Facebook Twitter

№ ას-735-703-2016 28 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ო. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ნ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ო. ბ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ნ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ქონების, 25 000 ლარის მის სასარგებლოდ დაკისრება.

2. მოსარჩელის ახსნა-განმარტების შესაბამისად, მოპასუხე იყო მისი ბიძა (დედის ძმა), რომელსაც უვლიდა დაბა ა.ში მცხოვრები მ. გ-ი. აღნიშნული პირის სასარგებლოდ მოპასუხეს შედგენილი ჰქონდა ანდერძი, თუმცა მხარეთა შორის შედგა შეთანხმება იმ პირობით, რომ თუ მოსარჩელე მ. გ-ს გადასცემდა კუთვნილ გასამრჯელოს 10 000 ლარს, მოპასუხე მის სახელზე გაცემულ ანდერძს გააუქმებდა და თავის ქონებას უანდერძებდა მოსარჩელეს. ამასთან, მოსარჩელეს უნდა აეღო მოპასუხისა და მისი ქონების მოვლის ვალდებულებაც.

3. მ. გ-ისათვის თანხის გადახდის მიზნით, მოსარჩელემ ბანკიდან სესხად აიღო 10 000 ლარი. მოპასუხემ გააუქმა მ. გ-ის სახელზე შედგენილი ანდერძი და მთელი თავისი ქონება უანდერძა მოსარჩელეს, რის შემდეგაც, შეთანხმებისამებრ, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსარჩელე უვლიდა მოპასუხესა და მის ქონებას.

4. მას შემდეგ, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე აპირებდა მის სახელზე გაცემული ანდერძის გაუქმებას და სხვა მომვლელის მოძებნას, მან გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა იმ ხარჯების ანაზღაურება, რაც მისი მოსაზრებით, ამ ხნის განმავლობაში გასწია შ. ნ-ის ქონების გასაუმჯობესებლად. მოსარჩელის განცხადებით, ბანკიდან აღებული 10 000 ლარის დასაფარად მან გადაიხადა 12 200 ლარი, ასევე ამ პერიოდში ორიდან შვიდ სულამდე გამრავლდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. შესაბამისად, მის მიერ გაწეული ხარჯი, რომლითაც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, შეადგენდა 25 000 ლარს.

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.

6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ო. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით ო. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე არის მოსარჩელის ბიძა (დედის ძმა), რომელმაც 2013 წლის 5 თებერვალს სანოტარო წესით შედგენილი ანდერძის საფუძველზე მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება უანდერძა მოსარჩელეს, თუმცა ამჟამად აღნიშნული ანდერძი გაუქმებულია. ასევე დადგენილი იყო, რომ 2013 წლის 31 იანვარს ო. ბ-ემ სს „საქართველოს ბანკიდან“ კრედიტის სახით აიღო 10 000 ლარი.

10. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უვლიდა მოპასუხეს და მის სახლ-კარს (ბაღ-ვენახებს, მხსვილფეხა პირუტყვს და ა.შ.), თუმცა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და მხარეებიც არ ხდიდნენ სადავოდ იმ გარემოებას, რომ მათ შორის აღნიშნულის შესახებ რაიმე წერილობითი დოკუმენტი არ გაფორმებულა. ამასთან, მართალია მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის მიერ ბანკიდან სესხის აღება მოხდა მოპასუხესთან შეთანხებით, ვინაიდან შ. ნ-ეს 10 000 ლარი უნდა გადაეხადა მ. გ-ისათვის, თუმცა საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შ. ნ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად მითითებული თანხის ო. ბ-ის მიერ გადახდის ფაქტი.

11. სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა შ. ნ-ისათვის მისი მოვლის საფასურის 10 000 ლარის დაკისრების შესახებ და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა შ. ნ-ისა და მისი მეურნეობის მოვლის შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა. სარჩელზე მტკიცებულების სახით დართული ანდერძი და საკრედიტო ხელშეკრულება კი სასამართლომ არ მიიჩნია სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებებად.

12. სააპელაციო პალატამ მიუთითა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 ივნისის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე და აღნიშნა, რომ საოქმო გაჩინება აპელანტის მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა მისი კანონიერება.

13. სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში არსებულ ხელწერილზე (იხ. უზრუნველყოფის ტომი, ს.ფ. 31), რომელზეც მხარეს არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში მიუთითებია. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლომ გამოიკვლია აღნიშნული ხელწერილი და მოისმინა მხარეთა პოზიციებიც, თუმცა მიიჩნია, რომ მხოლოდ ამ ხელწერილზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დადგენა.

14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სადავო გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო სარჩელით მოთხოვნილი თანხა - 25 000 ლარი, რის შედეგადაც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ო. ბ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

16. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, არც პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ზეპირი შეთანხმება საკმარისად არ მიიჩნიეს ვალდებულების წარმოშობისთვის. სასამართლომ არც იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ მოპასუხე არ უარყოფდა ო. ბ-ის მიერ მ. გ-ისთვის მისი მოვლის სანაცვლოდ თანხის გადაცემის ფაქტს. რაც შეეხება მტკიცებულების სახით მოპასუხის მიერ წარდგენილ ხელწერილს, რომელზეც უთითებს სასამართლო, რომ მოსარჩელეს იგი არ წარუდგენია, კასატორის განცხადებით, აღნიშნული ხელწერილი მას არ ჰქონდა და ამიტომაც ვერ წარადგინა. ამასთან, სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა ხელწერილის შინაარსს, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ თუ მოსარჩელე მოპასუხის მოვლის სანაცვლოდ არ მისცემდა მ. გ-ს 10 000 ლარს, ის კვლავ რჩებოდა შ. ნ-ის მომვლელად.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და დადგენილია, რომ მხარე, რომელიც მისი სადავო უფლების სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს, ვალდებულია, სარწმუნოდ დაადასტუროს და თავადვე წარადგინოს მისი მოთხოვნის მართებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით ამომწურავადაა რეგლამენტირებული მხარის საპროცესო უფლებები და აღნიშნულია მის მიერ მტკიცებულებათა წარდგენის აუცილებლობის თაობაზე. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია მტკიცების სტანდარტი და დადგენილია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. კანონის დასახელებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

21. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.

22. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებს და თვლის, რომ კასატორის მითითება მხარეთა შორის არსებულ ზეპირ შეთანხმებაზე მოპასუხის მოვლის შესახებ, ასევე საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, რომლის შესაბამისად, დადასტურებულია მოსარჩელის მიერ ბანკიდან სესხის სახით 10 000 ლარის აღება, არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარჩელით მოთხოვნილი თანხის - 25 000 ლარის მიღებას, რის შედეგადაც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

24. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან აღნიშნული ნორმის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

27. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე