. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. რ-ს 2004 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლის, კერძოდ, მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ლეგალიზების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულების შესაბამისად, ესაჭიროებოდა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა თანხმობა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით და განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს.
13. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედ მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე და დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ მიუთითეს რაიმე მნიშვნელოვან გარემოებებზე თუ შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო ლეგალიზების შესახებ თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება წარმოადგენდა უკანონო ნაგებობას და შესაბამისად, მას შენობის სალეგალიზაციოდ უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვისთვის ესაჭიროებოდა თანამესაკუთრეთა თანხმობა. მოსარჩელე უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება - ქონების ლეგალიზების შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე დასაბუთებული არგუმენტები კი მოპასუხეებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული, დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა, რის გამოც მათი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. და ბ. რ-ებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. საკასაციო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, მართალია, სასამართლომ სამართლიანად განსაზღვრა, რომ მოსარჩელეს მისი სახლის ლეგალიზაციისათვის ესაჭიროებოდა მათი თანხმობა, მაგრამ არ გაუთვალისწინებია, რომ თანხმობის გაცემა/არ გაცემა მათ უფლებას წარმოადგენს.
18. კასატორთა მითითებით, მოსარჩელემ არაერთგზის გამოიყენა ბოროტად საკუთარი უფლებები მათთვის ზიანის მისაყენებლად და დღესაც განაგრძობს მსგავს ქმედებას, რაც მისი მხრიდან დაზიანებული სახლის აღდგენაზე მოპასუხეთათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმით გამოიხატება.
19. ამასთან, 2013 წლის 28 მაისის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არა აქვს ლეგალიზაციაზე თანხმობის გაცემასთან და ხელს არ უშლის სახლმფლობელობის რეალიზაციას. აღნიშნული გადაწყვეტილებით მხარეებს დაევალათ ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილება, შესაბამისად, დავის საგანი არ არსებობს.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით ბ. და ბ. რ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. და ბ. რ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად:
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1535-1438-2012, 18 თებერვალი, 2013 წელი; სუსგ №ას-1200-1129-2012, 29 ოქტომბერი, 2012 წელი), სადაც განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის (უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა) გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
26. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. და ბ. რ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ. და ბ. რ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ბ. რ-ს (პ/ნ: ...) და ბ. რ-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეთ მ. ლ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2016 წლის 25 აპრილს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე