Facebook Twitter

საქმე №ას-1101-1058-2016 13 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ნ-ი"(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ჩ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს ნ-მა" (შემდგომში „მოსარჩელე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ჩ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

2. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 19 ოქტომბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 თებერვლის საოქმო განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ნ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის შესავსებად. ხარვეზის განჩინება შპს ნ-ის“ ოფის-მენეჯერს, თ. ე-ეს ჩაბარდა 2016 წლის 7 ოქტომბერს, შესაბამისად, აპელანტს ხარვეზის შევსება შეეძლო 2016 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი შეავსო ერთი დღის დაგვიანებით, 2016 წლის 18 ოქტომბერს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 368-ე მუხლების მიხედვით, არსებობდა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

10. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის ორგანიზაციის ოფის მენეჯერის მიერ ხარვეზის განჩინების ჩაბარების ფაქტს, თუმცა აღნიშნავს, რომ გზავნილი მენეჯერმა რეალურად ჩაიბარა 2016 წლის 8 ოქტომბერს და კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელს იგი გადასცა ორის დღის შემდეგ, 2016 წლის 10 ოქტომბერს. მიუხედავად ამისა, ხარვეზის ვადის ათვლა ორგანიზაციისთვის დაიწყო 8 ოქტომბრიდან (უფლებამოსილი პირის მიერ მისი ჩაბარებიდან) და ამოიწურა 2016 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც წარადგინა კიდეც აპელანტმა სასამართლოს განჩინებით მოთხოვნილი დოკუმენტები. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მან დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ნ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 296 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა (იხ. ს.ფ. 105-107).

14. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება აპელანტს გაეგზავნა 2016 წლის 6 ოქტომბერს და ორგანიზაციის წარმომადგენელს, თ. ე-ეს ჩაბარდა იმავე წლის 7 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 109), ხოლო აპელანტმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით სასამართლოს მიმართა 2016 წლის 18 ოქტომბერს (იხ. 110-125), ანუ ერთი დღის დაგვიანებით.

15. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მის მიერ გზავნილის ჩაბარების თარიღს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ორგანიზაციას ჩაბარდა არა 2016 წლის 7 ოქტომბერს (როგორც ამაზე სასამართლო მიუთითებს), არამედ იმავე წლის წლის 8 ოქტომბერს, შესაბამისად, მისთვის დაწესებული ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2016 წლის 18 ოქტომბერს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია სასამართლოს მიერ პროცესის მონაწილე მხარისათვის გზავნილის ჩაბარების წესი. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ ის ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

17. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

18. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ნ-ს“ ხარვეზის დაწესების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება ჩაბარდა ზემოაღნიშნული წესის დაცვით: კერძოდ, გზავნილზე მითითებულია ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა, ასევე ორგანიზაციაში კურიერის ვიზიტისა და, შესაბამისად, გზავნილის კომპანიისთვის ჩაბარების თარიღი, 2016 წლის 7 ოქტომბერი (იხ. ს.ფ. 109). საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კი კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლოს მიერ გზავნილის ჩაბარების არასწორად მიჩნევის შესახებ დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება.

19. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

20. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტს სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინება ხარვეზის დაწესების შესახებ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ხოლო მან განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით მიმართა სასამართლოს ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ნ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე